1

2.5K 105 52
                                    

ისევ ცრიდა.
ცრიდა და მთელი ნაღველი იფრქვეოდა ზეციდან.
მოძველებულ სახლებს სისველე სულ არ ეტყობოდათ, ერთობ საუკუნის მუქი კედლების გამო, ისედაც ასეთი შესახედაობა ჰქონდათ. უბრალოდ იდგნენ არც თუ ისე ამაყად და იმზირებოდნენ. გაჰყურებდნენ ქუჩას, რომლის ძველი ასფალტის აცვენილი ნაწილი, უხეშად იყო მიმოფანტული, ხოლო ამოთხრილ ორმოებში, გუბეები ჩამდგარიყო. ზოგი იმხელა იყო, ადამიანი თავისუფლად ჩავარდებოდა და იქნებ დამხრჩვალიყო კიდევაც. ვინ იცის, რა ისტორიას იტევდა ეს ძელი ქუჩები, რა ასავალ-დასავალი ჰქონდა, ან რა აღარ მომხდარა ამ მუქ კედლებში, სისველე რომ სულ არ ეტყობოდა. ვინ იცის? ვინ იცის და არც არავინ.
ყოველთვის რაღაც უცხო სუნი იდგა ხოლმე ამ ქუჩაზე. კონკრეტულად თქმა, თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ პიტნის არომატის გარჩევა, შესაძლებელი ხდებოდა. უთქვამთ, უწინ აქ ბევრ პიტნას ჰყიდიდნენო, მაგრამ ეს რამდენად სიმართლეა, არავინ იცის. თუმცაღა, დასაჯერებელი ამბავია, რატომაც არა.
გზას რომ გაუყვებოდი, სადგურის მხარეზეც გახვიდოდი. იმდენად ძველი სადგური იყო, მატარებლის მოახლოვების გამო, ზოგჯერ ისეთი ჭრიალი გაისმებოდა, გეგონება, ეგაა და მეხი ჩამოვარდაო. გამვლებებს შეეშინდებოდათ ხოლმე უცებ, თუმცა აქ მცხოვრებ ხალხს რას მოკითხავ. მათთან მართლა მეხი რომ ჩამოვარდნილიყო, ალბათ არც ეგ შეაშინებდათ. აუტანელი აწმყოდან გაქცევა, მხოლოდ ახალგაზრდებს უნდოდათ, თუმცა გულში ისინიც გრძნობდნენ, რომ ამაზე მხოლოდ ფიქრი შეიძლებოდა და რომ ასეთ ფიქრს, ასრულება მაინც არ ეწერა. ისინი ამ ბედისთვის დაიბადნენ და მორჩა. არც დასაწყისი იციან და ბოლო ხომ საერთოდ ისე მიეცემა წარსულს, ვერავინ გაიგებს.
სახლებს მოწყენილი ფანჯრები ჰქონდათ. ამას ყველა როდი ხვდებოდა, მაგრამ ცოტა დაკვირვება იყო საჭირო და ფორმაც მიგახვედრებდა, რომ ტირილის პირას იყვნენ.
ცოტათი ყურს თუ დაუგდებდით, ოდნავ შესამჩნევ ზარის რეკვასაც გაიგებდით. ქუჩის ბოლოს პატარა ტაძარი იყო. ტაძარიც არ ერქვა, უფრო ძველი ნანგრევი, რომლის აღდგენაც სცადეს და ახლა უიმედო ხალხის თავშესაფრად იქცა, რომლებიც, ვინმე მაღალ ღმერთს დახმარებას სთხოვენ, სანამ შიმშილით მოკვდებოდნენ. ბევრს ამ ადგილზევე განუტევებია სული და ცოტა ირონიულიც კი გამხდარიყო, სიცოცხლის სურვილით მოსული, მკვდარი რომ გაუსტუმრებია ხსენებულ მაღალს.
სევდა იყო ერთადერთი სიტყვა, რომელიც ამ მთელ ამბავს აღწერდა, ალბათ.
მაგრამ, სადაც აქამდე მოსულან, ასე ერთიანადაც ვერ გაქრებოდნენ. ეს იყო მათი წუთისოფელი. კიდევ რჩებოდა დრო წასვლამდე.

Dancing in the shadowWhere stories live. Discover now