ადამიანი პირველი შთაბეჭდილებით არ უნდა განსაჯოს, იცის ეს.
მუდმივად იცვლება ადამიანი, ესეც იცის...
ერთი ადამიანი მეორეს ბოლომდე ვერასდროს გაიცნობს, ესეც ზუსტად იცოდა...
მაგრამ კონსტანტინე ალაზნისპირელი ასეთი არ წარმოედგინა. ალაზნისპირელი ადამიანს მხოლოდ სხეულით ჰგავდა, ამიტომ სჯეროდა, რომ არანაირი ემოცია არ გააჩნდა და უემოციო ადამიანი ცოცხალს აღარაფრით ჰგავს. ვერ წარმოიდგენდა, თუ მასაც ჰქონდა ცხოვრება, უგრძნობ არსებად ქცევის მიზეზი... ვერ წარმოიდგენდა, თუ ჰყავდა მეგობრები ან ერთგულ კატაზე თუ შესტკიოდა გული... მერე? მერე, იქნებ, ჩაღრმავებოდა ალაზნისპირელს, იქნებ ჩაეხედა მის თვალებში და იქ დაენახა მისი არაადამიანობის მიზეზი, მაგრამ ახლა ევა მხოლოდ გაკვირვებას მალავდა, რადგან წარმოუდგენელი სურათი დაეხატა თვალწინ.
-მოგკლავ! ვერ გახვალ აქედან! ჩემი კატა მომიყვანე! ჩქარა!
-აქ არის... აქ არის!
-არ არის, გიორგი! შენ და შენი გოგო ხართ აქ!
-სიმბაც აქ არის, გეფიცები!
-რა სახელია სიმბა, არასდროს მესოდა,-ჩაილაპარაკა უცნობმა ლამაზმანმა, რომელიც კიბიდან უყურებდა დერეფანში მორბენალ კონსტანტინესა და გიორგის.
წამით დადუმდა სახლი, აღარ ისმოდა სერიოზული მამაკაცების განწირული მუქარა და ვედრება...
ევა აკანკალდა, თან ეცინებოდა, თან უკვირდა და თან ეშინოდა. აიას მზერა იგრძნო და მისი ხმაც გაიგო:
-მგონი, მოკლა...
ძლივს შეიკავა სიცილი, ალბათ, უცხო ქალბატონის მოერიდა.
წამში კარის ჯახუნი გაისმა და ხმებიც განახლდა.
-გეთქვა, აქ თუ მოდიოდი! სხვაგან წავიყვანდი!-ყვირის გიორგი.
-ჩემს სახლში ისე მოდიხარ, არც მეუბნები!
-შენ თვითონ მომეცი ნება თხუთმეტი წლის წინ!
კიბეებისკენ გამოიქცა გიორგი. ლამაზმანი გვერდით გაიწია, გზა დაუთმო კაცებს.
კონსტანტინე გაჩუმდა, დეტალურად გაახსენდა თხუთმეტი წლის წინანდელი დიალოგი... მხოლოდ გაქცეულ გიორგის გაეკიდა, დანებებას არ აპირებდა.
-სიმბა!-წამოიყვირა ბოლოს, როცა კიბეზე მდგარმა ევას გვერდით მშვიდად მჯდომი კატა დაინახა. კატამ დაიკნავლა. გიორგი საცოლეს ამოეფარა, კოსტა გაატარა. მერე კი ქალს გადაუჩურჩულა:
-ეს ორი რამ გააძეგლა?-და ევასა და აიაზე მიანიშნა.
-თქვენ,-მშვიდად უპასუხა ქალმაც.