თავი 3

15 0 0
                                    

***
სააბაზანოდან ახლად გამოსულმა ერიკამ ტანიდან პირსახოცი მოიძრო და იისფერი პრიალა ხალათი მოიცვა, სველი თმა უკან გადაიყარა და პარფიუმერიის მაგიდიდან ტანის კრემი აიღო. საწოლზე ჩამოჯდა, ქილა გახსნა და ორი თითით ამოღებული კრემის ფეხებზე წასმას მოჰყვა.
ჯერჯერობით გარეგნულად არ ეტყობოდა, მაგრამ ჩაფიქრებული და შეშინებული იყო. აღელვებდა იანის მდგომარეობა, ის სამი გულის შეტევა, რომლის ქონის მიზეზსაც ვერაფრით პოულობდა. ფიქრები კი ნელ-ნელა საშინელებებისკენ მიიწევდნენ და გოგოს წარმოსახვაში საშიში სურათები იშლებოდა. ერიკა ცდილობდა არაფერზე ეფიქრა და გულს იმით იმშვიდებდა, რომ მომდევნო დღეს ექიმი მის კითხვებს დამაიმედებელ პასუხებს გასცემდა.
გოგო ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოიყვანა.
- შემოდით. - დაიძახა მან.
- ერიკა, ძვირფასო. - ოთახში ჩალისფერთმიანი, დაახლოებით 40 წლის ქალი შემოვიდა. ეს კეტრინ მური იყო, ერიკას დეიდა. ისიც დასაძინებლად გამზადებულიყო, მოგრძო თმა უკან შეეკრა, რბილი ჩუსტები და ღვიძლისფერი ატლასის მაქმანებიანი ხალათი ეცვა. მაკიაჟმოშორებული არც ისე ცუდად გამოიყურებოდა. გაცრეცილი კანის ფერიდან ცისფერი თვალები ანათებდა. ერიკას და კრისტენ ერთნაირი თვალის ჭრილი და ფერი ჰქონდათ. ქალი დისშვილთან ჩამოჯდა.
- რა მოხდა დეიდა? - ჰკითხა ერიკამ.
- მაინტერესებს ხვალ საღამოს გცალია, თუ არა.
- ალბათ მეცლება. რაშია საქმე?
- ერიკა, გახსოვს ჩემი მეგობარი ნაომი?
- დიზაინერი?
- კი ის. ნაომის ბეჭდების და სამაჯურების ახალი კოლექცია აქვს. მათი რამდენიმე ესკიზი ვნახე და ყველა არაჩვეულებრივად დახვეწილი და გემოვნებიანია...
- დეიდა, დეიდა...
- ვიცი, ვიცი, რომ სამკაულები მაინცდამაინც არ გიზიდავს, განსაკუთრებით ნაომის გემოვნების, მაგრამ იცი, გაიგო, რომ ჩამოხვედი და გამოფენაზე დაგპატიჟა. მეც ვიფიქრე, რომ თუ თავისუფალი იქნებოდი, ცოტას გაერთობოდი, ძველ ნაცნობებს ნახავდი. შეგიძლია იანიც წამოიყვანო. ნიკოლიც იქ იქნება, რას იტყვი?
ერიკას გაეცინა. მიუხედავად იმისა, რომ გოგოს კრისტენის სამეგობრო წრე სძულდა და ამის გამო ხშირად დეიდამისზეც გაუფიქრებია „ვერ ვიტანო", ამჯერად იფიქრა, რომ მისი პრანჭია, ბოტოქსით და სილიკონებით გაბერილი მეგობრების ნახვით ნამდვილად გაერთობოდა.
- იცი დეიდა, ხვალ დილით მე და იანი ექიმთან მივდივართ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად წამოვალთ.
- რა ხდება ერიკა? ცუდად ხარ? - გოგოს წითელლაქიანი თითები ხელზე ჩასჭიდა.
- არა დეიდა, მე არა. ვფიქრობ, რომ იანს გულთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ იმედია ვცდები. - ჩაილაპარაკა ერიკა.
- იმედია ძვირფასო. - თქვა კრისტენმა და გოგოს მოეხვია.
- დეიდა, მეგონა დალევას თავი დაანებე. - შუბლი შეკრა ერიკამ, როცა ქალიგან ალკოჰოლის მკრთალი სუნი წამოვიდა.
დაბნეულმა კრისტენმა თვალები ააციმციმა, საწოლიდან წამოდგა და ენის ბორძიკით თქვა:
- კი... კი... ასეცაა. თავი დავანებე. უბრალოდ ცოტა ხნის წინ მე და რიჩარდმა ცოტა ვისკი დავლიეთ.
- კრისტენ, ხომ იცი, ამის გამო შენზე ძალიან ვღელავ. - თავი გაიქნია უკმაყოფილოდ ერიკამ.
- ვიცი ძვირფასო, მადლობა. ახლა კი მე წავალ. ძილინებისა. - გაიღიმა ქალმა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.

ნუ გეშინია Where stories live. Discover now