ჩაბნელებულ ოთახს ბუხარში დანთებული მბჟუტავი ცეცხლი, რომელსაც ტკაცატკუცი გაჰქონდა, ოდნავ ანათებდა. დიდიხნის შებინდებული იყო, თუმცაღა საძინებლის სარკმლიდან მთვარე არ ანათებდა.
კომფორტულად მოკალათებული თვალდახუჭული მინ იუნგი ბოლომდე ჩაფლული იყო საამო მუსიკის ჰანგებში. სიტყვიერად თუ არა დაკვრით მაინც გამოხატავდა თავის ფიქრებსა და გრძნობებს.
შოპენის nocturne op.9 no.2.
ისეთი ტემპით ასრულებდა, როგორც თავად თვლიდა საჭიროდ, მომენტებში საგრძნობლად უსწრაფებდა, შემდეგ კვლავ ანელებდა, თუმცა ამით ხიბლს სრულებითაც არ უკარგავდა.
ასრულებდა პიესას, რომელიც ღამისთვის იყო განკუთვნილი. მართალია, უმეტესწილად დროის ამ მონაკვეთში ციური სხეულების ცქერით ტკბებოდა, მაგრამ დღეს არც ცა ყოფილა ვარსკლავებით მოჭედილი.
მაგრამ ჯიმინს, რომელიც პიანისტისგან არც თუ ისე მოშორებით სამზარეულოს დახლთან იდგა, ეს ნაკლებად ადარდებდა.
მისთვის ერთადერთი მოკაშკაშე ვარსკლავი ისევ და ისევ მინ იუნგი იყო.
აისრულა საწადელი და შეძლო ყველაფრის გახსენება? სრულებითაც არა.
ახსენდებოდა წვრილმანი დეტალები, თუმცა გონებაში ჯერჯერობით ყველაფერს თავს ვერ უყრიდა.
რამდენიმე წლიანი დაკვირვების შედეგად კი გაანალიზა, რომ რაც უფრო მეტ ემოციას აქსოვდა იუნგი ნაწარმოების შესრულებაში, მით უფრო ახერხებდა ჯიმინი მოკვდავთა მსგავსად მწუხარების განცდას.
მაგრამ რეალურად, აქამდე მხოლოდ ერთი პიესის წყალობით შეძლო ჯიმინმა თითქოსდა საკვანძო, ფაზლის ერთ–ერთი უმთავრესი ნაწილის, გახსენება. ყოველ შემთხვევაში, მას ნამდვილად ასეთი შთაბეჭდილება დარჩა.
კვადრატული ღიმილი,
რომლის გამოც მას თვალები აუცრემლიანდა.
კომპოზიცია „ელიზესთვის",
რომლის განმავლობაში ჯიმინს ლოყაზე ცრემლი არ შეშრობია.
გულჩათხრობილმა მინ იუნგიმ სიკვდილის ანგელოზის წინაშე მხოლოდ ერთხელ შეასრულა ბეთჰოვენის ეს ნამუშევარი. განვლილი მრავალწლიანი ცხოვრების მიუხედავად ჯიმინს ეს დღე მართლაც გუშინდელივით ახსოვდა; მაღაზიის ჩალეწილი ვიტრინის მინები, შიგ მიმოფანტული ნამსხვრევები, სირენის გამკივანი ხმა, მინ იუნგისთან პირველი შეხვედრა.
მაგრამ რა კავშირი შესაძლოა ჰქონოდა ამ ყველაფერს იმ წყეულ ღიმილთან, რომელიც გონებიდან ვერაფრის დიდებით ამოიგდო?
ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ამ სულელური ჩაცინების პატრონი მის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა. ფიქრობდა, რომ ამ პიროვნების გახსენებით მეხსიერების დაკეტილი კარების გასაღებს იპოვნიდა.
მაგრამ, რატომ თვლიდა, რომ შესაძლოა ამ ღიმილის მიღმა იმაზე დიდი საიდუმლო იმალებოდა, ვიდრე ერთი უბრალო შეხედვით ჩანდა?
ფიქრებში გართულს საათის ტიკტიკის ხმა მოესმა.
ჯიბიდან ამოიღო, დაკაწრულ ოქროსფერ ზედაპირზე შავად მშვილდ–ისარი ეხატა. რომაული ციფრები დროზე მიუთითებდა, ღამის ცხრა საათი იყო.
თავისდაუნებურად ამოიხვნეშა, საქმის შესასრულებლად წავიდა, მინ იუნგი კი სავარძლიდან წამოდგა, პიანინოს თავს დაახურა და დასაძინებლად დაწვა.
YOU ARE READING
oxymoron | yoonmin. ✓
Fanfiction❝ - სიკვდილის ანგელოზის მოკვლის ერთადერთი გზა არსებობს, თუ მას ადამიანს შეაყვარებ. - რა ლამაზი მოკვლის ხერხია.❞ - death note.