მზის სხივები ჯერაც მყარად იყვნენ მიწის ქვეშ განაბულნი, როდესაც თეიონს გამოეღვიძა.
საწოლში სუშის როლივით გამოხვეულმა თვალები ზანტად გაახილა და დამანჭული სახით მისცა საკუთარ თავს გაზმორების საშუალება, რაც ძვლების არარეალურად ხმამაღალი ტკაცანით და ტკივილის ძლიერი ტალღით დასრულდა.
თეიონმა ხმამაღლა და მტკივნეულად დაიკვნესა და საწოლზე წამოჯდომას ეცადა, თუმცა პირველივე ჯერზე ეს არ გამოუვიდა და ხერხემლის სერიოზული ტკივილისგან აყმუვლებული, კვლავ საწოლზე მიესვენა.
ქეის მიერ გამოყენებული მუქარის უხეშ ფორმებს უკვალოდ არ ჩაევლო. თეიონს მთელი ზურგი ცეცხლწაკიდებულივით ეწვოდა. ერთი უმნიშვნელო გამოძრავებაც კი არ შეეძლო ისე, უკან ტკივილი რომ არ ეგრძნო. თავს კარგად დაბეგვილი სტეიკივით გრძნობდა.
საძინებელი, რომელიც ახლა უკვე მას ეკუთვნოდა, ჯერაც ბნელში იყო გახვეული. ოთახში მდგარი ნივთების მოხაზულობას და მათ გამოკვეთილ ჩრდილს ადამიანი მხოლოდ მხედველობის დაძაბვით თუ შენიშნავდა, ამის თავი კი თეიონს არ ჰქონდა.
ხუთწუთიანი წვალება-ჯახირის შემდეგ, რა დროსაც კბილების ენაზე დაჭერით იკავებდა ყელიდან ამომავალ, ტკივილისგან გამოწვეულ ხმებს, მან როგორც იქნა შეძლო ლოგინზე წამოჯდომა და ცალი ხელით ჩამრთველისთვის მიწვდენა, რომელიც ზედ მისი საწოლის თავთან მდებარეობდა.
ნამგალა მთვარის ფორმის ჭაღმა საძინებელი ვერცხლისფერი შუქით აავსო. მკვეთრმა ნათებამ თეიონს თვალი მოსჭრა. სინათლისთვის თვალის შესაჩვევად დაახლოებით ორი წუთი მაინც დასჭირდა.
გუშინ, როგორც კი მსახურებმა მისი საძინებელი ოთახი ბრძანებისამებრ მოამზადეს, თეიონმა პირდაპირ საწოლს მიაშურა და ისე, რომ ოთახი ნორმალურად არც დაუთვალიერებინა, ძილს მისცა თავი. რამდენ ხანს ეძინა ზუსტად არ იცოდა, თუმცა აშკარად იმაზე დიდხანს, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა. გაუკვირდა კიდეც, ვახშამზე რომ არ გამოაღვიძეს და ზაზუნასავით გამოძინების საშუალება მისცეს.