ჰართფორდის ტბასთან ახლოს ვზივარ და ვუყურებ როგორ დაცურავენ თეთრი გედები. ცა მოღრუბლულია და დიდი ვარაუდით დღესვე იწვიმებს. დღეს ჰართფორდი, ხვალ ალბათ რომელიმე სხვა ქალაქი, რომელიმე სხვა დაწესებულება. ახალი ხალხი და ახალი სამიზნე. არტემისი იქამდე ირბენს, სანამ არ დაიღლება. სანამ რომელიმე ქუჩის კუთხეში არ მიიმწყვდევენ. არა და როგორ მძულს, როცა მზღუდავენ. როცა საკუთარი მიზნისკენ ვერ გავრბივარ, როცა ისე არ გამოდის, როგორც მე ვფიქრობ. მე ხომ შემიძლია ხალხზე მანიპულაცია, მე შემიძლია მოვიტყუო, ვითამაშო, რაღაც გავაფუჭო.. ესაა ყველაფერი რასაც ვაკეთებ ან ვაკეთებდი. და გავაკეთებ, რაც მთავარია. სამი დღის წინ ბარში ზეინი მომეჩვენა. უფროსწორად, იმდენად მახრჩობს დამარცხებულად ყოფნა, რომ მინდება ცოცხალი იყოს. კიდევ მქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ ამ სამყაროში გავუთანაბრდე. მძულს და იცოდა კიდეც. მაგრამ მენატრება ის გრძნობა, რასაც ჩემდამი განიცდიდა. ეგოისტი ვარ. არავინ მიყვარს, მაგრამ ვგიჟდები, როცა ვხვდები რომ სხვას ვუყვარვარ. ზეინის შემდეგ ძალიან ბევრმა მითხრა ეს სიტყვა, თუ არა, საქციელით მაინც მაგრძნობინა. მას შემდეგ იგი ჩვეულებრივად მესმის. ზეინი პირველი ადამიანი იყო, ვინც ეს მითხრა. ალბათ ამიტომაც შეძლო ჩემი მოგერიება. -თავიდანვე იცოდი, რასაც აკეთებდი, ნაბიჭვარო..- ვამბობ ხმადაბლა, ოდნავ მეღიმება, მერე კი ლუდს ვსვამ. საოცარია, ახლა ის მიწაში წევს, მაგრამ თავს მაინც დამარცხებულად ვგრძნობ. აღარ არის, მაგრამ ეს არ მახარებს. პირიქით, ნერვებს მიშლის. ამდენი წლის მანძილზე პირველად გამახსენდა ზეინი ამდენჯერ. ბარში ვიღაც იდიოტი მის სუნამოს იყენებს და ამის ბრალია. კარგად მახსოვს, მისი შეხებები, სიარულის უცნაური მანერა, თავმომწონე საუბარი და პატარა ეშმაკური ხრიკები. ყველაფერი მახსოვს, თანაც მძაფრად. ალბათ იმიტომ რომ პირველი სიტუაცია აღმოჩნდა, სადაც საკუთარ თავს გავუგე, ოდნავ. -ნეტავ რომელ ჯოჯოხეთში დაგასაფლავეს..- მეცინება. ცარიელ ქილას ნაგავში ვაგდებ და ფეხზე ვდგები. პარკში არც ჯეკი და არც ალექსი ჩანან. ვფიქრობ შესანიშნავი დროა ბარში წასასვლელად. იმედი მაქვს ალექსი თავის ადგილზე დამხვდება. ბარში შევდივარ. აქაურობა ცარიელია, რადგან ნოი დილით წავიდა ბელასთან ერთად. დაცვა კი ვახშამისთვის ემზადება. ვფიქრობ იდეალური დროა, რომ რაღაცები დავაზუსტო. ცინა და ჯეიდა საღამომდე არ დაბრუნდებიან. ალექსი კი როგორც ჩანს საპროგრამო ოთახში ნოის ჩასვრილ საქმეებს წმენდს. -ალექს?- ვყვირი ხმამაღლა. ოთახში კომპიუტერის ბაცი შუქი ქრება და კარი იღება. -რა გინდა?- თვალის უპეები უძილობისგან ჩაშავებია. ან ნოი ამუშავებს ძალიან დიდხანს, ან კი ღამით არ სძინავს იმის გამო რომ სინდისი ქენჯნის. ნეტავ როგორი გრძნობაა? დამავიწყდა. -ჩამოდი.- ვეუბნები და სასმელებისკენ მივიწევ. კიბეებზე სწრაფად ჩამორბის. -ვიდეოკამერები უნდა აკონტროლო, სულ ხუთი წუთი მჭირდება. არავინ უნდა მომიახლოვდეს არეალზე, გასაგებია?- -რა ჯანდაბა ჩაიფიქრე?- ხელებს აჯვარედინებს. -უბრალოდ გააკეთე რასაც გეუბნები და მერე შეგიძლია შენს საქმეს მიხედო.- -კარგი, მაგრამ იცოდე ფრთხილად იყავი.- -კარგი დედა.- ირონიულად ვიცინი, მერე კი ბარს ვათვალიერებ. ჩემს ირგვლივ არავინაა. ნოის კაბინეტისკენ მივიწევ. კარს ფრთხილად ვაღებ, ოთახში შესული ვიდეოკამერას ხელს ვუქნევ, საიდანაც ახლა ალექსი მაკვირდება. ნოის სამუშაო მაგიდას ვუახლოვდები. პირველი უჯრა დაკეტილია, მაშინვე მესამე უჯრისკენ მივიწევ,თუმცა როგორც ჩანს აქედან გასაღები აუღია. ნერვები მეშლება. დროში რომ არ დავიწვა ბანგკოკის რუკასთან მივდივარ, მაღლა ვწევ და ჰოი საოცრებავ, აქ სეიფი აქვს. ასეც ვიცოდი. რას შეინახავს ამ სეიფში წარმოშობით ტაილანდელი კაცი, რომელიც მდიდარი ცოლის შერთვის შემდეგ გამდიდრდა? ფულს, ან რაიმე სხვა სი*ობას, რაც მე არაფერს მარგებს. ისევ უჯრებს ვუბრუნდები. საბუთები, ბელას და მისი ხელშეკრულება. მისი ცოლის ფოტოები, ო როგორ ჰყვარებია. ფოტოს კამერასთან ვაფრიალებ, ალექსმაც დაინახოს და გაიზიაროს ეს საყვარლობა. ვიცინი. მისი ოჯახის ფოტო.. ფოტოს უკან დაბრუნებას ვაპირებ, როცა სახეებში ნაცნობ ფიგურას ვლანდავ. შეუძლებელია. ზოი?! ახლა მართლა გაოცებული ვარ. აი თურმე საიდან მეცნობოდა ეს კაცი. ფოტოზე ნოის დედ-მამა და ზოია გამოსახული. ამერიკის რომელიღაც ქალაქში, ქუჩაში დგანან. ზოი აქ ძალიან პატარაა, ნოი კი თინეიჯერი. ახლა გასაგებია, რატომაც აქვს საუბრისას აქცენტი. ზოი.. არ მეგონა შენი პიროვნება თუ ოდესმე გაახსენდებოდა ჩემს გონებას. ჯერ კიდევ მაშინ დეტროიტში, როცა ყველა თავს იცავდა ამორჩევის პერიოდში, ზოის შევხვდი. აშკარად დაკარგული იყო ჩვენს ქალაქში. დეტროიტი მუდმივად კონტროლირებადი იყო, ამიტომ მის ოჯახთან კონტაქტზე ვერ გადიოდა. ბევრჯერ გვილაპარაკია, წყნარი და სათნო გოგო იყო. ის მოგონებები მიტივტივდება თავში, ნოას რომ ძალიან სურდა ჩემთან კავშირი ჰქონოდა. იმ სუფთა და კეთილი გულის მქონე ბიჭს, ზეინთან ტყვეობაში რომ გადავეყარე. მგონი ახლა ისიც მკვდარია. ო, არტემის.. სადაც აბიჯებ იქ სიცოცხლეს აჭკნობ. ზოის ნოა უყვარდა. ეგოისტობდა ხოლმე, რადგან ნოას ყურადღება მხოლოდ ჩემზე ჰქონდა გადმოტანილი, მიუხედავად იმისა რომ ნაბიჯს ვერ დგამდა. მაშინაც სასიამოვნო იყო მასთან თამაში. ნოამ ზოის გული არ ატკინა, ამიტომაც მივიჩნევდი სუსტად და უსუსურად. მე კი ისე მოვიქეცი, რომ ამორჩევის პერიოდში ჩვენი უბნიდან ზოი წაეყვანათ. ასეც მოიქცნენ, წაიყვანეს და დღეს ისიც მკვდარია. ზუსტად ამას ვერ მპატიობდა ნოა მაშინ და სიმართლე ვთქვა, საერთოდ არ მაღელვებდა ან მაღელვებს, ეს ფაქტი. არ ვიცი ნოის საიდან ვეცნობი, მაგრამ დიდი შანსია გაიგოს, რომ მისი დის მკვლელობაში ჩემი ხელი ურევია. უფროსწორად, მე გავიმეტე მისი და სასიკვდილოდ. მაშინაც ეგოისტი ვიყავი და დღეს ამაში არაფერი შეცვლილა. ფოტოს უკან ვაბრუნებ, ყველაფერს თავის ადგილზე ვტოვებ და კაბინეტიდან გავდივარ. ვიცოდი რომ ამ კაცის ირგვლივ რაღაც იმალებოდა, მაგრამ ამდენს ვერ წარმოვიდგენდი. საინტერესოა, რა მოხდება თუ გაიგებს, რომ მისი დის მკვლელობა ჩემი ნახელავია. შემოსასვლელი კარი იღება, ბელა და ნოი ბარში შემოდიან. მათ თავს ვარიდებ და გამოსაცვლელში შევდივარ. ჩემს ნივთებს მაგიდაზე ვალაგებ და საკუთარ თავს ჩამსხვრუელ სარკეში ვუყურებ. ჯერ კიდევ არ გამოუცვლიათ. ამის დანახვაც კი მაღიზიანებს, რადგან იმ არასასიამოვნო ხუთ წუთს მახსენებს, წესიერად რომ ვერ ვხსნი. კარზე კაკუნია. -შემოდი.- კარი იღება და ალექსი ოთახში შემოდის. -ყველაფერი რიგზეა?- ვეკითხები ხმადაბლა. -კი, კარგ დროს გამოხვედი იქედან.- აღელვებული სახე აქვს. -ეგ არაფერი.- ვიცინი. -უჯრებში რა იპოვე?- -მისი ოჯახის ფოტოები.- -მერე?- -არაფერი ისეთი. ხო, უკვე გეცოდინება რომ რუკის უკან სეიფი აქვს.- -ჰო, ვიცი.- ერთხანს ჩუმდება და ისე მიყურებს, თითქოს რაღაცის გაგება უნდა. -არ ვიცი, მაინც მგონია რომ რაღაცას მალავ.- -მე სულ რაღაცას ვმალავ ალექს და შენთვის უკეთესია, ნაკლები თუ გეცოდინება.- მგონი ასე ადამიანს პირველად ველაპარაკები. თითქოს მაღელვებდეს რა მოუვა. მართალია არ მაღელვებს, მაგრამ ვფრთხილობ რომ ზედმეტად ფეხებში არ ამებლანდოს. ეს ორივესთვის უკეთესი იქნება. -კარგი, აღარ ჩაგეძიები.- -ბაოსთან დაკავშირებას როდის აპირებ?- -დღეს, შენი გამოსვლა როგორც კი დაიწყება.- -ძალიან კარგი.- დარბაზში ხმაური ეტაპობრივად იმატებს, რაც გვანიშნებს რომ ბარი თავის დღეს ახლა იწყებს. სახეზე ოდნავ მაკიაჟს ვიმატებ, საღამოსთვის ვემზადები. ალექსი ამ ხნის განმავლობაში სავარძელში ზის და მობილურიდან თავს არ იღებს. კაბების ფერებს ვაკვირდები, წითელი ისევ მისკენ მიზიდავს. მონაცრისფრო კაბებს საკიდებიდან ვხსნი და კარადაში ვისვრი. -რა გჭირს?