იუტა ტყავის ძვირადღირებულ სავარძელში იყო გამოჭიმული და მის წინ მდგარ, ნერვიულობის ფონზე აქეთ-იქით მოსიარულე ჯონის იმ ადამიანის სახის გამომეტყველებით შეჰყურებდა, რომელსაც ყველაფერი მობეზრებოდა და ერთი სული ჰქონდა აქაურობას როდის დატოვებდა. მოწყენილობა გამოიმსჭვოდა სავარძლის ხელის ჩამოსადებზე მისი თითების რიტმულ რაკუნშიც.
-იუტა, მისმენ საერთოდ? -როდესაც მისი მეგობრის გაფანტული სახე შენიშნა, რომლის გონებაც აშკარად სულ სხვაგან დაჰქორდა, ჯონიმ ნაბიჯი შეაჩერა, წელზე დოინჯი შემოირტყა და შავთმიანს წყრომით შეხედა.
-ჰო, ჰო, როგორ არა, მიდი, განაგრძე... -ეს იმ ადამიანის ხმის ტონს ჰგავდა, რომელიც საუბარს ნამდვილად არ უსმენდა.
ჯონიმ ღრმად ამიოიხრა. მის წარბებს შორის ნაოჭი გამკვეთრდა.
-ამდენი ტყუილად ვილაქლაქე?
იუტა სავარძელში კიდევ უფრო გაიჭიმა და როდესაც სასურველი ტკაცუნის ხმა მიიღო ზურგის არეში, მთქნარებით წამოიწია წინ. -გავიგე, რომ პრობლემა შეგვქმნია ფინანსთა შემმოწმებლებთან, რომლებიც ძალიან საეჭვოდ უყურებენ ჩემს ბიზნესს და თავიანთი ბრინჯის მარცვლისოდენა ტვინებით ცდილობენ ყველა იმ ბანკის ანგარიშის პოვნას, რომელიც მე მეკუთვნის, რათა დამამტკიცებელი საბუთი ჰქონდეთ იმისა, რომ აზარტული თამაშების გარდა კიდევ სხვა, ფარული ბიზნესითაც ვიღებ სოლიდურ თანხას. მერე რა?
-მერე რა? სულ ესაა შენი რეაქცია? -აღშფოთდა ჯონი. -თუ ისინი მართლა მიაგნებენ რამე საკბილოს, ჩათვალე განწირული ხარ. ხელი ერთხელ თუ ჩაგავლეს, იქამდე აღარ მოგეშვებიან, სანამ შენს ყველა საიდუმლოს სინათლის სხივზე არ გამოფენენ. ნამდვილი წურბელები არიან. ადამიანებისთვის პრობლემების შექმნით იკვებებიან. მათთვის შენ საკმაოდ დიდი ლუკმა ხარ, იუტა! სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მგონი აჯობებს დროებით იარაღების ექსპორტს შევეშვათ. იქამდე მაინც, სანამ ინტერესი არ ჩაუცხრებათ და არ შეგეშვებიან.