თეიონი ზუსტად ვერ იტყოდა, თუ რამდენ ხანს იჯდა ოთახის კუთხეში მიდგმულ სკამზე, რომელიც მშვენიერი დიზაინისდა მიუხედავად საოცრად არაკომფორტული იყო. რბილ დასაჯდომს მიღმა იგი მტკიცე ხის უსიამოვნო სიმყარეს გრძნობდა, რაც მის ისედაც დაბეჟილ სხეულს არაფრით შველოდა. უნდოდა განძრეულიყო, თუმცა სკამის გაჭრაჭუნების შიშით ამას ვერ აკეთებდა. არანაირი სურვილი არ გააჩნდა, რომ ოთახში მყოფთათვის მისი მანდ ყოფნის ფაქტი შეეხსენებინა.
ოთახში ჯივონი და იუტა ლაპარაკობდნენ. თავიდან ხმადაბლა, თუმცა შემდეგ ჯივონმა ხმის ტონს იმდენად აუწია, რომ თეიონმა ვეღარ შეძლო კონცენრტრაციის საკუთარ ხელებზე გადატანა, რომელიც ნერვიულად შემოეჭირა მუხლებისთვის. დაძაბულობა აშკარად იგრძნობოდა, რომელსაც ჰაერიც კი დაემძიმებინა.
,,როგორ ბედავ", ,,სისულელეა", შენ როგორც ჩანს სულ მთლად გაგიჟებულხარ" -თეიონის გონებას ჯივონის გრძელი მონოლოგის ცალკეული ნაგლეჯები ჩაესმოდა მხოლოდ, თუმცა ესეც კმაროდა, რათა მიმხვდარიყო, რომ კაცს იაპონელის ნათქვამი ჭკუაში არ დასჯდომოდა. მისი ხმა იმდენად მტკიცე ჩანდა, თეიონმა ჩათვალა, რომ აქედან თავის უპრობლემოდ დაღწევის იმედი სულ ტყუილად გაუჩნდა. ყურადღების გადატანის უშედეგო მცდელობას თავი მალევე მიანება და ის ოთახში მყოფებზე მიმართა.
იაპონელს ცალი ფეხის ტერფი მეორე ფეხის მუხლზე გადაედო, ტანით სანახევროდ უკან გადაწეულიყო და სავარძელში ღრმად ჩაფლული იწმენდდა ფრჩხილებიდან უხილავ ჭუჭყს.
ჯივონი ფეხზე წამომდგარიყო და შავთმიანს მაღლიდან დასჩერებოდა აწურული მხრებით. სახე ერთიანად გაწითლებული ჰქონდა და სქელი ღაბაბი უსიამოვნოდ უთანთალებდა. სახეზე უკმაყოფილება ეტყობოდა და თეიონმა მალევე გაარკვია, თუ რატომაც იყო ასე.
-დამიჯერე, ძალიან იაფად გითმობ! -წითელთმიანს დიდი ფიქრი არ დასჭირვებია იმის მისახვედრად, რომ საუბარი მასზე იყო. ჯივონის სიტყვებიდან ისიც შეეძლო დაესკვნა, რომ კაცი იაპონელის წინადადებას თავდაპირველი რეაქციისდა მიუხედავად მაინც დასთანხმდა, მაგრამ თავიდან თავადაც ვერ მიხვდა, შვების ნაცვლად რატომ ჩაეღვარა სხეულში უსიამოვნო გრძნობა, რამაც მთელი ორგანიზმი წამში მოუწამლა. მის მთავარ მიზანს ჯერ კიდევ ათი წუთის წინ ამ შენობიდან თავის დაღწევა წარმოადგენდა, ჰოდა, როცა ეს ოცნება აუსრულდა, თავს რაღატომ გრძნობდა უგუნებოდ?