- გაკვირვებული მეკითხება ალექსი. -არაფერი, უბრალოდ ეს კაბები ძალიან არამოდურია.- მხრებს იჩეჩავს და ფეხზე დგება. სანამ ოთახიდან გავიდოდეს, ჩერდება და მიყურებს. -არტემის..- -რა?- -გუშინ რა დაგემართა?- მეკითხება, თვალებში დაჟინებით მიყურებს, მერე კი სარკეს ათვალიერებს. რამდენიმე წამი ხმას არ ვიღებ, უბრალოდ ვუყურებ, მინდა ახსნის გარეშე გაიგოს რაც ვარ. -კარგი, არ მიპასუხო, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს.- კარში გადის და მსუბუქად ხურავს. თითქოს არ ადარდებსო, თუმცა ასე არაა. დარწმუნებული ვარ სურს ჩემთან უფრო ახლოს იმეგობროს. დარწმუნებული ვარ ამით ზიანის გარდა ვერაფერს მიიღებს. -გამარჯობა.- ოთახში სიბელი შემოდის და მისი გატეხილი ინგლისურით მესალმება. -გამარჯობა სიბელ.- -სანამ ბელა და მია დაასრულებენ სიმღერას, მანამდე ერთ სიმღერას ვიმღერებ.- მაფრთხილებს და თავის საფირმო შავ კაბას იცვამს. -კარგი, მაგრამ თუ სიმღერა არ გინდა, არ იმღერო.- -საიდან იცი რომ არ მინდა?- -გეტყობა. ჯეიდამ მითხრა ავად არისო.- სიბელი მართლაც ცუდად გამოიყურებოდა. -ჰო, დღეს ცოტათი უკეთ ვარ.- -რა გჭირდა?- ინტერესით ვეკითხები. -შენ უყვები ვინმეს საკუთარ თავზე, არტემის?- სარკესთან დგას, ბაგეებს ოდნავი ღიმილი უპობს. სიგარეტის ღერს უკიდებს და ეწევა. -კი, საკუთარ თავს.- ვიღიმი. -ოდესმე, ძალიან მოგინდება ვინმესთან ჩამოჯდე, მუხლებში ჩაუვარდე და მოუყვე რომ დაიღალე. არა გარემოებებით, არა ხალხით, არამედ საკუთარი თავით. შენ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ხარ, მეტის ატანა შეგიძლია. მე უკვე დამჭკნარი ვარ და დღითიდღე უფრო მეტად ვჭკნები.. შენს ასაკში ადამიანები ძალიან მაღელვებდნენ. ო, ადამიანები.. დღემდე ასეა, დღესაც სხვისი სიამოვნებისთვის ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ მთავარი ისაა რომ ეს სიამოვნებას მეც მანიჭებს. იცი ყოველთვის უკეთესია ცხოვრებაში ორმაგი საქმეებით დაკავდე. მაგალითად ისეთი რამე აკეთო, რაც შენც და სხვასაც სარგებელს მიუტანს. რაიმე მუდმივი, ცალმხრივი არაფერი ვარგა. თუმცა ასეთი ორმაგი ცხოვრება არავის გამოსდის, რადგან ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელიც კი. თუ სხვების კმაყოფას არჩევ, შენ ნაწევრდები. - თუ მხოლოდ საკუთარ სურვილებს უსმენ, შეიძლება ბედნიერი იყო, თუმცა არა მუდმივად. მცირე განსხვავება ისაა, რომ შენი ეგოს დაკმაყოფილებაში სხვების გადამუშავებაც გიხდება. ძლიერია ის ვინც ბალანსს პერიოდულად მაინც პოულობს. კარგი დროა იმის გადასწყვეტად, თუ შენ სად იქნები.- სიბელი სიგარეტს აქრობს, კარს აღებს და ოთახიდან გადის, სიმღერის შესასრულებლად. სხვებისთვის, მისი თავისთვის.. თუ მას დავუჯერებ, ისიც შესაძლოა ითქვას, რომ მე უკვე დიდი ხანია დავჭკნი. ამას ბევრი ფიქრიც კი არ სჭირდება. როგორც კი სიბელი ოთახს ტოვებს, მოულოდნელად ოთახში ნოი შემოდის. -არტემის?- ღიმილით მიყურებს, ბინძური ღიმილით. -გისმენ.- მეც ღიმილით ვეგებები. -მზად ხარ დღევანდელი გამოსვლისთვის?- -როგორც არასდროს!- ვუახლოვდები. მიყურებს და ნელ-ნელა სახიდან ღიმილი უქრება, აშკარაა რომ რაღაცაზე ფიქრს იწყებს. -ვიცი ვინც ხარ..- ამბობს ხმადაბლა. -მართლა? მაშინ მითხარი.- ხელებს ვაჯვარედინებ და სასიამოვნო გამომეტყველებას ვიკრავ. -შენ მალიკის კელიაში იყავი არტემის. შენი სახელი და ფოტო მახსოვს.- სხეულში არასასიამოვნო შეგრძნება მივლის. მალიკის ხსენებას კარგი არაფერი მოაქვს. -ვაუ, იცი მაინც რომელი ქალაქიდან ვარ?- ვცდილობ მისი ინტერესი გავაღრმავო. -არა.. ჯერ.- სახე უსერიოზულდება. -ჩემი და, ზოი დაიკარგა. ბევრი ძებნის შემდეგ, აღმოვაჩინე რომ მოკლეს. როგორც ჯალათებმა, არაადამიანურად. ვინც იქ ხვდება, უკან ვერ ბრუნდება. საინტერესოა, მერვე კელიაში.. როგორ ხარ ცოცხალი დღეს?- ეჭვისთვალით მიყურებს. ამ მომენტში მას ჩემზე წარმოდგენა აუმაღლდა. ხვდება, რომ უბრალო არ ვარ და უფრო მეტს უნდა ელოდეს ჩემგან. -ასე და ამგვარად, გადავრჩი.