სუსხიანი ქარი თავის ნებაზე ათამაშებდა ტირიფის ფოთლებს, რომლებიც ლამის მიწამდე დაშვებულიყვნენ. გაყვითლებული ფოთლები ყოველ დაქროლვაზე ჩუმ შრიალს ატეხდნენ, თითქოს უხმოდ მოუწოდებდნენ ვერაგ ქარს, რომ თავი დაეოკებინა და თავისი ძალა სხვა რამისკენ მიემართა.
ზუსტად ტირიფის ქვეშ, კომფორტულ სკამზე წამომჯდარ თეიონს ეს შრიალი უკვე ნახევარი საათი იქნებოდა რაც ყურში იავნანასავით ჩაესმოდა.
ბიჭს თვალები მიელულა, მთელი ტანით მოდუნებულიყო და თავის მშვიდ სუნთქვას რიტმულად აყოლებდა ქარის ხმას, რომელიც მედგრად მდგარ მარტოხელა ხეს სხვადასხვა მხრიდან წამოუვლიდა ხოლმე.
მიუხედავად სიცივისა, თეიონს ადგილიდან ინჩითაც კი არ უნდოდა ფეხის მოცვლა.
სანამ იუტა სახლში პოლიციელებს თავისი ტყუილებით და რეალურად ყალბი, სხვებისთვის კი სათნო ღიმილით თვალებს უხვევდა, თეიონს მოესწრო იმ სიტუაციის რეალურად გაანალიზება, რაც უკანასკნელი კვირის განმავლობაში ხდებოდა.
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ სონისთან ერთად ცხოვრობდა იმ სახლში, მშობლების სიკვდილის შემდეგ რომ დარჩათ. იმ მიზეზით, რომ მშობლების გარდაცვალებისას თეიონი არასრულწლოვანი იყო, სახლი სონიმ თავის თავზე გადაიფორმა და იმ დღიდან მართლა ისე დაიწყო მოქცევა, თითქოსდა ის მხოლოდ მისი სახლი ყოფილიყო, თეიონი კი თავისი კეთილი გულის წყალობით სამადლოდ შეეფარებინა თავისთან. მისი ქცევები რაც დრო გადიოდა მით უფრო უარესდებოდა, თუმცა თეიონი თავის სასარგებლოდ ზღვრის გადალახვას ვერ ბედავდა, რადგან კარგად იცოდა სულ მცირე მიზეზიც საკმარესი იქნებოდა მის ძმას სახლიდან რომ გამოეგდო.
მერე ის იყო, რომ დედაქალაქის ცენტრალურ კლუბში აღმოჩნდა გამწესებული. ის ოთახი, რომელშიც მხოლოდ ერთი კვირა გაატარა, ისეთი დაბალჭერიანი და ვიწრო იყო, რომ თეიონს მანდ გული უწუხდა. ერთი კვირის განმავლობაში რასაც აკეთებდა ეს საწოლზე წოლა ან ათიოდე მტკაველის სიგრძე დარჩენილ თავისუფალ ადგილას ბოლთის ცემა იყო, რამაც ლამის ჭკუიდან შეშალა.