ნაწილი 4

33 5 2
                                    


დილით ჰარი საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. იცოდა, რომ ამ დროს შხაპი საუკეთესო გამოსავალი იყო, ამიტომ თვალდახუჭული შევიდა სააბაზანოში. თბილი წყლით ნებივრობდა, როდესაც გუშინდელი ზარი გაახსენდა. დღეს ის მისტერ ეტკინსონს უნდა შეხვედროდა. საშხაპედან სწრაფად გამოვიდა და ტანსაცმელი სველ სხეულზე მოირგო. ფოტოაპარატი, მობილური და მზის სათვალე აიღო და გასვლისას მწვანე ვაშლსაც დასტაცა ხელი. კიბის მოაჯირთან შეყოვნდა და ჩვეულებისამებრ დილის ლონდონი ობიექტივში მოაქცია.
ჰარი მეტროსკენ მიიჩქაროდა და თავიდან ყველაზე საშინელი მოგონებების მოშორებას ამაოდ ცდილობდა. გონებიდან იმ ექიმის სახეს ვერ იგდებდა, რომელიც მოჩვენებითი სევდით უთანაგრძნობდა მშობლის დაკარგვას; რომელიც არწმუნებდა, რომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო; რომელმაც მოგრამდე მიაცილა, რათა ბიჭი დედის ცივ სხეულს ბოლოჯერ ჩახუტებოდა.
მისი გარდაცვალებიდან დღეს 5 წელი გავიდა, თავისი დაბადებიდან კი-21.
ჰარი უნივერსიტეტის შენობამდე ისე მივიდა, ვერც გაიაზრა. მეტროში როზალინი არ უნახავს, ალბათ დღს არ მუშაობდა. ბიჭი ფიქრების თავიდან ამოგდებას ცდილობდა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო, დღეს განსაკუთრებით, ამიტომ ყველანაირად ეცადა, რომ გარეგნულად მაინც დაეფარა ის ტკივილი, რასაც ამ წლების განმავლობაში გრძნობდა. ამის გაკეთება უკვე მეხუთე წელია უწევდა, ამიტომ რთული სულაც არ ყოფილა.
ბიჭი უზარმაზარ კაბინეტში ტყავის სავარძელში იჯდა და ელოდებოდა, როდის ამოყოფდა თავის პატარა ცხვირს მისტერ ეტკინსონი მთელს მაგიდაზე გაფანტული თეთრი ფურცლებიდან.
-კარგად გამოიყურები, სტაილს.-უთხრა საბოლოოდ.
-გმადლობთ, მისტერ ეტკინსონ, მაგრამ იქნებ საქმეზე ვისაუბროთ. ბევრი დრო ნამდვილად არ მაქვს.
-ჰო, ჰო. რა თქმა უნდა.-სათვალე საჩვენებელი თითით შეისწორა და განაგრძო.-მოკლედ, პირველ რიგში, მინდა შენი საუკეთესო შედეგი მოგილოცო და წარმატებები გისურვო!.. მაგრამ, სტაილს, ეს ერთადერთი მიზეზეი არაა, რის გამოც აქ დაგიბარე...
ჰარი ერთი შეხედვით მოთმინებით უსმენდა, თუმცა შინაგანად უნდოდა ამ მავნე ჩვევისა და გაწელილი შესავლის გამო ეს კაცი საკუთარი ხელით დაეხრჩო.
-დიახ, რამე მოხდა?-ჰკითხა მოთმინებადაკარგულმა.
-საქმე იმაშია, რომ მინდა რაღაც შემოგთავაზო და გული ძალიან დამწყდება თუ ამ შემოთავაზებაზე უარს იტყვი. შენთვის სასურველი და მომგებიანი წინადადება მაქვს.
-თუ არ მეტყვით რას მთავაზობთ, შესაბამისად თანხმობასაც ვერ მიიღებთ ჩემგან.-ირონია ჰარის გაბრაზების ბოლო სტადია იყო.
-ბრუნელის უნივერსიტეტიდან მოწვევა მოვიდა შენს სახელზე, მაგრამ არა სტუდენტის, არამედ ლექტორის ამპლუაში. იქაურობას სწორედ შენნაირი ახალგაზრდა პროფესიონალები სჭირდება. ეს სტუდენტებისთვისაც ძალიან კარგი მაგალითი და სტიმული იქნება. გთხოვ, იფიქრე ამაზე.
-არ ვიცი რა გითხრათ. ამას ნამდვილად არ ველოდი.-უთხრა დიდხნიანი დუმილის შემდეგ.
