***
ყველაზე რთულია ის მომენტი, როდესაც ცდილობ რეალური ფაქტი წარმოსახვითისგან გაარჩიო. მაგრამ, როდესაც ყველაფერი ლაგდება და სინამდვილეს თვალს უსწორებ, არც კი იცი ჯობდა თუ არა რეალობა გაურკვევლობას. ადამიანი იმდენად რთული არსებაა, რომ შეუძლია პრობლემურ სიტუაციაში რეალობაც და წარმოსახვაც თანაბრად მოინდომოს. როდესაც იგი ისეთი მწარე რეალობის წინ დგას, რომ მისგან თავის დაღწევა არ შეუძლია, ოცნებობს, რომ ეს წარმოსახვა იყოს. და ამავე დროს, როდესაც წარმოსახვით სამყაროში, თუნდაც სიზმარში საშინელებები ხდება, ყველანაირად ცდილობს რეალობაში დაბრუნებას.
მაგრამ, ერიკას ჯერ კიდევ ვერ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს. ვერაფრით ხვდებოდა წარმოსახვა იყო ეს თუ რეალობა.
გონს წვიმის ხშირმა წვეთებმა მოიყვანეს, რომლებიც ისედაც გაფითრებულ სახეს უსველებდნენ. წყვდიადს ნელ-ნელა დააღწია თავი და თვალებიც ფრთხილად გაახილა, მაგრამ მხედველობის ბოლომდე აღდგენა მხოლოდ რამდენიმე წამით შეძლო. ამ რამდენიმე წამში კი დაინახა მის ზემოთ მოქცეული ნაცნობი მწვანე ჯიპი, რომლის ფანჯრიდანაც გადმოვარდნილიყო. მისი ნახევარი სხეული მანქანაში დარჩენილიყო, ნახევრით კი სველ ასფალტზე გაუნძრევლად იწვა. მიხვდა, რატომაც იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში და უკვირდა, ყველაფრის შემდეგ, რატომ არ გრძნობდა ტკივილს. თითქოს მისგან მხოლოდ მხედველობა დარჩენილიყო და სხეული სადღაც გამქრალიყო. დამძიმებულ ქუთუთოებს ძლივს სწევდა. სუნთქვა უჭირდა და ეს იყო ერთადერთი, რაც ამჟამად მის ორგანიზმს აწუხებდა.
გოგოს სმენას შორიდან ჩასწვდა მამაკაცების ხმა. და რადგან ვერც თავს და ვერც სხეულს ვერ ამოძრავებდა, მხოლოდ თვალების მოძრაობით შეძლო გარემოს მოთვალიერება.
მის წინ, დაახლოებით ათ მეტრში, სველ ასფალტზე ნაცნობი სხეული უძრავად ეგდო. გასისხლიანებულ სახეს წვიმაც კი ვერ ურეცხავდა. ცისფერ პერანგში შუშის მოზრდილი ნამსხვრევი გაჭედილიყო და ჭრილობიდან გადმოსული სისხლი პერანგს ფერს უცვლიდა. სხეული არ იძვროდა, არც კრთოდა, არც თვალებს ახელდა, არც ტუჩების გამოძრავებას ცდილობდა. ერიკას თვალთახედვა ვერც იმას ამჩნევდა, იანის სხეული სუნთქავდა თუ არა.
როდესაც გოგოს გონებამ გაიაზრა, რომ ეს მომაკვდავი სხეული იანს ეკუთვნოდა, შინაგანად ასადგომად და მასთან მისასვლელად მოემზადა, ეცადა კიდეც, მაგრამ თითიც კი ვერ გაამოძრავა. „ - იან! იან!" - ყვიროდა ის, ყოველ შემთხვევაში ამის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ. „ - ჯანდაბა. რატომ ვერ ვინძრევი." - ღრიალებდა შინაგანად და მკერდში იმ საშინელ სიმხურვალეს გრძნობდა, რომელსაც გულის ძლიერი აჩქარება იწვევდა.
არაფერი გაუკეთებია, მაგრამ გოგო დაიღალა. უძლურებამ და უმოქმედობამ თვალები დაუბინდეს და მის სახეზე მოთამაშე წვიმის წვეთებს მლაშე ცრემლებიც გაერივნენ. ერიკამ თვალები გაახილა და დაინახა, როგორ მიუახლოვდა ორი მამაკაცი იანის სხეულს. ერთი მათგანი დაიხარა და პულსი გაუსინჯა. ერიკას გონებამ ბუნებრივად აღიქვა, რომ კაცს რაღაც ტატუ ჰქონდა ხელის ზურგზე. მან მეორეს ახედა და რაღაც უთხრა. მეორემ კი მაშინვე სადღაც დარეკა.
- დაეხმარეთ! - იყვირა ერიკამ, მაგრამ ვერც კი მიხვდა, ეს მართლაც ყვირილი იყო, თუ მხოლოდ ბაგეების მოძრაობა. იმ წუთას პირში ისეთი საშინელი გემო იგრძნო, რომ ამ უსიამოვნო განცდამ ტვინამდე მიაღწია. სხეულში აუტანელმა სიცივემ გაიდგა ფესვები და ერიკას გონებამ კვლავ წყვდიადში გადაინაცვლა.
YOU ARE READING
ნუ გეშინია
Horrorისტორიის ამოუცნობი სიუჟეტი მათთვისაა, ვისაც ფენტეზი, მისტიკა და ჰორორი უყვარს. იანის და ერიკას თავგადასავალი მკითხველში მძაფრი ემოციების გამოწვევას შეეცდება. ისტორია 2014 წელსაა დაწერილი და ალბათ ცოტა დასახვეწია, თუმცა მაინც საინტერესოდ ვთვლი. და ი...