《6》

1.1K 46 0
                                    

დერეფანში მელოდებოდა კართან, თვითონაც გამოეცვალა, ძალიან უხდებოდა ქურთუკი ბეწვმოვლებული კაპიუშონით, თითქმის თვალებამდე ჩამოფხატებული ცისფერი ნაქსოვი ქუდი და მაღალყელიანი თბილი ბოტები, იდგა და ისე საყვარლად მიღიმოდა თითქოს ცოტა ხნის წინ არაფერი მომხდარიყოს, მომიახლოვდა, ყურადღებით შემათვალიერა, ქუდი გამისწორა და ქურთუკი ბოლომდე შემიკრა.
- ასეც ვიცოდი რომ ნატას ტანსაცმელი მოგერგებოდა, თითქმის ერთნაირი აღნაგობა გაქვთ, ყველაფერი ძალიან გიხდება, -შემომცინა, ლოყაზე მსუბუქად შემეხო თითებით და კარისკენ შებრუნდა.
- მოიცადე დემეტრე, -მკლავში ხელი ვტაცე და შევაჩერე, -მე... მაპატიე, ცოტა ხნის წინ ცუდად გამომივიდა, არ მინდოდა ასეთი უხეში ვყოფილიყავი, ბოდიში.
სახე გაუნათდა, მივხვდი, ბოდიშის მოხდა ეს უკანასკნელი რამ იყო რასაც ახლა ჩემგან ელოდა, თვალებში ისევ დაუბრუნდა საყვარელი მხიარული ნაპერწკლები და იმედი მომეცა რომ ჩემი სისულელის გამო მასთან სამომავლო ურთიერთობის შანსი დაკარგული არ მქონდა.
- ეს მე უნდა მოგიხადო ბოდიში, ზედმეტად მძაფრი რეაქცია მქონდა, -თბილად მითხრა, კარი გააღო და თავაზიანად დამითმო გზა.
ეზოში გავედით თუ არა ხელები გავშალე, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი, ბავშვობა გამახსენდა, ის დრო როცა თბილისშიდაც კი ყოველ ზამთარს თოვდა, თავი უკან გადავხარე და ენა უზარმაზარ ფიფქებს შევუშვირე, არ ჩერდებოდნენ, ტრიალ-ბზრიალით ეცემოდნენ ჩემს ენაზე და დნებოდნენ.
- გემრიელია? -მომესმა ყურთან ძალიან ახლოს, ლოყაზე ცხელი სუნთქვა მომეფრქვა და წელზე ძლიერი მკლავები ვიგრძენი, მაგრამ ამჯერად უფლება არ მივეცი რომ ამ მაცდური ხმით და დამათრობელი სურნელით ჩემთვის გონება აერია, კისკისით დავუსხლტი მკლავებიდან, რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი, თოვლს დავწვდი და მოზრდილი გუნდა პირდაპირ სახეში გავუქანე, თავის არიდება ვერ მოასწრო, იდგა ასე ღიმილშეყინული, ლოყაზე თოვლით და გაბრაზებული აბრიალებდა შავ თვალებს, მერე ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემსკენ, ისე მიყურებდა აშკარად არ ჰქონდა კარგი განზრახვა.
- არ გაბედო, არ მომიახლოვდე, ვიყვირე და გაქცევა ვცადე, მაგრამ წელამდე თოვლში სადამდე ვირბენდი, რამდენიმე წამში დამიჭირა და ხელში ამიტაცა, წარბშეკრული დამყურებდა და ვხედავდი როგორ უჭირდა ღიმილის შეკავება.
- საშინელ შურისძიებას ვგეგმავდი მაგრამ ასე პატარა, უმწეო შველივით დამფრთხალი და ლოყებაწითლებული, ისეთი საყვარელი ხარ გადავიფიქრე.
- ჰოდა გამიშვი ხელი, -ძლივს ამოვიკნავლე და მის მკლავებში ავფართხალდი.
