ორი დღის შემდეგ სასახლეში მოვიდა ვარსქენი. მან თავის მსახურებს უთხრა, რომ ის, ჯოჯიკი, მისი რძალი ერთად ისადილებდნენ და სხვა არავინ არ შეეშვათ მათთან.
როცა მოსაღამოვდა, დაუძახეს ჯოჯიკის ცოლს, რათა ერთად ესადილათ და მოეყვანათ წმინდა შუშანიკიც. როგორც კი სადილის დრო მოვიდა, ჯოჯიკი და მისი ცოლი შევიდნენ დედოფალთან, რათა მასაც ესადილა. მას ხომ ამდენი დღის განმავლობაში არაფერი ეჭამა. ის ძალით წაიყვანეს სასახლეში. მაგრამ წმინდა შუშანიკმა არაფერი არ გასინჯა. ჯოჯიკის ცოლმა ჭიქით ღვინო მიართვა და აძალებდა, რომ ეს მაინც შეესვა. მაშინ განრისხებულმა შუშანიკმა უთხრა, რომ აქამდე წესი არ იყო, კაცებისა და ქალების ერთ სუფრაზე ჯდომა. მან ხელი გაიქნია და ღვინიანი ჭიქა სახეში შეალეწა ჯოჯიკის მეუღლეს. ღვინო დაიღვარა.
განრისხებულმა ვარსქენმა დაიწყო უხამსი გინება, ფეხებით სცემა შუშანიკი. შემდეგ ცეცხლის საჩხრეკი რკინის ჯოხი ჩაარტყა თავში, ერთი თვალი დაუსივა, სახეში მუშტებით სცემდა უმოწყალოდ და თმებით ათრევდა აქეთ-იქით. გამძვინვარებული პიტიახში მხეცივით ყვიროდა და გიჟივით ღრიალებდა. მაშინ დედოფლის საშველად ადგა ჯოჯიკი, ძმას ეჭიდებოდა, თუმცა ვარსქენმა ისიც სცემა, ტანსაცმელი შემოახია. ჯოჯიკმა ძლივს გამოგლიჯა ხელებიდან ვარსქენს შუშანიკი ისე, როგორც მგელს გამოსტაცებენ ბატკანს. დედოფალი მიწაზე მკვდარივით იდო, ვარსქენი კი მის ჯიშსა და მოდგმას აგინებდა, ოჯახის დამაქცეველს უწოდებდა. მან ბრძანა შუშანიკის შეკვრა და ფეხებზე ბორკილების დადება.
როცა პიტიახში ცოტათი დამშვიდდა, მასთან მივიდა ის სპარსი კაცი და ეხვეწებოდა, რომ დედოფლისთვის ბორკილები მოეხსნა. რადგან სპარსმა თხოვნით შეაწუხა, ვარსქენმა ბრძანა, რომ შუშანიკი გაეთავისუფლებინათ ბორკილებისაგან, შეეყვანათ ოთახში და ერთ მსახურს გულმოდგინედ დაეცვა. ამასთან, სხვა არავინ: არც მამაკაცი და არც - ქალი არ უნდა შესულიყო მის სანახავად.
როგორც კი გათენდა, ვარსქენმა მსახურს ჰკითხა, თუ როგორ იყო შუშანიკი. მან უპასუხა, რომ ცუდად იყო, ვერ გადარჩებოდა. ვარსქენი შევიდა შუშანიკთან, როცა ნახა, როგორი დასიებული იყო, გაუკვირდა. შემდეგ მცველს უბრძანა, რომ მის სანახავად არავინ შეეშვა და თვითონ სანადიროდ წავიდა.