საქართველოს ჭირთა ჭირი, შეიძლება ითქვას, ყველა უბედურების უმთავრესი სათავე რომ ქვეყნის კუთხეების სეპარატიზმი/განკერძოებულობა, დიდფეოდალთა მისწრაფებაა შეუზღუდავი ძალაუფლებისა და სიმდიდრისაკენ, ამას თვალნათლივ და დიდოსტატურად გვიჩვენებს იაკობ ცურტაველი პირველივე ქართულ ორიგინალურ თხზულებაში - „შუშანიკის წამება. ამ ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ თავკერძა, განდგომილი ფეოდალი, ქართლის ერისმთავარი ვარსქენ პიტიახშია. ჩვენ მას ნაწარმოების პირველივე სტრიქონებიდან ვეცნობით. ის სპარსეთის პოლიტიკის გამტარებელია: პეროზ მეფეს ეახლა მორჩილების გამოსაცხადებლად, უარყო ქრისტიანობა, მიიღო ცეცხლთაყვანისმცემლობა, ამასთან ერთად, შაჰს დაჰპირდა, რომ კანონიერ ცოლ-შვილსაც მოაქცევდა მაზდეანობაზე. უფრო მეტი, თავისი პოლიტიკური ლოიალობის დასამტკიცებლად, შაჰს ცოლად სთხოვა მეფის ასული.
როგორც ვხედავთ, ვარსქენ პიტიახშისთვის არაფერი წმინდა არ არსებობდა, ის საკუთარ ამბიციებს უყოყმანოდ ანაცვალებს მამაპაპეულ რჯულს, ოჯახს, სამშობლოს დამოუკიდებლობას. ვარსქენი დაბადებიდან ქრისტიანი იყო. იაკობ ხუცესი ხაზგასმით აღნიშნავს: "პირველი იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაი." როგორც ვთქვით, მისთვის უცხოა სამშობლოსა და ხალხის ერთგულება: ის არის ტიპური გულხარბი ფეოდალი, რომლის უმთავრესი მიზანი იყო საკუთარი სამთავროს გაძლიერება, ცენტრალური ხელისუფლების შეზღუდვა, მოკლედ, ქართლში "პატარა მეფედ" ქცევა. ცხადია, ამ მიზნის განხორციელებაში, აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში მას არც საქართველოს დამოუკიდებლობისა და გაერთიანებისათვის მებრძოლი ვახტანგ გორგასალი გამოადგებოდა და არც - სხვა დიდფეოდალები, რომლებიც არ მოისურვებდნენ მეზობელი სამთავროს გაძლიერებას. ამიტომ ვარსქენმა მოკავშირე სხვაგან მოძებნა, მართალია, ის მისი ქვეყნისა და სარწმუნოების მტერი იყო, მაგრამ ასეთი "წვრილმანები" ვერ შეაჩერებდა ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოყვარულ პიტიახშს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ვიზიტი სპარსეთის შაჰის კარზე. ნაწარმოებში არსად არ ჩანს ვარსქენის სინანული რჯულის შეცვლის გამო და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სარწმუნოება მისთვის მიზნის მიღწევის საშუალება იყო და მეტი არაფერი. ვფიქრობ, თუ დასჭირდებოდა, ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდებოდა. რწმენა, სამშობლო, ოჯახი პიტიახშისთვის მიზნის მიღწევის საშუალებები იყო და მეტი არაფერი. მისი მოქმედების დევიზი ყველა დროის პოლიტიკური ავანტიურისტისთვის საერთო ფორმულა იყო: "მიზანი ამართლებს საშუალებას".