იცით, პატარა რომ ვიყავი მამამ ერთი წითელი ბურთი მაჩუქა დაბადების დღეზე. ძირითადად, არაფერს მჩუქნიდა, სახლში საბუთების შეკვრით ან უგემური პურით ბრუნდებოდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს გამიმართლა და ბურთი მივიღე. იმდენად შემიყვარდა ეს წითელი გაბერილი ტომარა, რომ მთელი დღეები მაგით ვთამაშობდი და თავს უბნის ბიჭებთან ვიწონებდი. ყველას ეგონა, რომ კარგი მამა და მშვიდი ცხოვრება მქონდა. ახლა ის დღეები ჩემს აღელვებულ ცხოვრებაში ერთადერთ დამშვიდებულ პერიოდად მეჩვენება.
მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და ერთ დღესაც ბურთი გზაზე გადამიგორდა. იმდენად დამენანა მისი დაკარგვა, რომ მომენტალურად გავიცექი ამ შემთხვევითი საჩუქრის გადასარჩენად, ისე რომ, არც კი მიფიქრია სწრაფად მომავალ ავტობუსზე. წესით იქვე უნდა მოვეკალი და მაგით უნდა დამთავრებულიყო ჩემი სიცოცხლე, მაგრამ ერთმა ახალგაზრდა სტუდენტმა ხელი მკრა და გადამარჩინა. თავად სამწუხაროდ, ავტობუსი დაეტაკა და ადგილზევე გარდაიცვალა.
ახლა, კი როდესაც მეც მოვკვდი, ხშირად ვფიქრობ იმ ნაბოძებ სიცოცხლეზე, რომელიც იმ ბიჭმა მომცა. მან თავისდა უნებურად გადაწყვიტა, რომ ჩემთვის სიცოცხლე ეჩუქებინა, თავისი სიკვდილის ხარჯზე. ჯანდაბა..! გინდა არ გინდა ასეთ რამეზე გეფიქრება სიკვდილის შემდეგ და ახლა მიკვირს თუ რატომ არ გამოვიყენე ეს უძვირფასესი საჩუქარი ისე როგორც საჭირო იყო.
საიქიოში ბევრ ადამიანთან ერთად ისეთი ნივთებიც არიან, რომლებიც დიდი ხნის წინ დაივიწყეს და მოისროლეს. მაგალითად, დალეწილი კარადა, ძველი ტელევიზორები, დაკარგული სიყვარული და უსახელოს ცოლის ხმაც კი. გასაკვირია თუ რამდენი რამე ხვდება საიქიოში დავიწყების შემდეგ.
ერთადერთი დღე გაუთენდა უსახელოს, როდესაც ცოლის ყვირილმა არ გააღვიძა. კარგად გამოძინებული წამოდგა საწოლიდან და გაიზმორა. უცნობს ხელი გაჰკრა და ისიც გააღვიძა. ერთად გავიდნენ საპირფარეშოში, კბილები გამოიხეხეს, ისაუზმეს და სამუშაოდ წავიდნენ.
ESTÁS LEYENDO
სადაც გაუჩინარებული ადამიანები მიდიან
Fantasíaსამყაროში სადაც ყველაფერი ტექნოლოგიებით არის გაკონტროლებული ძნელია შეუმჩნევლად იცხოვრო. როდესაც რაიმეს ყიდულობ, მომსახურებაში იხდი ფულს თუ ნაღდი ფული გამოგაქვს ბანკომატიდან, ყოველჯერზე ფიქსირდები გარკვეულ ბაზაში და მათ უკვე იციან, რომ შენ არსებობ და...