- მოკლედ ვუჭრი. -რაღაც ძალიან საეჭვოა ზეინს ვინმე შეებრალებინოს, რა გაუკეთე არტემის?- ჩემთან ახლოს მოდის. -ისეთი რა გაქვს, რაც ჩემს დას ვერ აღმოაჩნდა?- არაფერს ვეუბნები, მხოლოდ თვალებში ვუყურებ. რაღაცის თქმას იწყებს, მაგრამ ჩერდება. -მიხარია, თუ გამიხსენე.. კარგი იქნება იმასაც თუ გაარკვევ, რომელი ქალაქიდან ვარ. ჰო, შენი დის გამო ვწუხვარ.- -ზოის ამბავი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მის საქმეს ბოლომდე გამოვიძიებ.- -წარმატებები ამ საქმეში, თუმცა რა აზრი აქვს, ამ ყველაფრის თავი უკვე საფლავშია.- მხრებს უდარდელად ვიჩეჩავ. -ჰო, გავიგე რომ მოკლეს. მის გარდა ამ საქმეში ბევრია გარეული, როცა მოვძლიერდები ყველას კარზე დავუკაკუნებ.- მართლა ფიქრობს რომ ამის გაკეთება შეუძლია? ძალიან მინდა გავიცინო. -შენი გადასაწყვეტია.- ისევ მხრებს ვიჩეჩავ, თითქოს საერთოდ არ მანაღვლებდეს მისი საუბარი. კარს ვაღებ და გარეთ გასვლას ვაპირებ როცა ნოის ხმა მესმის. -არტემის, მას იცნობდი?- ვჩერდები და ვუყურებ. -ზოის?- -ჰო.- ისე მიყურებს, იმედი აქვს რომ სიმართლეს ვეტყვი, ან თუნდაც რამდენიმე სიტყვას მის დაზე. -არა.- ვპასუხობ და ოთახში მარტო ვტოვებ. სიბელის ხმა მთელ დარბაზს ედება. აუღელვებლად მღერის და ერთი შეხედვით მიხვდები რომ ის სიამოვნებს, რასაც აკეთებს. ჯეიდას ისევ სასმელს ვთხოვ. თავს უკმაყოფილოდ აქნევს და ჭიქას უღიმღამოდ აგდებს დახლზე. ვითომ ძალიან აღელვებდეს რა მდგომარეობაში ვიქნები. ქილას ვხსნი და ყველა სახის ღმერთს ვთხოვ რომ ის სურნელი კიდევ ერთხელ აღარ ვიგრძნო. დარბაზში მამაკაცებს თვალს ვავლებ, ვინ შეიძლება იყენებდეს ამ სუნამოს? ჯეფრი ამდენს ვერც მოიფიქრებდა, რადგან ვფიქრობ სანამ სამსახურში მოვიდოდეს გაღვიძებასაც ვერ ასწრებს წესიერად და მისი ტანსაცმელიც ყოველთვის მოუწესრიგებელია. ჰენრიც გამოირიცხა, ერთი თვის წინ ჩემთან საკმაოდ ახლოს მოვიდა, საშინელი სუნამო ესხა. ნეტავ რატომ ჩავაცივდი ამ სურნელს? არ მინდა კონცენტრაცია ისევ დავკარგო, ეს თავს სუსტად მაგრძნობინებს, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს. სიბელი სიმღერას ასრულებს, დარბაზში ტაშის ხრიალი და სტვენა ისმის. ახლა ეს ქალიც და ბრბოც ერთნაირად კმაყოფილია. ქილას დახლზე ვაგდებ, ჯეიდას ირონიული მზერით ვუყურებ, მერე კი სცენისკენ მივემართები. შუქები ქრება, მხოლოდ ერთი ცისფერი ნათებაა ჩემსკენ მომართული. ნოი გასახდელიდან გამოდის და თავის საპატიო სექტორს უბრუნდება. სცენიდან მიმავალი სიბელი კი ჩუმად მიჩურჩულებს. -ბალანსი, არტემის.- სიმღერა იწყება და მეც ვიწყებ. სისულელეა ეს თეორია, ჩემს პიროვნებას ამ ბალანსის დამყარება არ შეუძლია. არც კი ვცდი, უპირველესყოვლისა. თუ კი ჩვეულებრივ ადამიანსაც უჭირს ამის შენარჩუნება, სოციოპათს ამაზე უბრალოდ გაეცინება, როგორც მე. რა მოხდება ნოიმ რომ სიმართლე გაიგოს? ვფიქრობ საკმარისზე მეტს ეჭვობს ჩემზე. ცოტათი ალოგიკურია სასაკლაოდან ცოცხალი დაბრუნდე. მითუმეტეს ზეინის კელიიდან არცერთი გოგო არ დაუბრუნებიათ. ვმღერი, მაგრამ უგულოდ. ვაკეთებ მაგრამ საკუთარი, წამიერი ბედნიერებისა და კმაყოფილების შეგრძნებისთვის, რომელიც მალევე სრულდება და მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ისევ გავრბივარ და ისევ ვეძებ ამ წამიერ სიამოვნებას. სხვების ტკივილით, ტანჯვითა და ინტრიგების ხლართვით ვირთობ თავს. მიზეზი რის გამოც განსხვავებული გონების წყობა მაქვს ისაა, რომ ამ ყველაფერში ცუდს ვერაფერს ვხედავ. საერთოდაც არ მესმის, როგორ ხედავენ ამაში სხვები საპირისპიროს. დაჟინებული მზერა, ხალხის შეძახილები.. ესეც უაზრობაა ჩემთვის, რადგან ახლა ეს დარბაზი ჩემთვის ცარიელია. ვინც მაინტერესებს ცალკე სექტორში ზის. ვისგანაც ინფორმაცია შეიძლება მივიღო ან უბრალოდ გამოვიყენო არაფერს ნიშნავს, ისინი მხოლოდ დროებითად არიან