- მე ვთქვი რომ საშინელი შურისძიება გადავიფიქრე, სულ ისე გამოძვრებითქო არ მითქვამს, -დაიხარა და ლოყაზე ფრთხილად შემახო გათოშილი ტუჩები, შემაჟრჟოლა თუმცა ეს აშკარად არ იყო სიცივის ბრალი, ჩემდაუნებურად მივნაბე თვალები და მისკენ წავიწიე, მერე ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს საყრდენი გამომეცალაო, რამდენიმე წამს ჰაერში ვიფრინე და თავით ჩავეშვი თოვლში, უკან კი ხმამაღალი, მხიარული სიცილი მომყვა.
დიდხანს ვთამაშობდით პატარა ბავშვებივით, მასთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მთელი ცხოვრება მასთან ერთად მქონდა გატარებული, არანაირი უხერხულობა ან უცხოობა, მასთან ისეთი ვიყავი როგორი მაოც უკვე დიდი ხანია დავიწყებული მყავდა, ჩემში იმ მივიწყებულ გრძნობებს აღვიძებდა რომლებიც სადღაც ღრმად მქონდა ჩამარხული იმის შიშით რომ გული არ მტკენოდა, თუმცა ახლა როცა მას ვუყურებდი ვხვდებოდი რომ ჩემი უაზრო შიშების გამო მისი დაკარგვა არ მინდოდა, ნეტავ თუ გამომივა? შევძლებ კი მოსალოდნელ შედეგებთან გამკლავებას?
- რაზე ფიქრობ? -გამოვერკვიე, ჩემს წინ იდგა და თვალებში ინტერესით სავსე მზერით შემომცქეროდა.
- მე? არაფერზე არ ვფიქრობდი.
- არაფრის გამო იდექი მთელი ორი წუთი გაშეშებული და მზერაგაშტერებული?
ჯანდაბა, სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა, აშკარად ისეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება ვერაფერს რომ ვერ გამოაპარებ.
- მგონი დავიღალე და ამის ბრალია ყველაფერი, -უნიჭო ტყუილი დავახეთქე და ტყუილის განსამტკიცებლად ყურებამდე გავიღიმე.
- კარგი, რაკი შენ ამბობ რომ ასეა, ესე იგი მართლაც ასეა, -თვითონაც გამიღიმა და ხელი გამომიწოდა,
-წამოდი სახლში შევიდეთ, დღეისთვის გვეყოფა.
●●●●●●●●●●●●●●●●●●●●□●□●●●●●●●●
შევედით თუ არა ბუხარში შეშა შეამატა და ააგიზგიზა, ბუხრის წინ მუხლებზე დავდექი და შემცივნული კატასავით მივეფიცხე.
- ჯობია გამოიცვალო შარვალი სველი გექნება, -ჩემზე ზრუნვას არ სწყვეტდა.
- მეზარება და თან საძინებელში ძალიან ცივა, -დავიწუწუნე.
- ტანსაცმელი ჩამოიტანე და აქ გამოიცვალე, -უცებ მოძებნა გამოსავალი.
- აუ, კარგი რა, -ახლა საშინლად მესიკვდილებოდა ამ სითბოს მიტოვება.
