- ნუთუ არ ფიქრობ, რომ შენს ასაკში ამდენი პირსინგი არანორმალურია?
ბექიონი ფრთხილად აცურებს ხელს ჩანიოლის დაკუნთულ მკერდზე და გახვრეტილ ძუძუსთავს ეხება. ჩანი წუთით სუნთქვას წყვეტს და ჩუმად პასუხობს :
- არ ვფიქრობ. ყოველ ჯერზე, როცა თავს განსაკუთრებით ცუდად ვგრძნობ, მივდივარ და კიდევ ერთ ნახვრეტს ვიმატებ.
- გსიამოვნებს, როცა არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც აყენებ ტკივილს? - ბექიონი წელში იხრება და ჩანიოლის ხელზე მიხატულ ტატუს ათვალიერებს.
- როდესაც ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობ, თავშიც მხოლოდ ამ ტკივილის შეგრძნება რჩება და ვერეფერზე ვეღარ ვფიქრობ, იმის ჩათვლით, ვინც ყოველთვის ავსებს ჩემს ფანტაზიას. - ჩანიოლი თვალებში უყურებს ბაეკს და გაუაზრებლად ადებს ხელისგულზე საკუთარ ხელს. ასე თავს უკეთესად გრძნობს.
ბექიონი ღელავს და სწრაფი მოძრაობით ხელს აშვებინებს :
- და აქ რა გაწერია? - ის იშმუშნება და ჩანის მარცხენა მკერდზე დაწერილ ერთადერთ სიტყვას აშტერდება.
ჩანიოლი ქვედა ტუჩზე იკბენს, თვალებს ხუჭავს და თავით ბალიშზე ეცემა. ბოლოს კი ისე მძიმედ ამოისუნთქებს, თითქოს ასკილომეტრიანი დისტანციის გარბენას აპირებს და პასუხობს :
- Mutter.
- როგორ? - ბაეკი ვერ ხვდება, რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვა.
- Mutter, - იმეორებს ჩანი. – "დედა" გერმანულ ენაზე. ერთხელ, სადღაც მოვისმინე და ძალიან მომეწონა მისი ჟღერადობა.
ის გაუაზრებლად ჰხვევს საკუთარ მხრებს ხელებს, თითქოს გათბობას ცდილობს და წარბებშეკრული კანკალს იწყებს. ცოტა ხნის შემდეგ, ჰაერს ისუნთქავს და ისევ აგრძელებს საუბარს :
- Mutter, Okaa-san, Mother, Maman, Umma, დედა... რა ენაზეც გინდა წარმოთქვა ეს სიტყვა, მაინც საოცრად ლამაზია. თითქოს სითბოთი და სიყვარულითაა სავსე. და მისი წარმოთქმა ისეთი სასიამოვნოა...
ის ტრიალდება განაბული ბაეკისკენ და ჩურჩულით ეუბნება :
- მინდა, რომ ასე დავუძახო დედას...
წუთით ოთახში სიჩუმე ისადგურებს. ბექიონი ზურგზე წვება, ხელებს თავქვეშ ილაგებს და სიჩუმეს არღვევს :
- როდისმე გინახავს?
ჩანიოლი თავს აქნევს :
- არასდროს. - გულაჩუყებული ბაეკისკენ ტრიალდება და ფრთხილად ეხება მის თბილ ხელს. ბაეკი ისევ ცბუნდება, მაგრამ ამჯერად ხელს აღარ აშვებინებს.
- ჩემი მახსოვრობა ერთადერთ მოგონებას ინახავს მასზე. მაშინ სულ პატარა ვიყავი, მაგრამ რატომღაც გარკვევით მახსოვს მისი ჩახუტება. მე არ დამინახავს მისი სახე, მაგრამ სხეულის სითბო, მისი ზრუნვა და სიყვარული... იმდენად ძლიერი და მკაფიოა, რომ ვიცი - ის ნამდვილია. ის დედაჩემი იყო... და მას ძალიან ვუყვარდი.
ჩანი თავისუფალ ხელისგულს მკერდზე იცურებს და წითლად ამოტვიფრულ ლათინურ ასოებზე ჩერდება :
- მე არასდროს მინახავს დედა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მთელი არსებით მიყვარს. და თუ ის არ არის ჩემს ცხოვრებაში, მინდა, რომ სამუდამოდ რჩებოდეს ჩემს გულში. ჩემს სულში. ჩემი კანის ქვეშ.
ჩანი ჩუმდება და მძიმედ, რიტმულად სუნთქვას იწყებს. ცდილობს გადაყლაპოს ყელში მოწოლილი ბურთი.
ბექიონიც მასთან ერთად დუმს და ზედმეტად სევდიანი თვალებით აკვირდება. მოულოდნელად, ის წინ იხრება და ჩანიოლს გულში იხუტებს.
ჩანის პატარა ბავშვივით გული უჩუყდება და ნაზად ეხვევა ბაეკის თხელ სხეულს.
- ბექიონ...
თითქოს რაღაცამ მკერდი გადაუხსნა - ჩანიოლი მსუბუქად და თავისუფლად იწყებს სუნთქვას.
- მოკეტე, - ჩურჩულებს ბაეკი და ჩანის საუბრის გამო თვალებში მოწოლილ ცრემლებს ებრძვის. თითებით კი მის ფართო მხარ-ბეჭს ებღაუჭება. - უბრალოდ მოკეტე...
YOU ARE READING
Mutter / დედა
Fanfictionმთავარი გმირები : Park Chan Yeol და Byun Baek hyun ჟანრი : იაოი, დრამა, ფსიქოლოგია გაფრთხილება : არაცენზურული სიტყვები, 18+ ავტორის შენიშვნა : Rammstein - Mutter Die Tränen greiser Kinderschar მრავალი მოხუცი ბავშვის ცრემლე...