V ცეცხლის ალიდან გაჩენილი ანგელოზი იყო, ფერფლიდან დაბადებული. მას კუპრივით შავი ფრთები ჰქონდა. V ნახევარსისხლა გახლდათ, რომელშიც შერწყმულიყო თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, ღვთიური და დემონური.მას ისევე, როგორც თავად შემქმნელს, შექმნის უნარი გააჩნდა. აგრეთვე განადგურების – როგორც ეშმაკს. V იყო ის ვინც ქვაში გამოამწყვდიეს, ვისაც ფრთები ამოჰგლიჯეს და თავისუფლება აღუკვეთეს, რათა სამყარო უვნებელი დარჩენილიყო.
***
– ფუუ, შევფრთიანი! – ერთხმად იძახდნენ მის გარშემო შემოკრებილი პატარა თეთრფრთიანი ანგელოზები და მის ბეჭებზე თითს ატაკებდნენ.
მთელი თავისი ბავშვური არსებით V გრძნობდა გარშემომყოფთა უარყოფით დამოკიდებულებას. იგი ყოველდღე ცდილობდა ყველას და ყველაფერს გაქცეოდა, ქათქათა ღრუბლებში იმალებოდა და მიყენებული წყენისგან – „შეცდომა ხარ!" „შენი ადგილი აქ არ არის!" „შენი ფრთები ჯოჯოხეთიდანაა, საზიზღარო!" „არ ხარ იმის ღირსი, რომ ანგელოზი გერქვას!" – ცრემლებს ვერ იკავებდა. მარტოდმარტო ქვითინებდა. დროთა განმავლობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურით შეიცვალა. პატარები წამოიზარდნენ და მათ ეჩვენებოდათ, რომ მხოლოდ სიტყვები საკმარის ტკივილს აღარ აყენებდნენ, ამიტომ სადაც დაინახავდნენ – ერთობლივად იქვე სცემდნენ.
ყოველ ღამე V დაბლა იყურებოდა, ჯოჯოხეთს ათვალიერებდა და სულთა გვემას თვალს ადევნებდა.
ჯოჯოხეთი – სისხლითა და ოფლით გაჟრენთილი ადგილი, რომელსაც სიკვდილისა და შიშის სუნი ასდის. გამომწვარი მიწა, დაფარული ფერფლით. სულებით სავსე ადგილი, რომელთაც სამუდამო ტანჯვა აქვთ მისჯილი თავიანთი ცოდვების გამო. ჯოჯოხეთი ის ადგილი იყო, სადაც ცეცხლმოკიდებულ მცენარეულობასა და უზარმაზარ ლოდებს შორის დაძრწოდნენ უშნო დემონები. იქ ყველა ცოდვილი იღებდა სამაგიეროს სიცოცხლეში ჩადენილი ბნელი ქმედეებისთვის. ტკივილი, შიში, სასოწარკვეთა, გამოუვალობა, სიკვდილი. სულისთვის ამაზე უარესი ადგილი არ არსებობდა. ტეჰიონს ეს ადგილი იზიდავდა.
YOU ARE READING
დაცემული
Fanfictionმითები გამოგონილი ამბებია ნივთებზე, ადამიანებზე, გმირებზე, ღმერთებზე, ანგელოზებსა და დემონებზე. ეს ამბებია მათი თავგადასავლების, ტრიუმფებისა თუ დამარცხების, ტრაგედიების, ღირსებისა თუ შურისძიების შესახებ. მაგრამ ხომ შეიძლება ზოგიერთი მითი რეალობას ეფ...