- ნუ ზარმაცობ, გაცივდები და მერე რა გიყო, -შეუვალი იყო და მეც მეტი ვეღარ შევეწინააღმდეგე, წამოვდექი და ის იყო გასასვლელისკენ უნდა შევბრუნებულიყავი რომ ბუხრის თაროზე მოთავსებულ საოჯახო ფოტოებს მოვკარი თვალი, ყველა ფოტოდან ბედნიერი ოჯახი შემომყურებდა, ახალგაზრდა ქერათმიანი მსხვილტუჩებიანი ლამაზი ქალი, ლურჯთვალება ბიჭი, პატარა საყვარელი გოგო და საოცრად ნაცნობი მამაკაცი, რატომღაც ვიფიქრე რომ მეჩვენებოდა, ან ეტყობა ჩემს ქვეცნობიერს სურდა რომ მოჩვენება ყოფილიყო, ყველა ფოტოდან ერთი და იგივე სახე მიყურებდა, ისეთი მშვიდი, წყნარი, ბედნიერი და ამაყი ჩანდა... ერთხელ მაინც რომ შემოეხედა ასე ჩემთვის, ერთხელ მაინც... ხელები ამიკანკალდა და სიმწრისგან მთელი ძალით ვიკბინე ტუჩზე, ახლა რა ვქნა, ნეტავ დამთხვევაა თუ ბედის ირონია რომ ახლა ამ სახლში ვარ, ერთდროულად შემიპყრო უმწეობის გრძნობამ და საშინელმა სიბრაზემ, ერთი ხელის მოსმით გადმოვყარე ბედნიერი ოჯახის ფოტოები ძირს, ხმამაღლა ვიყვირე და იქვე უღონოდ ჩავიკეცე...
●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
არ მახსოვს როგორ ამიყვანა ხელში დემეტრემ, გონს რომ მოვედი მის მუხლებზე ვიყავი მობუზული, დივანზე იჯდა, გულზე მიხუტებდა და თმაზე მეფერებოდა, არაფერს მეუბნებოდა, უბრალოდ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, ცუდად ვიყავი, არც კი ვიცოდი რას ვგრძნობდი, იმდენი ემოცია ტრიალებდა ჩემში ლამის იყო გავგიჟებულიყავი, ბრაზი, ტკივილი, უმწეობის განცდა, აღშფოთება და უიმედობა, ერთბაშად მესხმოდა თავს, მე კი ტირილსაც კი ვერ ვახერხებდი რომ გული მომეოხებინა...
- დღეს საჭმელს რომ ვაკეთებდი კარადაში ვისკის ბოთლი ვიპოვე, არ გინდა რომ ცოტა დავლიოთ?
-შემომთავაზა ისე უბრალოდ თითქოს ცოტახნის წინ სცენები არ მომეწყოს, ყველაფრის მიუხედავად მაინც გამეღიმა, სულელური დაკითხვის მაგივრად დალევა შემომთავაზა, ნამდვილად არ შევმცდარვარ, ხომ ვამბობდი რომ იდეალურია...
უხმოდ დავუქნიე თავი და მისი მუხლებიდან გადავცოცდი, იქვე მიგდებული პლედი აიღო და დამაფარა, მერე სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში ხილით სავსე თეფშით და სასმლით დაბრუნდა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა, ლამაზორნამენტებიანი განიერი ბოთლიდან არომატული სითხე დაასხა, თავისი ჭიქა აიღო, ყოველგვარი სადღეგრძელოს და შესავლის გარეშე გამოცალა, უხმაუროდ დადო მაგიდაზე და ისე შემომხედა თითქოს მიწვევსო, მე კი რისი მაო ვიყავი ეს გამოწვევა არ მიმეღო, მეც ერთბაშად გამოვცალე და ისე დავიჯღანე რომ სიცილი ვერ შეიკავა, კიდევ ერთხელ შემივსო ჭიქა, ისევ დავლიე, სასიამოვნო სითბომ დამიარა სხეულში, დაჭიმული კუნთები მომიდუნდა, დემეტრეს ამჯერად აღარ შეუვსია ჭიქა, ჩემი ხელი აიღო, მაგრად მომიჭირა და თბილი მზერა შემომანათა, მივხვდი ელოდა როდის დავიწყებდი მოყოლას, არ ვიცი ორმა ჭიქა სასმელმა შემმატა გამბედაობა თუ მოთმინების ფიალა ამევსო მაგრამ საშინლად მომინდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა და თან ყველაზე მთავარიდან დამეწყო...