-ახლა ნურაფერს მეტყვი. პასუხი საღამოს გამაგებინე. კარგად დაფიქრდი, ჰარი. ეს შენი შანსია, უბრალოდ გამოიყენე ის...
მის ფრთიან გამოთქმაზე ჰარის გულწრფელად გაეღიმა და კაცს დაემშვიდობა.
-იმედია ლექტორად მალე გიხილავთ, სტაილს!-მიაძახა ბოლოს.
უნივერსიტეტის კარიდან ფეხის გამოდგმა და ჰარის ტელეფონზე ზარი ერთი იყო. ბიჭმა გაიღიმა, როდესაც ეკრანზე როზალინის სახელი ამოიკითხა.
-დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ოქროს ბიჭუნავ!-პირდაპირ საუბარი დაიწყო. ჰარის კი მის საყვარელ მიმართვაზე და იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ქალი აღტაცების დამალვას დიდზე გაეღიმა.-ძალიან მალე გადის დრო! ოჰ ღმერთო, ახლაც მახსოვს როგორ დარბოდი ჩემს ეზოში წინდებისამარა და ბოლო ხმაზე იცინოდი...-როზალინი შეჩერდა. ჰარიმ იგრძნო, რომ ცოტაც და ატირდებოდა, ამიტომ მხიარული ხმით მიუგო:
-მადლობა, ჩემო საყვარელო როზალინ! დიდი მადლობა... მაგრამ იცოდე, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს მე მაინც შენი ოქროს ბიჭუნა ვიქნები, იმ ღიმილით, რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს!
-ოჰ, ჰარი! გეყოფა...ჩემს დღის გეგმაში ტირილი სულ არ შედიოდა.- ორივემ გაიცინა.-ახლა სად ხარ?
-უნივერსიტეტიდან მოვდივარ, ძალიან კარგი ახალი ამბით.
-მშვენიერია, მაშინ ჩემთან მოდი. დღეს არ ვმუშაობ. სპეციალურად დავისვენე, რომ შენთვის ალუბლის ღვეზელი გამომეცხო, ამიტომ უარს არ მივიღებ!
-კარგი, თხუთმეტ წუთში შენთან ვიქნები.
***
-უზომოდ ბედნიერი ვარ! ვიცოდი, რომ ამას შეძლებდი! ხედავ? ყველა აღფრთოვანდა შენით, მთელი ცხოვრება ამას გეუბნებოდი, რომ ეს კულულები შორს წავიდოდნენ!..-თბილად გაიღიმა და დამჭკნარი ხელებით თმაზე მოეფერა.
-არ ვიცი რით დავიმსახურე ეს, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გვერდით ხარ...-თქვა ჰარიმ ჩუმად და როზალინს მოეხვია. ქალმა ამოიოხრა და უთხრა:
-ჩემო ოქროს ბიჭუნავ, ხომ იცი, რომ არ მიყვარს როცა ასე ლაპარაკობ...შენ ყველაფერს იმსახურებ. შენ უბრალოდ...უბრალოდ...ჩემი ოქროს ბიჭუნა ხარ, ჩემი საყვარელი ოქროს ღიმილით. სწორედ ეს ღიმილია ის, რასაც წლობით ეძებენ სხვა ადამიანები. მე კი მან თავად მიპოვა, რის გამოც თავს ყველაზე იღბლიან ადამიანად ვგრძნობ. ბედნიერი ის გოგო, რომელიც ამ ღიმილის მიზეზი გახდება...-ბოლოს მაინც გაუკრა სიტყვა შეყვარებულზე, რაზეც ჰარის გაეცინა და თავი გააქნია.
-ჩემო ძვირფასო როზალინ...-სიცილის მიუხედავად ხმა მაინც გაუტყდა. მხოლოდ ეს სამი სიტყვა უთხრა და ისევ მოეხვია. უბრალოდ ჩუმად ისხდნენ და მოციმციმე თვალებიდან ჩამოგორებულ ცრემლებს ერთმანეთისგან შეუმჩნევლად იწმენდდნენ. ეს ის სიჩუმე იყო, რომელიც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა. თუმცა ამ ორის გარდა მის ჩურჩულს ვერავინ გაიგებდა.

                                                      All the love, N

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 12, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

გვიანი სერენადა(H.S)Where stories live. Discover now