ორი ღამე ზღვისკენ ვიარეთ და მესამე დღეს, გამთენიისას სანაპიროს მივადექით. გზაში კიდევ ერთ მცირერიცხოვან რაზმს დავუსხლტით, ამიტომაც ვცდილობდით გაშლილ ადგილებს მოვრიდებოდით, სანამ რებმაში ჩამავალ კიბეს - ფაიელა-ბიონინს არ მივაღწევდით.
ამომავალი მზის სხივები წვრილ-წვრილ ნამსხვრევებად იბნეოდა აქაფებულ ზვირთებზე. მათი გამალებული კაშკაში ისე გვჭრიდა თვალს რომ ზღვის ზედაპირს ვეღარ ვხედავდით. ორი დღე ხილის მეტი არაფერი მეჭამა, მაგრამ ჩენ წინ გადაშლილმა სურათმა შიმშილი გადამავიწყა: თვალუწვდენელი ციცაბო ნაპირი ნარინჯისფერი, ვარდისფერი და წითელი მარჯნებით იყო მოფენილი. ირგვლივ ზღვიდან გამორიყული ნიჟარები ხის ნაფოტები და პრიალა კენჭები ეყარა. იქით კი ზღვა ღელავდა. აუჩქარებლად მიერეკებოდა ალაგ-ალაგ მოოქროვილ, ლაჟვარდოვან ტალღებს და ჩუმად უგდებდა ყურს შორიახლოს მოარულ ნიავს, რომელიც მოლურჯო ცის ფონზე ცისკრის ლოცვას ჩურჩულებდა.
კოლვინის მთა, რომელიც აისისკენ იყო პირმიქცეული და ჩოსონს ჩვილივით ითბობდა მკერდზე, ჩვენგან ხელმარცხნივ, დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით აღმართულიყო. მზეს მისი ფერდი ოქროთი დაეფარა და თვზე ცისარტყელას ჭრელი ხილაბანდი მოეხვია. ნამჯუნმა მთას გახედა, წარბი ასწია და ისევ შებრუნდა.
დაახლოებით 20 მეტრი რომ გავიარეთ, მიწის რყევა ვიგრძენი.
- ვიღაც მოაჭენებს. - აღნიშნა ნამჯუნმა.
- შეხედეთ! - შესძახა დიედრამ. ის ზემოთ იყურებოდა და თითით მიგვანიშნებდა. ჩვენს თავზე მიმინო დაფრინავდა.
- კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ? - ვიკითხე მობეზრებით.
- ქვის იმ გორამდე. - მომიგო დიედრამ და შორს მდებარე ლოდები დამანახა. ის პირამიდას ჰგავდა და წყლისა და ქარისგან შელახული რუხი ქვებისგან იყო ნაგები.
ცხენის ფლოქვების ხმა უკვე ახლოდან ისმოდა. მალე ბუკის ხმაც გავიგეთ. ეს ხმა იუნგის საყვირისას არ ჰგავდა.
YOU ARE READING
ჩოსონის შვიდი პრინცი
Fantasíaნაწარმოებში აღწერილია ჩვენთვის თითქოს ცნობილი სამყარო, ოღონდ მაგიის ელემენტებითა და ზებუნებრივი არსებებით. _______ როჯერ ზელაზნი