- ის არაკაცი, -ბუხრის წინ მიყრილ დამსხვრეული საოჯახო ფოტოებისკენ გავიშვირე თითი, -ის , ის არარაობა, ოჯახურ ფოტოებზე ასე ამაყად და ბედნიერად რომ გამოიყურება მამაჩემია, -ვთქვი და თითქოს შვებით ამოვისუნთქე, თუმცა რატომღაც სირცხვილის გრძნობაც ვიგრძენი იმის გამო რომ ირაკლისნაირ არარაობას მამაჩემი ერქვა, დემეტრეს შევხედე, გაოცებას ვერ მალავდა.
- თუ ირაკლი მამაშენია, ესე იგი რა გამოდის რომ ონისე...
- ჰო ასე გამოდის, ონისე ჩემი ძმაა, -ვთქვი და ახლაღა გავაცნობიერე თუ როგორი ბრმა და სულელი ვიყავი აქამდე რომ ვერ მივხვდი ამას, იქ ბარში როცა მისი ზუსტად ჩემნაირი ლურჯი თვალები პირველად ვნახე, შემდეგ როცა დემეტრემ მითხრა რომ ონისე ერქვა...
- შენ არაფერი არ იცოდი სანამ ის ფოტოები არ ნახე, -არ უკითხავს, უბრალოდ ფაქტი აღნიშნა.
- არ ვიცოდი, არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად ვიცოდი რომ ძმა მყავდა რომელსაც ონისე ერქვა, ცოტა ხნის წინ გავიგე და შემდეგ სანამ ეს ფოტოები არ დავინახე ფაქტები ერთმანეთს ვერ დავუკავშირე, აქედან წასვლა მინდა დემეტრე გთხოვ უნდა წავიდე, იმ კაცის სახლში ყოფნა არ შემიძლია, არ მინდა მასთან რაიმე სახის კავშირი მქონდეს, -ჩემდა უნებურად ავცახცახდი და დემეტრეს ძლიერი მკლავები რომ არა რომლებითაც მთელი ძალით მიხუტებდა გულზე, ალბათ დამშვიდება ძალიან გამიჭირდებოდა.
- დამშვიდდი, ამ სახლთან ირაკლი არაფერ შუაშია, აქაურობა ონისეს ეკუთვნის, საკუთარი ხელით და საკუთარი ფულით ააშენა, შეიძლება ირაკლის შენს მიმართ დანაშაული მიუძღვის მაგრამ ონისეს შენთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით, რაც გაიგო რომ და ჰყავს იმის შემდეგ გამწარებული გეძებს.
- ირაკლიმ იცის რომ ონისე მეძებს?
- არ იცის, ჯანდაბა ახლა დავფიქრდი იმაზე რა მოხდება როცა ჩამოგვაკითხავს და გაიგებს რომ თურმე საკუთარი დის მოტაცება დაუგეგმავს, მისი სახე წარმოვიდგინე და... მაპატიე მაგრამ ახლა თუ არ გავიცინე მოვკვდები, -ხელი გამიშვა, ფეხზე წამოდგა და გულიანად ახარხარდა, რამდენიმე წამს შეუჩერებლად იცინოდა, მერე ჩემს წინ მუხლებზე დაეშვა და თავი კალთაში ჩამიდო, მხრები ჯერ კიდევ სიცილისგან უცახცახებდა, თავი ვერ შევიკავე, თითები თმებში შევუცურე და მოფერება დავუწყე, უეცრად გაყუჩდა, დამშვიდდა, მგონი სუნთქვაც კი შეიკავა, თითქოს ეშინოდა რომ დამაფრთხობდა და მის მოფერებას შევწყვეტდი.
- სიცილი გიხდება, -წამომცდა უნებურად მაგრამ არც ამჯერად დამაცადა დარცხვენა და გაწითლება, ფრთხილად ასწია თავი ჩემი მუხლებიდან და ცარიელ ჭიქაზე მანიშნა.
- დავლიოთ კიდევ ერთი?
- დავლიოთ, ოღონდ ამჯერად სადღეგრძელო უნდა თქვა, -გამეღიმა, როცა ჭიქა ასწია და საოცრად სერიოზული სახით მოემზადა.
