დილით ჯიმინი მზის სხივებმა გააღვიძა. ზანტად გაიზმორა და ხელი რაღაც რბილსა და თბილზე მოუხვდა. შეშინებულმა შეჰკივლა და ლოგინიდან წამოვარდა, მაგრამ რადგანაც მის კიდეზე იმყოფებოდა იატაკზე დაებრეხვა. ფეხზე წამოიჭრა და ლოგინზე შუგა დაინახა, რომელიც საწოლზე გაშხლართულიყო. ერთი შეხედვით ასეთმა პატარა არსებამ ადგილის ნახევარზე მეტი მიისაკუთრა.
- ჯანდაბა, შენ სულ არ შემიმჩნევიხარ, - შვებით ამოილაპარაკა ჯიმინმა, ისედაც თეთრ საწოლზე შუგა თითქმის შეუმჩნეველი გამხდარიყო. კატამ უკმაყოფილოდ გახედა. - ხო, და ასე ნუ მიყურებ.
ბიჭმა საათს შეხედა.
- ასე ხომ დამაგვიანდება!
დღეს სამსახურში მნიშვნელოვანი შეკრება უნდა ყოფილიყო, სადაც კომპანიის მთელი ხელმძღვანელობა მოიყრიდა თავს. ჯიმინი დიდი ხანია ამ დღეს უცდიდა, რადგან თავისი უფრისის ყურებით შეეძლო დამტკბარიყო; ამისთვის უკეთსი სხვა შანსი უბრალოდ ვერ იქნებოდა. მის ბოსს მინ იუნგი ერქვა. ჯიმინმა ის ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ შეამჩნია და მას შემდეგ ამ ადამინის გამო "გადმოსდიოდა დორბლი". მისი უფროსი ხომ ძალიან სექსუალური იყო.
ჯიმინი სწრაფად მოწესრიგდა, კატას აჭამა და შემდეგ გახარებული სასწრაფოდ სამუშაო ადგილისკენ გაიქცა, თუმცა მისვლისას ღიმილიანი გამომეტყველება სახიდან მალევე ჩამოერეცხა. იმედი გაუცრუვდა, როდესაც კრებაზე სერიოზულ სახეებს შორის ის ერთადერთი ვერ დაინახა, რომლის სახილველადაც ასე მოიჩქაროდა. თურმე მის უფროსს გაუფრთხილებლად შვებულება აეღო...
***
მართალია, ცხოველის ყოლას გარკვეული მოვალეობებიც ახლავს თან, მაგრამ მისი შემოფარების იდეა ნამდვილად დადებითი აღმოჩნდა ჯიმინისთვის. ახლა უკვე შინ მის დაბრუნებას ვინმე თუ არა, რამე მაინც უცდიდა.
მორიგი სამუშაო დღის შემდეგ ბიჭი ბოღმისა და ჯიუტობის ფუმფულა ბურთთან სახლში გაემართა. აქამდე ვერც კი წარმოედგინა რომ კატა შეიძლებოდა ასეთი მომთხოვნი და აუტანელიც კი ყოფილიყო. თუ შუგას რაიმე არ მოეწონებოდა, ამას პატრონის დოკუმენტების მიმოფანტვით ან ბასრი ბრჭყალების შეტევებით გამოხატავდა. ჯიმინს გაბრაზების მიუხედავად მხოლოდ ის შეეძლო, რომ ოთხფეხა მეგობრის ხასიათს შეწყობოდა.