ჩემი დაკვირვების ქვეშ. თითქოს დარბაზი შავდება. მზერის არეალში ჩრდილები ჩნდება, ნელა შემოდიან და დაფარფატებენ. რა მემართება? ეს აშკარად მაფორიაქებს. არ მინდა კონცენტრაცია ისევ დავკარგო. „გიშვებ, მაგრამ გახსოვდეს ვერასოდეს გამექცევი. შესაძლოა ვერ დამინახო, მაგრამ ყოველთვის ვიქნები შენი ცხოვრების ჩრდილში." სიტყვები ექოსავით მეორდება ჩემს გონებაში. საერთოდ რატომ გამახსენდა ეს სიტყვები? რაღაც მემართება. „მე ყველგან ვიქნები არტემის, სადაც არ უნდა წახვიდე, ჩემი ყოველი ნაწილი შენს გვერდით დაგხვდება." საოცრება ისაა, რომ ადამიანი თუნდაც აღარ არსებობდეს, შენ მისი ხმა მაინც გესმის. შესაძლოა ვეღარ ხედავდე, აღარ სუნთქავდეს, მაგრამ მისი ხმა მაინც არ გასვენებს. არც მისი სიტყვები, რომლებიც ერთხელ უკვე ჩაიწერა შენს გონებაში და რამდენიც არ უნდა ეცადო მათ ვერ ამოშლი. სხვა გარემოში, უცხო ხალხში დგახარ, იღიმი და ზუსტად მაშინ გახსენდება მისი მკვდარი ხმა. ხმა რომელიც არ გიყვარს, რომელიც გძულს და გაიძულებს ხელები ყურებზე აიფარო, ხმამაღლა იყვირო, რომ მოგშორდეს.. თავი დაგანებოს. მისი მოკვლა იმდენჯერ ვცადე, იმდენჯერ მსურდა ეს გამეკეთებინა რომ საბოლოოდ არ მომიკლავს, თუმცა ახლა მაინც მკვდარია. ირონია. თავს წლებია რაც დამარცხებულად ვგრძნობ და საშინელებაა იმის ფიქრი, რომ გამოსწორება არ შემიძლია, რადგან ის აღარ არსებობს. დარბაზში ისევ ვხედავ ჩრდილებს, რომლებიც მოძრაობენ. ისინი ხელს მიშლიან. როდის დასრულდება? მგონია რომ მსგავს სილუეტს კიდევ დავინახავ. მგონია რომ ჩრდილები როცა გაქრება ისიც თან გამოჩნდება. თვალებით ვეძებ ვინმე მისნაირს, თუმცა ისედაც ვიცი რომ სისულელეა. სიმღერას ვწყვეტ, თავბრუმეხვევა. სცენიდან ჩავდივარ და გასახდელისკენ მივექანები. ბელას ხმა მესმის, რომელიც სცენაზე ამ გაურკვევლობის გასანეიტრალებლად იწყებს საუბარს. -მკვდარიც არ მასვენებ.- ვჩურჩულებ. -არტემის?- კართან ალექსია. -არტემის კარი გააღე.- კარს ვაღებ, სავარძელში მოწყვეტით ვეშვები და თვალებს ვხუჭავ. -კარგად ხარ?- ვერაფერს ვპასუხობ. ჩემსკენ მოდის და გვერდით მიჯდება. ისეთი ხმა აქვს, აშკარად ღელავს ჩემზე. -არაფერს იტყვი?- -სიგარეტი გაქვს?- კითხვას ვაწყვეტინებ. -არ ვეწევი, თუმცა სიბელს უნდა ჰქონდეს.- ამბობს და უჯრას აღებს, საიდანაც ერთ ღერს და სანთებელას მაწვდის. თავს ვუკრავ. -ისევ იგივე განმეორდა.- -შენ რა იცი, რა განმეორდა?- ვეკითხები და თან სიგარეტს ვუკიდებ. -გუშინაც გამოიქეცი სცენიდან. რა ხდება დარბაზში ვინმე არასასიამოვნო დაინახე?- ჰმ. როგორ უნდა ავუხსნა ვინმეს, რომ ცოცხალი, დარბაზში მსხდომი ადამიანები კი არა, მკვდარი მაფორიაქებს. ამ ბოლოს ზედმეტად შემომიძვრა ტვინში, ყველაფერი სუნამოს ბრალია. ჩრდილებშიც კი ის მომეჩვენა. -არავინ დამინახავს, უბრალოდ თავი შეუძლოდ ვიგრძენი.- -სახლში წადი და დაისვენე, აშკარაა რომ გჭირდება.- -როდის მერე დაიწყე ჩემზე ღელვა?- -მას შემდეგ რაც შენ დაინტერესდი ჩემი მომავალით და ცხოვრებით.- ო ალექს, ნეტავ მართლა მაინტერესებდეს რა მოგივა.. ნეტავ შემეძლოს. -მივდივარ, გირჩევნია შენ მიხედო შენს თავს.- ფეხზე ვდგები და კარისკენ მივდივარ. -ჰო მართლა, ბაოსთან დაკავშირება მოახერხე?- ვჩერდები. -კი, მხოლოდ მე დავუკავშირდი ჯერ-ჯერობით. იმედი მაქვს პასუხს მალე გამცემს.- როგორც კი საუბარს ასრულებს, კარს ვაღებ და დარბაზში გავდივარ. სიბელი ისე მიყურებს, თითქოს იცის რაც მჭირს. ბარიდან გავდივარ და ტროტუარს მივუყვები სახლამდე. თითქოს ლაპარაკიც კი არ მინდა საკუთარ თავთან. ეს ფიქრები მალე უნდა მოვიშორო გონებიდან. გასაღებს ჩანთიდან ვიღებ და სახლის კარის გაღებას ვცდილობ. -ურჩი ქალიშვილი, არა?