ჯონგჰიონის შემდეგ, აღარ მეგონა, ან შეიძლება ითქვას, აღარ მინდოდა ოდესმე მსგავსი სახის წერილი გამომექვეყნებინა.
რეალურად არ ვიცით, არც ვიცოდით და ვერც ვერასოდეს გავიგებთ რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ამ უკიდურეს ნაბიჯამდე. მაგრამ, ფაქტი ფაქტია. ეს ხდება, შეიძლება იმ ადამიანებს დაემართოთ, რომლებსაც ვგულშემატკივრობთ, ან მათ, ვისაც არ ვიცნობთ, მათ - ვისაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შევხვედრივართ ან მათ - ვისთვისაც თავადაც გავიღებდით სიცოცხლეს.
გუშინ იმაზე ერთით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე სამყაროს ჰქონდა ჩაფიქრებული და მინდა მწუხარება გამოვთქვა მათთვის, ვინც გულშემატკივრობდით, უსმენდით თუ უბრალოდ შორით გიყვარდათ ASTRO-ს მუნბინი.
კორეა მშვენიერია, ნათელი ფერებით სავსე და სასტიკი, ფარდის მიღმა ნაოჭიანი და სიდამპლის სუნით სავსე.
მუნბინი უკეთეს ადგილზეა და აღარ სტკივა
თუმცა კი, მინდა გთხოვოთ, თუ ოდესმე იფიქრებთ, რომ ცუდად ხართ, რომ მეტი აღარ შეგიძლიათ, რომ სჯობს ყველგან იყოთ, ოღონდ ამ სამყაროში არა, გემუდარებით, თქვით. დაელაპარაკეთ ვინმეს, ვინც იცით, რომ უთქვენოდ მოიწყენს, დაელაპარაკეთ ნებისმიერს, თუნდაც სულ უცხოს, მომწერეთ და გიპასუხებთ, მოგისმენთ, რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ, თქვენ ოღონდ ნიშანი მომეცით
თავს გაუფრთხილდით, თქვენი არსებობა შემთხვევითობა არაა, დიახაც, რომ განსაკუთრებული ხართ და მინდა ეს გახსოვდეთ