*ერთი კვირის შემდეგ*
დღეს ჩემი მშობლები მოდიან სტუმრად. საბოლოოდ, უნდა ვუთხრა, რომ მადელინი ჩემი მეგობარი კი არა, ჩემი შეყვარებულია. რა რეაქცია ექნებათ? საშინელი. ჩხუბს დამიწყებენ და დამამცირებენ კიდეც სიტყვებით. თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, მტკიცედ ვიდგები და არ დავეცემი.
საერთოდ არ ვნერვიულობ. ნუ, რეაქცია ვიცი და ზუსტად ვიცი რასაც მეტყვიან. საერთოდ არ მადარდებს მათი აზრი და არც არასდროს მადარდებდა. თავის დროზე, სანამ მართლა მაღელვებდა ისინი რას ფიქრობდნენ ჩემზე, იმ დროს გული ძალიან მატკინეს.
რის გამო? სრულიან უმიზეზოდ. რაც არ უნდა მექნა, თუნდაც სულ უმნიშვნელო შეცდომა დამეშვა, მაშინვე მიწყებდნენ დატუქსვას. ყველანაირად ვცდილობდი, რომ ყველაფერი სწორად გამეკეთებინა. თუმცა, საკმარისად ძლიერი არ ვიყავი და დავეცი. ნაწილებად დავიშალე. საკმაოდ დიდი დრო ასე ვიყავი. დამტვრეული, განადგურებული და უსიცოცხლო. სუიცზეც ვფიქრობდი. თუმცა, არაფრის ძალა და დრო არ მქონდა. მთელ დროს, ან სწავლაში, ან ტირილში ვატარებდი. სათვალავიც კი ამერია, რამდენი ღამე გამითენებია ტირილში. ყველა პატარა სიტყვა მოქმედებდა ჩემზე და უარესად მანადგურებდა.
საბოლოოდ, ჩავიბეჭდე გონებაში ის აზრი, რომ არავის ვადარდებდი და არავინ მყავდა, ჩემი თავის გარდა. ყველაფერი მარტომ გავაკეთე. ყველა და ყველაფერი დავიკიდე გარშემო. ნელ-ნელა, გული გამიმთელდა. მაგრამ, აღარავის ვენდობოდი. ემოციები უკანა ფონზე გადავწიე და გონებით მოქმედება დავიწყე. ცივად ვექცეოდი ყველას.
ამ სიცივის გამო რას აღარ მეძახდნენ და რას არ მეუბნებოდნენ. უჟმური, უგულო, გულქვა, ბოროტიც კი. თუმცა, აღარავის ვუსმენდი. ან რატომ უნდა მომესმინა? რომ ისევ გავნადგურებულიყავი?
ასე ცივად ყოფნაში წლები გავატარე. უემოციოდ ვიყავი მუდამ. არაფერი მახარებდა და არაფერი მწყინდა. ყველაფერი აზრობა იყო. მანამდე, სანამ ჩემს ცხოვრებაში მადელინი გამოჩნდებოდა.