წვიმის წვეთების ხმაურმა გამაღვიძა. საკმაოდ ბნელი დილა გათენდა. გარეთ კოკისპირულად წვიმდა. ჩემს ტუმბოზე შემოდებული ძველისძველი ხის საათი ცხრის ნახევარს აჩვენებდა. ნახევარ საათში უნდა მოვმზადებულიყავი, რომ პირველი გაკვეთილისთვის მიმესწრო.
პანსიონი მხოლოდ იმისთვის არ იყო, რომ ჩვენთვის ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია და თავზე ჭერი მოეცა. აქ ჩვენს განათლებაზეც ზრუნავდნენ. თითოეულ ჩვენგანს რეგულარული გაკვეთილები უტარდებოდა, რომლებზეც გვასწავლიდნენ უცხო ენებს, მუსიკას, ხატვას.
ოც წუთში უკვე მზად ვიყავი. ჩემი ოთახის კარი გავაღე და კორიდორში გავედი. ჩვენს სართულზე სულ ოთხი ოთახი იყო. ჩემი ოთახი კორიდორის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა. დანარჩენი ოთახებიდან ორი რომელიც გრძელი დერეფნის მარჯვენა და მარცხენა ჩაყოლებაზე იყო განლაგებული ჯიმინს და ჰოსოკს ეკუთვნოდა. ჩემთან ყველაზე ახლოს მდებარე ოთახს კი საკუჭნაოდ იყენებდნენ. დერეფნის კედლებზე გაკრულ ძველისძველ შპალერზე მითიური არსება აბრაქსასი იყო გამოსახული, რომელსაც მამლის თავი ჰქონდა, გველის ფეხებზე იდგა და ხელებში წკეპლა და ფარი ეჭირა. დერეფნის ბოლოს კედელზე კი დიდ ჩარჩოში ჩასმული უზარმაზარი შავი ფრინველის ნახატი იყო ჩამოკიდებული. საკმაოდ ბნელი და მისტიური კორიდორი გვქონდა, ვერაფერს იტყვი.
ფრთხილად დავაკაკუნე ჯერ ჯიმინის და შემდეგ ჰოსოკის კარზე.
- ჰოსოკი უკვე წავიდა, - ოთახიდან ჯიმინი გამოვიდა. ხელში ნოტების რვეული ეჭირა რამდენიმე წიგნთან ერთად და ჯიუტად ცდილობდა ყველაფრის ჩანთაში ჩატენვას - ჯანდაბა რატომ არის ეს წიგნები ასეთი მძიმე?
- წავიდა? ჩვენ რატომ არ დაგველოდა? - ვუთხარი და შუბლზე ჩამოყრილი თმა გადავუწიე, რომელსაც დაკავებული ხელების გამო ვერ ისწორებდა.
- არ ვიცი, აღელვებული ჩანდა, ოთახში ისე შემომივარდა არც დაუკაკუნებია, ჩემს საწვიმარს ხელი დაავლო და სადღაც გავარდა.
YOU ARE READING
Eva
Fanfiction"საზღვარი, რომელიც სიცოცხლეს სიკვდილისგან ყოფს, საუკეთესოდაა დაჩრდილული და გაბუნდოვანებული. ვის შეუძლია თქვას - სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე?"