- ვტრიალდები და ჩაბნელებულ კედელს ვუყურებ, საიდანაც ხმა მესმის და სადაც მთლიანად შავებში ჩაცმული პიროვნება დგას. „ისევ გეჩვენება არტემის." უკან ვტრიალდები და კარს ვაღებ, სახლში შევდივარ, კართან ახლოს ჩამრთველს ხელს ვარტყამ და შუქიც მაშინვე ინთება. კარს არ ვხურავ, ისევ ბნელი კედლებისკენ ვიყურები, სადაც უცხო სხეული მაინც დგას. ადგილზე ვშეშდები. ვუყურებ და ვერაფერს ვაკეთებ. დანა ჩანთაში მაქვს. სხეული უძრავად დგას, იცის რომ უკვე შევამჩნიე. თავზე კაპიუშონი ახურავს, სახეს კი შავი ნაჭერი უფარავს. კედელს შორდება და ჩემსკენ მოდის. სიარულის მანერა.. ერთი, ორი, სამი, ოთხი, მეხუთე ნაბიჯი და ჩემს კართან დგას. -შეგიძლია შეეხო სულს?- დანას ხელს ძლიერად ვუჭერ, ჩანთა მხრიდან მივარდება და ხმაურიანად ეცემა იატაკს. ნელ-ნელა ვიწევ უკან, კარს ვშორდები და სახლში შევდივარ. სხეული ისევ იქ დგას, თითქმის მიხურულ კარებს ხელით ოდნავ აწვება და სახლში შემოდის. -ნუთუ არასდროს არავინ შეგხებია?- მისი ხმა ისევ ისმის. ვგრძნობ როგორ მაყრის ტაო კანზე, ჩემთვის მოულოდნელად. ვგრძნობ როგორ დუღდება ტვინი სისხლით, რადგან რაღაცას ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს. ეს ხმა და ხელები. კაპიუშონს ერთი ხელის მოსმით იხდის, სახიდან კი შავ ნაჭერს იშორებს. მაგიდას ვეკრობი. -რა სისულელეა, მეჩვენება..- ვამბობ, ოდნავ ვიცინი და თვალებს ხელებით ვიფშვნეტ. -უბრალოდ ამ ბოლოს ტვინში რაღაც ამერია..- სიცილი ისტერიულ მდგომარეობაში გადამდის. ჩემი ხმა მთელ სახლში ვრცელდება. ხელებს სახეს ნელ-ნელა ვაშორებ და სხეულს ვუყურებ, რომელიც ჩემგან მოშორებით, კედელს ეყრდნობა. ხელები ჯიბეებში აქვს და ოდნავი ღიმილით მიმზერს. -გამარჯობა არტემის.- ამბობს ბოხი, ღიმილნარევი ტონით. მაგიდასთან ვიკეცები და იმ არსებას ვუყურებ, რომელიც სახლში შემოვიდა. ის ადამიანს არ ჰგავს. ამ ოთახში კედელთან დემონი დგას, რომელიც გამარჯვებული სახით დამცინის. თითქოს ამ ექვსი წლის განმავლობაში ჩემს ცოდვებს თვალის დახუჭვის გარეშე უყურა, ახლა კი ერთი სული აქვს როდის შეაფასებს ჩემს მკვლელობებს, ტყუილებს და ეგოისტურ ქმედებებს. რას ველოდები? რომ რომელიმე მათგანში ხუთიდან ხუთს დაწერს? ოთახში მისი სუნამოს სურნელი გროვდება, რაც ცხვირს მაშინვე მწვავს. სიცილი მიტყდება. -მკვდარი ხარ ზეინ..- ვამბობ სიცილისას და ვგრძნობ როგორ უპობს ბაგეებს ფართო ღიმილი, რაც მაშინებს. სიცილს უეცრად ვწყვეტ. დემონი კაცია არტემის, - შავებში. ის ახლა შენს წინ დგას და ხელები მიუგავს დამტვრეულ ხმლებს, რომლებიც სიცოცხლეების ჩეხვაში სისხლით დაიჟანგა. თვალები მიუგავს მიუვალ ტყეს, სადაც ათას ას თექვსმეტი მკვლელობა მოხდა, მაგრამ რატომღაც ჩიტები იქ მაინც გალობენ. ვამჩნევ დაღლილ ფეხებს,რომლებმაც უსასრულოდ იარეს როგორც შაიბამ, ქვიშიან უდაბნოში, ალაჰისგან ბოძებული და ჯურჰუმელების მიერ დამარხული ზამზამის საპოვნელად. როგორც ჩანს, ვერ უპოვია. დგას, როგორც სამოთხიდან განდევნილი ლუციფერი, რომელიც არავინ მიიღო და გადაწყვიტა ვინმე მასზე უარესთან მისულიყო. მისი გული ნაცრისფერია. მძულს. ტუჩები წითელი. ... მეზიზღება. ველოდები რქებს მის თავზე და კიდევ ერთ ირონიულ გამონათებას. მის იასამნისფერ ვენებს ვუყურებ, რომლებიც ელვის მსგავსად იტოტება მთელს ხელებსა და მკლავებზე. ერთი დანის დასმაა და ელვა თვითონ იფეთქებს. ველოდები რომ აღსარებას ჩამაბარებს, როგორც ეშმაკი. თუმცა კედელზე ვხედავ საკუთარ ჩრდილს მის გვერდით, რომელიც თვითონ ატარებს თავზე რქებს. მაშასადამე, ოთახში ორი არსება დგას. ყველაფერს ხსნის ის ფაქტი, რომ მის გადამწვარ ტყეებში ჩიტები ისევ გალობენ, ჩემს დანგრეულ მთებზე კი არაფერი ხარობს. ჩემი გული ყველასთვის დაკეტილი, ტიალი ხორბლის მინდორია, რომელსაც არავინ იმკის. იქ არც ჩიტები ჭიკჭიკებენ, არც რაიმე სხვა ხარობს. იქ არასდროს არავის უცინია, იქ არასდროს დაულეწავთ ხავსივით მოდებული პურის თავთავები. იცით, იმის შანსი რომ ხორბლის მინდორში მოკვდეთ ოთხმოცდახუთიდან ერთია? თვალებს ძირს ვხრი, არც კი მინდა რომ შევხედო. -მე ისედაც მკვდარი ვარ არტემის, შენ მაქციე მკვდრად.