- ონისეს გაუმარჯოს, ის რომ არა ახლა ჩემს გვერდით არ იქნებოდი, -დალია და საყვარლად ამიხამხამა გრძელი წამწამები.
- ჰო, ჩემს ძმას გაუმარჯოს რომელმაც საკუთარი დის მოტაცება იმიტომ დაგეგმა რომ მეგობარი გაეხარებინა, -დაბოღმილი ადამიანივით ჩავიბურტყუნე და მეც გამოვცალე ჭიქა.
- მან არ იცოდა და არც ახლა იცის რომ მისი და ხარ, -აშკარად მის დაცვას ცდილობდა.
- აშკარად ისიც არ იცოდა რომ ადამიანის მოტაცება რა მიზნითაც არ უნდა იტაცებდე დანაშაულია და გაუმართლებელია, არავითარი გამართლება არ აქვს იმას რომ ადამიანს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ იტაცებ და სადღაც ჯანდაბაში მიგყავს, შეიძლება ვინმეს რომანტიულადაც მიაჩნია ასეთი რამ მაგრამ ჩემი აზრით ეს უბრალოდ ძალადობაა და მეტი არაფერი, მე უბრალოდ გამიმართლა რომ ვიღაც მანიაკი არ აღმოჩნდი, წარმოგიდგენია რამდენი გოგო ხდება ამ რომანტიზირებული ძალადობის მსხვერპლი? რამდენი ოჯახი იქმნება უსიყვარულოდ...
- დამშვიდდი მაო, მე არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი რამის მომხრე, ის კი არადა, შენთან უბრალოდ მოახლოება და საკუთარ გრძნობებში გამოტყდომაც კი ისე მიჭირდა რომ, იმ სულელმა ასეთი რამ დაგეგმა.
მისი სიტყვების გამო ჩემი გაოცებული სახის დანახვისას, გაეღიმა, -ონისე ძალიან კარგად მიცნობს და იცის რომ არაფერს დაგიშავებდი, სხვა შემთხვევაში ამას არ გააკეთებდა, მართლა არ არის ცუდი ადამიანი.
- როგორც ვხედავ ძალიან გიყვარს.
- მარტო მე არ მიყვარს, სამეგობროში ყველა გიჟდება ონისეზე, ჩვენზე ყველაზე რამდენიმე წლით პატარაა, ხანდახან უცნაურია, ხანდახან ჯიუტი და თავნება, ხანდახან აუტანელი, მაგრამ ერთგულია, კეთილი, კარგი მეგობარია, მეგობრისთვის სულის გაღება რომ არ დაენანება ისეთი, მოკლედ ტიპიური სვანია რა, -ისეთი სიყვარულით სავსე ხმით საუბრობდა ონისეს შესახებ რომ მივხვდი რაც შეიძლება მეტი რამის გაგება მინდოდა იმ ბიჭზე რომელიც ასე ძალიან უყვარდათ.
- ნატა? ნატაზე რას მეტყვი?
- ძალიან საყვარელი ბავშვია, უჩვეულოდ ლამაზია, სხვა ბავშვებს არ ჰგავს, ასაკთან შედარებით დინჯია და ჭკვიანი, გულჩათხრობილია, ონისე გიჟდება მასზე, ვფიქრობ მასაც ძალიან გაუხარდება რომ გაიგებს რომ უფროსი და ჰყავს.
უნებურად შემშურდა მათი, სხვა თუ არაფერი ერთმანეთი ჰყავდათ, მე კი ყოველთვის სულ მარტო ვიყავი, დედას გარდა არასდროს არავინ მყოლია გვერდით.
- რაზე ჩაფიქრდი?
- მათზე ვფიქრობდი, ონისე რამდენი წლისაა?
- ოცდაორის.
- ესე იგი სულ რაღაც ორი წლითაა ჩემზე უფროსი და შენ რამდენი წლის ხარ?
- ოცდაშვიდის.
