საძინებლის დახურული კარების წინ გაჩერებული თეიონი ათი წამი მაინც ბჭობდა იმაზე, შესულიყო თუ არა ოთახში.
მართალია ოთახიდან ჩამი-ჩუმი არ გამოდიოდა, თუმცა თეიონმა იცოდა, რომ იუტა შიგნით იყო და მას უცდიდა. ახლა დიდი ალბათობით ფეხზე იდგა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და მოთმინებით მიშტერებოდა რომელიმე უაზრო წერტილს. თეიონს ის კითხვა უჭამდა გონებას, თუ რა ჰქონდა მას ისეთი სათქმელი, რომ სამზარეულოში ვერ თქვა, როცა ამის შესანიშნავი შანსი ჰქონდა.
როდესაც მრგვალ სახელურს მჭიდროდ ჩაეჭიდა და ის 90°-ით მოატრიალა, თეიონს თავში ერთი იდეაც კი არ მოსდიოდა, თუ რის შესახებ დაძრავდა სიტყვას იაპონელი, რომელიც ფართოდ გამოღებულ ფანჯარასთან დაუხვდა. შავთმიანი მისგან ზურგშექცევით იდგა და იმ ხედს გადაჰყურებდა, რომელიც თეიონმა სულ ცოტა ხნის წინ ხმამაღლა შეაქო.
ოთახი სუსხიან ქარს გაენიავებინა. იმ სითბოს ნატამალიც კი არ იყო დარჩენილი, რომელიც გათბობას მოჰქონდა. სითბოს ადგილი საზიზღარ, უსიამოვნო სიცივეს დაეკავებინა, რომელიც ასეთი ცნობილი იყო თავისი ყინულოვანი თითების ყველაფერზე ჩავლებით. როგორც ჩანდა, იაპონელს ამ ოთახში მოსვლისას პირველი რაც გაეკეთებინა, ეს ფანჯრების გახსნა იყო.
თეიონს შეამცივნა, თუმცა თავი შეიკავა, რომ ხელები სხეულისთვის მოეხვია. ის ფაქტი, რომ მისად წოდებულ საძინებელში ქარი თავისუფლად დაქროდა და ფარდებს მის ნებაზე ათამაშებდა, არაფრად ეპიტნავა.
-კარებთან იმდენ ხანს გაჩერდი, ვიფიქრე უკანვე გაბრუნდება-მეთქი. -მისკენ ნელა შემოტრიალდა იუტა. ნავარჯიშევ სხეულს ამჯერად თხელი, დიდი ზომის, შავი, გრძელმკლავიანი მაისური უფარავდა.
-ახალ ამბებში რაღაცას მოვკარი ყური... -თავის მართლებასავით გამოუვიდა თეიონს, რაც მაშინვე ინანა კიდეც, თუმცა გაქცეულ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებდა, მითუმეტეს, რომ იაპონელი დაინტერესდა.