პიტიახში გამოეთხოვა სპარსთა მეფეს და გამოემგზავრა ქართლში. როცა ჰერეთის საზღვარს მოუახლოვდა, გადაწყვიტა, რომ ქვეშევრდომებისთვის შეეტყობინებინა თავისი დაბრუნების ამბავი. მას სურდა, რომ შეგებებოდნენ მისი აზნაურები, შვილები, მსახურები, რათა მათთან ერთად ერთგული ადამიანივით დაბრუნებულიყო ქვეყანაში. ამ მიზნით ვარსქენმა საშიკრიკო ცხენით დაბა ცურტავში გამოგზავნა თავისი მსახური.
როგორც კი შიკრიკმა მოაღწია ცურტავში და შევიდა დედოფალ შუშანიკთან, მან წინასწარმეტყველივით უთხრა, რომ თუ სულიერად ცოცხლები იყვნენ ანუ რჯული არ შეუცვლიათ, მიიღებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მოკითხვა თავისთან დაეტოვებინათ.
მოციქულმა ხმის ამოღება ვერ გაბედა, მაგრამ როცა დედოფალმა დაჟინებით მოსთხოვა სიმართლის თქმა, მანაც აღიარა, რომ ვარსქენმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი.
ეს რომ შუშანიკმა გაიგონა, მიწაზე დავარდა, თავს ძირს ურტყამდა და ცხარე ცრემლებით ტიროდა. ის მოთქვამდა, რომ საცოდავი იყო ვარსქენი, რადგან მან უარყო ქრისტე, აღიარა ცეცხლთაყვანისმცემლობა და შეუერთდა უღმერთოებს.
დედოფალმა დატოვა სასახლე და ღვთის შიშით შეპყრობილი ეკლესიაში შევიდა. თან წაიყვანა თავისი სამი ვაჟი და ერთი ასული, დააყენა ისინი საკურთხეველთან, თავად ლოცულობდა და უფალს შესთხოვდა, რომ მისი მოცემული შვილები დაეცვა.
როცა საღამოს ლოცვა შეასრულეს, შუშანიკმა ეკლესიის მახლობლად პატარა სახლი ნახა, დამწუხრებული შევიდა შიგ, ერთ კუთხეს მიეყრდნო და მწარედ ატირდა.