ღრუბლიანი დღე დასასრულისკენ მიიწევდა. ივნისის მესამე საღამო იყო, მაგრამ ამინდი მაინც არ იცვლებოდა. ერიკას ოთახის ფანჯრიდან ნათლად მოჩანდა, როგორ მძიმედ მიცურავდნენ შავი ღრუბლები ცაზე.
სახლში მხოლოდ ის, მენდი და დაცვა იყო. იანის დაკრძალვაზე არ წავიდა იმ მიზეზის გამო, რაც ბრუნოს უთხრა, მაგრამ უბრალოდ თვალების დახუჭვაც საკმარისი იყო, რომ თავადაც სასაფლაოზე აღმოჩენილიყო. წყვდიადს მიღმა ნათლად ხედავდა სასაფლაოს ირგვლივ მდგარ შავებში ჩაცმულ ხალხს, მათ დამწუხრებულ, გატანჯულ, ცრემლიან სახეებს. მღვდელს, რომელიც მიცვალებულისთვის ლოცვას კითხულობდა, ჩასასვენებელს, რომელიც ნელ-ნელა მიიწევდა სიცივესა და ბნელეთისაკენ. თეთრ ყვავილებს, შემდეგ კი შავ მიწას, რომელსაც ზემოდან დააყრიდნენ ჩასასვენებელს. იქ კი ის იყო, ის სხეული, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ის ბაგეები, რომლებიც ვეღარასოდეს დაუკოცნიდნენ სახეს. ის ხელები, რომლებიც ვეღარასოდეს მოეფერებოდნენ.
ერიკამ თვალები გაახილა. რეალობა სულს უხუთავდა.
საწოლში გვედი იცვალა, ბალიშს თითები მთელი ძალით ჩასჭიდა და ატირდა. დაჟეჟილ სხეულზე მეტად გული სტკიოდა. ერთი წამით ინანა კიდეც დაკრძალვაზე რომ არ წავიდა, მაგრამ, როცა სიტუაცია წარმოიდგინა, სინანულიც მაშინვე გაქრა.
დაიღალა. ტირილმა და აუტანელმა ფიქრებმა ძალა გამოაცალეს. ცრემლები დაუკითხავად ცვიოდნენ თვალებიდან და ლოყებზე გაჩენილ ჭრილობებს თავიანთი სიმლაშით წვავდნენ. დაბინდული თვალებით მკრთალად ხედავდა ტუმბოზე გამზადებულ აბებს, რომლებიც ჯერ კიდევ ორი საათის წინ უნდა დაელია. მეორე დღე იყო, რაც საავადმყოფოდან გამოწერეს და მათი არსებობა არასდროს გახსენებია.
საწოლიდან წამოიწია, დასველებული ბალიში ამოაბრუნა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო თუ არა, კარზე ფრთხილი კაკუნი მოესმა. ერიკამ დაუდევრად შეიმშრალა თვალები.
კარი რომ გაიღო, პირველად მაია შემოვარდა, საწოლზე ახტა და ერიკას მუცელთან მოკალათდა. შემდეგ ბრუნო შემოვიდა, კარი დახურა და ისიც გოგოსთან მივიდა.
ერთხანს ორივე ჩუმად იყო. ბრუნო სიბრალულით ათვალიერებდა ერიკას ტირილისგან ჩაწითლებულ თვალებს, არეულ თმას, გაცრეცილ, დახეთქილ ბაგეებს და გაფითრებულ, აცახცახებულ თითებს, რომლებიც ძაღლს თავზე ეფერებოდნენ. შემდეგ ტუმბოს გახედა და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა:
- წამლების დალევა ისევ დაგვიწყებია ერიკა. ასე არ შეიძლება. ისადილე?
გოგომ არაფერი უპასუხა.
- წავალ, რამეს მოგიტან, ჭამე და შემდეგ წამლები დალიე. - ბრუნო ოთახიდან გავიდა და უკან რამდენიმე წუთში სენდვიჩით და წყლით ხელში დაბრუნდა. საწოლზე ჩამოჯდა და საჭმელი ერიკას გაუწოდა. - გამომართვი.
გოგომ ისევ არაფერი უპასუხა.
- ერიკა გამომართვი, თორემ მე და მაიასაც ძალიან გვშია. - თქვა ბიჭმა მუქარის ტონით.
ერიკას ჩაეცინა. ბიჭის თაფლისფერ თვალებს შეხედა, თავი გაიქნია და სენდვიჩი გამოართვა. სანამ ჭამდა, ოთახში კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
- ახლა კი წამლები.
- შენ ყოველთვის ახერხებდი ჩემს გაცინებას. - თქვა ერიკამ და აბები მიიღო.
- ამას მომავალშიც მოვახერხებ. - ჩაილაპარაკა ბიჭმა. - უბრალოდ მინდა, რომ ამის საჭიროება არ იყოს. ასეთს ვერ გიყურებ.
- ჩემზე ახლა საერთოდ არ ვფიქრობ ბრუნო. მითხარი, მისი მშობლები წავიდნენ?
- როგორც მითხრეს დღესვე აპირებდნენ უკან დაბრუნებას. შენი ნახვაც უნდოდათ, მაგრამ როცა შენი სიტყვები გადავეცი, აღარ დაუტანებიათ ძალა.
- მისი და?
- იანის დას გულისხმობ? არა, იქ არ ყოფილა. არც კი ვიცოდი, თუ მას დაც ჰყავდა. მშობლებსაც არაფერი უთქვამთ მის შესახებ.
- მას მეც არ ვიცნობ. როგორც იანისგან ვიცი, ის პარიზში ცხოვრობს.
- ასეა თუ ისე, იქ არ ყოფილა. ახლა კი ცოტა ხნით დაგტოვებ, მაიას უნდა ვაჭამო. - წამოდგა ბიჭი, მაიაც საწოლიდან გადმოხტა. - ერიკა, მესმის რა მდგომარეობაშიც ხარ, მაგრამ გთხოვ, ეცადე ცუდზე არაფერზე იფიქრო და მე და მაიას არ გვაწყენინო. - გაიღიმა ბიჭმა, ერიკას შუბლე აკოცა და მაიასთან ერთად ოთახიდან გავიდა.
YOU ARE READING
ნუ გეშინია
Horrorისტორიის ამოუცნობი სიუჟეტი მათთვისაა, ვისაც ფენტეზი, მისტიკა და ჰორორი უყვარს. იანის და ერიკას თავგადასავალი მკითხველში მძაფრი ემოციების გამოწვევას შეეცდება. ისტორია 2014 წელსაა დაწერილი და ალბათ ცოტა დასახვეწია, თუმცა მაინც საინტერესოდ ვთვლი. და ი...