- სერიოზულად? არადა არ გეტყობა რომ ასეთი მოხუცი ხარ, -მხიარულად გადავიკისკისე და ჭიქაზე ვანიშნე რომ შეევსო, ღიმილით გამიქნია თითი ცხვირწინ.
- მგონი უკვე საკმარისი დალიე, კიდევ თუ დაამატებ დათვრები და სად გვაქვს ჩემნაირ მოხუცებს თქვენნაირი ახალგაზრდების მოვლის თავი,
- დალევა მინდა და დავლევ, შენ კი ნუ მიტრიალებ მაგ შენს ლამაზ თითებს ცხვირწინ, -გამოვაცხადე ომახიანად, კიდევ ერთი ჭიქა დავისხი და დავლიე.
- მთვრალი ისეთი საყვარელი ხარ ამის შემდეგ ხშირად უნდა დაგათრო ხოლმე.
- ამის შემდეგ ვეღარ დამათრობ.
- რატომ?
- იმიტომ რომ როცა თბილისში დავბრუნდებით... როცა დავბრუნდებით... -ენა დამება და სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი არადა დავინახე როგორ დაიძაბა, სახე წამში დაუსერიოზულდა და სხეული დაეჭიმა.
- რა მოხდება როცა თბილისში დავბრუნდებით? -მკითხა მშვიდი, შემპარავი ხმით.
- არაფერი, უბრალოდ ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდებით, -შევეცადე მშვიდად მეპასუხა.
- და რა არის შენი ცხოვრება? უნივერსიტეტი, სახლი და ისეთი დამღლელი სამუშაო რომ შენი თავისთვის რამდენიმე წუთიც კი აღარ გრჩება?
- ჰო, სულ ეს არის ჩემი ცხოვრება, რა მოხდა ბანალურად და მოსაწყენად გეჩვენება? ყველას არ აქვს იმის ფუფუნება რომ ისე იცხოვროს როგორც მოეხასიათება, სამსახური მჭირდება, მხოლოდ იმიტომ არ ვმუშაობ რომ მეხალისება.
- ჯერ მხოლოდ ოცი წლის ხარ, მარტო ცხოვრობ, სწავლობ, მუშაობ, ამ ყველაფერს როგორ ახერხებ?
- ახლა არ მითხრა რომ გებრალები, -ვუთხარი და შიშით შევხედე თვალებში, მეშინოდა რომ იქ ჩემს მიმართ სიბრალულს დავინახავდი და ვიცოდი რომ ეს მომკლავდა, ვცდებოდი, აღფრთოვანებული შემომყურებდა, ფრთხილად მომხვია ხელები, მიმიზიდა და მკერდზე მიმიკრა, -შენით ვამაყობ მაო,
-ჩამჩურჩულა და ნაზად მაკოცა შუბლზე, ქვემოთ ჩავცოცდი, თავი მუხლებზე დავადე და მოვიკუნტე, პლედი გადამაფარა, გრძელი თითები თმებში შემიცურა და ნაზად აამოძრავა, ვერც კი მივხვდი როგორ გავითიშე.
იმ ღამით აღარ თოვდა, საოცარი სიჩუმე იყო გამეფებული ფერდობზე ეულად მდგარი სახლის გარშემო, სავსე მთვარე უჩვეულო ძალით კაშკაშებდა და მისტიურ ელფერს სძენდა ხელუხლებელი თოვლით დაფარულ მწვერვალებს, ბუხრის ცეცხლით გამთბარ მისაღებში დივანზე, დემეტრეს მუხლებზე თავდადებულს ეძინა მაოს და მშვიდად ფშვინავდა, სანთლების შუქი, რბილ სინათლეს ჰფენდა ოთახს, ხმელი შეშა სასიამოვნოდ ტკაცუნებდა, ეძინა დემეტრესაც, იჯდა მაოს თმებში თითებახლართული, უკან თავგადაგდებული და ტუჩებზე ღიმილშერჩენილი...

----------------------------------_________________

......................🧡🏵.......................

"მარტივი ბედნიერება"Where stories live. Discover now