კონსტანტინე ალაზნისპირელი იმახსოვრებდა ყველაფერს, ყველა დეტალს, ყველა ინფორმაციას...
ერთადერთი, რაც არ იცოდა კონსტანტინემ, იყო ის, თუ რატომ არ დაკმაყოფილდნენ ისეთი უბრალო, ჩვეულებრივი ღამით ის და ევდაკია, როგორიც სხვა პარტნიორებთან შეხვედრისას ჰქონდა. ზუსტად არ იცოდა, რატომ მოუნდა ევას მთვარის სონატის ფონზე წითელი ღვინის დაგემოვნება. თუმცა, როცა სასმელმოკიდებულს ლოყები აუწითლდა და სუნთქვაგახშირებულმა ძლივს ამოთქვა ერთადერთი სიტყვა, ვიცეკვოთო, კონსტანტინემ უარი ვეღარ თქვა. ნელი მუსიკის ფონზე ფრთხილად არხევდნენ ტანს და თანდათან მუსიკაში იკარგებოდნენ. აღარ ისმოდა ბეთხოვენის ემოციები, აღარ იგრძნობოდა ღვინის სურნელი... ახლა იყვნენ მხოლოდ ევა და კონსტანტინე. და საბოლოოდ, როცა თავები დაკარგეს, დარჩა ქალი, სავსე მკერდითა და გრძელი ფეხებით, კაცის ძლიერ მკლავებს შორის...ბნელი, ცხელი ღამე ზაფხულის სინათლემ შთანთქა. ევას ხორბლისფერი კანი ოქროსფრად აელვარდა მზის სხივებთან შეხვედრისას. სუსტი მკლავები გაშალა ქალმა, მთელი საწოლი მოიცვა. თეთრ მატერიაში გაეხვა, თითქოს ასე დაემალა მწველ მზეს. მერე უფრო დაცხა. შეწუხებულმა ამოიხვნეშა, თვალდახუჭულმა გადაიხადა თხელი საბანი, ტელეფონის ძებნა დაიწყო და როცა ხელზე სიცივე იგრძნო, მაშინვე ჩაეჭიდა. ძლივს გაახილა დამძიმებული თვალები, განათებულ ეკრანს რომ დახედა, ისევ მოუწია დახუჭვა. რამდენჯერმე დაახამხამა და მაშინვე თვალში მოხვდა გამოტოვებული ზარების რაოდენობა...
აია ეძებდა.
ნელ-ნელა ამოტივტივდა ევას თვალწინ ის, რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა. მშვიდი საღამო, წყნარი მუსიკა, ღვინო და კაცის ცხელი სუნთქვა მის სახეზე. მერე ისიც გაახსენდა, რომ ეს კაცი კონსტანტინე ალაზნისპირელი იყო. კონსტანტინე, რომლის ნახვაც იმ წუთიდან აღარ უნდოდა, მის კომპანიაში, მის კაბინეტში რომ აღმოჩნდა.
გაუკვირდა, ასე გვიან რომ გაიღვიძა. თან სიმპატიური შავგვრემანიც არ იწვა მის გვერდით... ნეტავ, როდის ადგა ან სად იყო?
საძინებლიდან გასულმა მოკლე კაბა შეისწორა და ყავის მომზადება დაიწყო. სწორედ მაშინ დაინახა ჭურჭლის საწურზე დადებული პატარა ფინჯანი. მერე ისიც შეამჩნია, საშაქრე სხვანაირად რომ იდგა და გაეღიმა. გაეღიმა, რადგან ცხადად დაინახა, როგორ სვამდა ყავას ჩაფიქრებული ალაზნისპირელი, სანამ უცხო სახლს დატოვებდა.