- მპასუხობს მშვიდი ტონით. მინდა რომ წამოვდგე, მივვარდე და ვუყვირო რა სუსტი და ლაჩარია, რადგან ჩემი შეეშინდა. შეეშინდა რადგან იცოდა, თუ მასთან დავრჩებოდი ბოლოს მოვუღებდი. ამის გამო კი გათვალა და გამომიშვა. ვერაფერს ვეტყვი, რადგან ის ჭკვიანია. მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი. კედელთან, სამი მეტრის დაშორებით იატაკზე ჩემნაირ პოზაში ჯდება და მიყურებს. ვუყურებ. ისევ მიყურებს. ოცი წამის განმავლობაში სრული სიჩუმეა. საერთოდ არ შეცვლილა, იმას თუ არ ჩავთვლით რომ უფრო დაღლილი ჩანს. მინდა რომ რამე მითხრას, მომიყვეს კიდევ ცოცხალი რატომაა. რა აკეთა ექვსი წლის განმავლობაში, ნეტავ ჩემზე მეტი სიცოცხლე მოსპო? სასაცილო შეჯიბრება იქნებოდა. -რატომ მოხვედი ზეინ?- ვეკითხები ხმადაბლა. ჩემს შეკითხვაზე პასუხს რამდენიმე წამით აგვიანებს. მგონი ფიქრობს. -მე არც წავსულვარ.- იღიმის. ჟრუანტელი მივლის. 'ეს ადამიანი არ არის, უბრალოდ ფორმა აქვს, მეტი არაფერი.' -ისევ ისე გეშინია ჩემი?- ირონიულად ვიცინი. -რამე გაგაჩნია, რისიც არ უნდა მეშინოდეს?- მარტივად მპასუხობს, ყოჩაღ. -არ ვიცი.- მხრებს ვიჩეჩავ. ჯერ კიდევ არ მჯერა, აქ რომ ზის. გუშინ მეგონა რომ საფლავში იწვა და ეს გრძნობა მღრღნიდა, რადგან ვიცოდი მომიგო. ახლა კი ჩემს წინ ზის, ცოცხალი, სუნთქავს და არ ვიცი უნდა მიხაროდეს, თუ პირიქით. ახლა ხომ გამარჯვების შანსი მეძლევა. ვიღიმი. -ზეინ მალიკის მკვლელობა ზედმეტად უჩვეულო იქნებოდა.- ჩავილაპარაკე ჩემთვის. -წესით საშინელ ხასიათზე უნდა იყო, მე ხომ ცოცხალი ვარ.- იცინის. მგონი ასეთ კარგ ხასიათზე დიდი ხანია არ ვყოფილვარ. -ჰო, შეიძლება პირიქით იყო. არტემისი ხომ არასდროს ნებდება, მკვდართან ვერაფერს გახდებოდი, ახლა კი როცა იცი ვსუნთქავ, ძალიან კარგი შანსი გაქვს.- რამდენიმე წამი უხმოდ ვაკვირდები. წარბებს, წამწამებს, თვალებს. -ჩემთან რა გინდა ზეინ, რატომ მოხვედი?- ვეკითხები რადგან გავიგო სიტყვები რომელიც მჭირდება. ისეთი სიტყვები რაც ყველა სოციოპათს სიამოვნებს. ჩვენ ხომ ნარცისები ვართ. -უბრალოდ მოვედი, გაჩვენე რომ ვითომ ისევ ცოცხალი ვარ.- ვითომ.. -ექვსი წელი გავიდა.- -ვიცი.- ნერვებს მიშლის ის ფაქტი რომ შესაძლოა ყინულივით ცივი აღმოჩნდეს. იქნებ ამ ექვსმა წელმა მთლიანად გაყინა. -არტემის..- -რა- -შეიძლება ამ ღამით შენთან დავრჩე?- მისი შეკითხვა ცოტათი მაბნევს. არ ვიცი საერთოდ შეიძლება თუ არა მისი ნდობა. იქნებ ისე შემიძულა, როგორც მე მძულს იგი. რა ვიცი, იქნებ ჩემი გონება ყველაფერს თხზავს, ეს კი უბრალოდ ერთი დიდი ილუზიის ნაწილია? -ისე გამოჩნდი, არსაიდან. თითქოს ვიღაცებს გამოექეცი.- -ეგ თანხმობას ნიშნავს?- მიღიმის და ხელებს მუხლებზე იხვევს. არაფერს ვპასუხობ. -საერთოდ არ შეცვლილხარ. შეიძლება უფრო მეტად გაბოროტდი, მეტი არაფერი.- ისევ არაფერს ვპასუხობ. მაღიზიანებს. -ისევ ისეთი ...- წინადადებას წყვეტს და ფეხზე დგება. სახლში უაზროდ იწყებს ბოდიალს. მეც წამოვდექი და თვალი მივადევნე მის მოძრაობებს. სამზარეულოში შედის, მაცივრიდან ლუდის ქილას იღებს და მისაღებში ისევ კედელს ეყრდნობა. რომ მივიდე და შევეხო გაქრება? -კედლების წითლად შეღებვა არ გამოგივიდა.- ამბობს და კეჩუპით დასვრილი კედლებისკენ იშვერს ხელს. -ნამდვილი სისხლია? ცხედარი სად წაიღე..- იცინის. როგორ მინდა რომ .. ვერ ვხსნი. პირველად ვარ ფიქრების გასაყარზე, სადაც გზებს შიშები ახლავს. შიშები იმისა რომ იგი ასე ახლოსაა. -აქ არ უნდა დარჩე. დასაძინებლად მივდივარ.