ნაწარმოების ავტორი - იაკობ ხუცესი მოგვითხრობს წმინდა შუშანიკის გარდაცვალების ნამდვილ ამბავს, რისი მოწმე და თვითმხილველიც თავად იყო.
პეროზის მეფობის მერვე წელს სპარსეთის სამეფო კარზე მივიდა ქართლის პიტიახში ვარსქენი, არშუშას შვილი. მისი მშობლები ქრისტიანები იყვნენ, თავადაც დაბადებიდან ქრისტიანი იყო. მას ცოლად ჰყავდა სომეხთა მხედართმთავრის ქალიშვილი, რომელსაც მამამ ვარდანი დაარქვა, მოფერებით კი შუშანიკს ეძახდნენ. შუშანიკს ბავშვობიდანვე სწამდა ღვთის. მას ადარდებდა, რომ მის მეუღლეს ცვალებადი ბუნება ჰქონდა. დედოფალი ყველას სთხოვდა, რომ ელოცათ, რათა ვარსქენი გონს მოსულიყო და ეღიარებინა ქრისტე.
მაგრამ საცოდავმა და ღვთისგან განწირულმა ვარსქენმა უარყო ქრისტეს რწმენა. საბრალოა ის, ვისაც ქრისტეს გამო არც გასაჭირი უნახავს, არც - შიში, არც - მახვილი და არც - პატიმრობა.
ვარსქენი სპარსთა მეფის წინაშე წარსდგა არა დიდების მოსაპოვებლად, არამედ სრული მორჩილების გამოსაცხადებლად. მან უარყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ცეცხლთაყვანისმცემლობა//მაზდეანობა, ის განუდგა ქრისტეს. სპარსთა მეფისთვის რომ თავი მოეწონებინა, საბრალო ვარსქენმა მას ცოლი სთხოვა და თან უთხრა, რომ კანონიერ ცოლ-შვილსაც მოაქცევდა მაზდეანურ რჯულზე.
სპარსთა მეფეს ეს პირობა ისე მისცა, რომ შუშანიკისთვის არც კი უკითხავს: თანახმა იყო თუ არა. პეროზმა გაიხარა და ბრძანა, რომ ვარსქენისთვის მიეთხოვებინათ მეფის ასული.