- ვამბობ, გვერდს ვუვლი და კიბეებზე ავდივარ. კარს ვხურავ, მაისურს ვიცვამ და საწოლზე ვწვები. სისულელეა, ზეინ მალიკი არ არსებობს. თვალებს ძლიერად ვხუჭავ, რომ ეს ყველაფერი გაქრეს. ჩემი ილუზიების ნაწილია ყველა დეტალი. მასზე გამარჯვების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ გონება რაღაც ზღაპრების შეთხზას იწყებს. მისი აქ ყოფნა მასუსტებს, თავს ნაკლებად ძლიერად ვგრძნობ. მინდა რომ დავიძინო და გამოღვიძებულს არაფერი მახსოვდეს. ჩაბნელებულ ოთახს ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი ანათებს. ზურგზე შეხებას ვგრძნობ. ჟრუანტელი მივლის, თვალები მეხუჭება. გაუხეშებულ ხელებს წელზე მხვევს და ისე მეწებება როგორც საკუთარი ორგანო. ისე ბრუნდება ჩემთან, როგორც ძველი გემი ხავსმოდებულ პორტში, დიდხნიანი ცურვის შემდეგ, შესასვენებლად. მის ცხვირს ყელში ვგრძნობ, ნელ და მშვიდ სუნთქვას, რომელიც საძილე არტერიაზე მეცემა. ცხოვრებაში მეორედ მეხუტებიან. პირველიც ის იყო. -არტემის..- ჩურჩულებს ჩემს ყურთან. -შემომხედე.- მისკენ ვტრიალდები და ვუყურებ. დაღლილი სახე აქვს, მთვარის შუქზე ეს უფრო ნათლად ჩანს. მაკვირდება, ისევ ისე მსწავლობს როგორც მაშინ. რამდენი დრო გავიდა? მინდა რამე მოვისმინო მისგან, რის გამოც ვიამაყებ ჩემი თავით. მის ბაგეებს ვუყურებ, ისევ წითელია. ... მეზიზღება. თავს მისკენ ვწევ, ელოდება რომ ამას გავაკეთებ. ვკოცნი და ისევ ისეთი გემო აქვს. ხელებს მხრებზე ვუჭერ და ჩემსკენ ვწევ, არ მყოფნის. მინდა რომ ხელები მის კისერს შემოვჭიდო და აქვე დავახრჩო. იქნებ ამ კოცნით ვკლავ კიდეც. ხელებს ჩემს სხეულზე დაასრიალებს, ბოლოს კი წელზე მხვევს და მიკრავს. კოცნას წყვეტს და ყელში ინაცვლებს, ცხელ სუნთქვას ვგრძნობ. მის სუნამოს, რომელიც ტვინს მიწვავს. მაისურს ოდნავ მაღლა წევს და მუცელთან მკოცნის. თვალებში ვუყურებ. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც მისი აზრით ჩემს ზიზღს ვმალავ და ვაგროვებ. არაფერი დავიწყებია. მიღიმის. ხელს ნიკაპქვეშ იქცევს და მაკვირდება. -იცი მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის სხეულის ყველა უჯრედი ყოველ შვიდ წელიწადში ახლით იცვლება, მთლიანად. როგორი კარგი წარმოსადგენი იყო, რომ ერთ წელში მე მექნებოდა სხეული რომელსაც არასოდეს შეხებიხარ.- ვუღიმი და ვჩურჩულებ. -თუ ვიცოცხლებ, ყოველ შვიდ წელში დავბრუნდები შენთან და შეგეხები, რომ არასდროს დაგავიწყდე. არ მინდა ისეთი სხეული გქონდეს, საიდანაც ჩემი თითების ნატყვიარები გაქრება. არ მინდა შენმა უჯრედებმა დამივიწყონ.- -ასე მგონია სადმე პარალელურ ან სრულიად უცხო სამყაროში რომ დავიბადოთ, თუ სადმე გადაგეყრები აუცილებლად გიცნობ.- თვალებში ვუყურებ და ამას ისე ვამბობ, რომ მეც ვერ ვაცნობიერებ. -მეც იგივე შეგრძნება მაქვს.- ამბობს და თავს მუცელზე მადებს. ცალ ხელს მის თმებში ვაცურებ. -სხვა სხეულებში რომ ვიცხოვროთ, სხვა გალაქტიკის სხვა პლანეტაზე, თუ შეგხვდი აუცილებლად ამოგიცნობ.- ჩურჩულებს. ისეთი დაღლილია, რომ თვალები ეწებება. -თუ კიდევ შემხვდები, როგორ მიხვდები რომ მე ვარ?- -რქებით ამოგიცნობ არტემის.- იცინის. ჰო, ბედის ირონია იქნებოდა. უეცრად შარვლიდან დანას იღებს და საწოლის გვერდზე მდგარ ტუმბოზე დებს. ის დანაა. -უფლებას მაძლევ მოგკლა?- -შენ ხომ უკვე იცი, რომ ასე ვერ მომკლავ. შენ იცი, ჩემი გარდაუვალი მკვლელობის გზები, თუმცა რაში გჭირდება ეს არტემის? ახლა ისედაც სუიციდის ერთ-ერთ გზას ვადგავარ, იმიტომ რომ შენთან მოვედი. ჩემი ფეხით მოვედი სიკვდილთან. შენთან ყოფნა თვითონ მკლავს და მცირეოდენ ჟანგბადს მიტოვებს ამოსასუნთქად. აი, ასეთი მწარე ხარ.- კიდევ ერთხელ მკოცნის მუცელზე. გულმკერდში სიმძიმეს ვგრძნობ, ისევ. დანას ვუყურებ, მერე კი ზეინს რომელიც ჩემზეა მომაგრებული და ისე მებღაუჭება როგორც გემი ღუზას. ჩემს მუცელში ზიზღი და სიძულვილი ერთმანეთს ერევა, მათზე კი თავი ზეინს უდევს და სადაცაა მშვიდად დაიძინებს ნაღმიან ზედაპირზე. ფეხებზე ჰკიდია თუ მოვკლავ, აშკარაა. ეს კი მე არ დამაკმაყოფილებს. ის ისედაც კვდება ჩემთან ყოფნით. რატომ მოვიდა თუ გადარჩენა უნდა? -არტემის..- სანამ უფრო ღრმად ჩაეძინებოდეს, მეძახის. -გისმენ.- -რომ მკითხე რატომ მოხვედიო.. მოვედი, იმიტომ რომ საშინლად მომენატრე.- ჩურჩულებს, მერე კი ძილის მორევში ეშვება.