***
ძილ-ბურანში მყოფ ერიკას სუნთქვის ხმა ჩაესმა. სუნთქვა ხან მწყობრი იყო, ხან გახშირებული, თითქოს ვიღაცა ხასიათს მალ-მალე იცვლისო. მისი სხეული აურას გრძნობდა, რომელიც გოგოს დასტრიალებდა, მაგრამ ეს რატომღაც არ აფრთხობდა, პირიქით, სიმშვიდეს ანიჭებდა, თან იმდენად დიდ სიმშვიდეს, რომ ერიკას მძინარეს გაეღიმა კიდეც. თუმცა ამ სიმშვიდეში ისე მოულოდნელად გაისმა ქალის ყურისწამღები კისკისი, რომ ერიკა მაშინვე გამოფხიზლდა, თვალები გაახილა და თავი ოდნავ წამოწია. ჯერ მხედველობაც კი არ ჰქონდა, ნორმალურად აღდგენილი, ისე გახედა საათს. დილის ათი ხდებოდა. თავი ისევ ბალიშზე დადო და ფანჯარას გახედა, საიდანაც მოკაშკაშე მზე ანათებდა. როგორც ჩანდა, ამინდს გამოედარა და მცხუნვარე ზაფხული იწყებოდა.
უცბად ერიკა შეკრთა და წამოიწია. ფარდებს აივნის ღია კარიდან შემოსული სიო აფრიალებდა. გოგომ საბანი გადაიძრო, დაჟეჟილი სხეულის ტკივილს ყურადღება არ მიაქცია და საწოლიდან წამოხტა. ერიკას კარგად ახსოვდა, რომ დაწოლამდე აივნის კარი დაკეტა, ის კი ახლა ღია იყო. სახელურს დახედა, მაგრამ მას ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. გოგომ ფარდა გასწია და აივანზე გავიდა. არც იქ იყო რაიმე კვალი.
- რა მჭირს! - ჩაიბუტბუტა მან, შუბლზე ხელი გადაისვა და რამდენიმე წამით თვალები დახუჭა, შემდეგ მოეშვა და სხეული მზის სხივებს მიანდო.
- ერიკა, ფეხზე რატომ ხარ? - მოესმა დაბლიდან ბრუნოს ხმა და შემდეგ მაიას ყეფა. ერიკა მოაჯირს დაეყრდნო და ბიჭს ჩასძახა.
- ვწვები, სერ. - ოდნავ გაიღიმა მან, ოთახში შევიდა და საწოლში ჩაწვა. კვლავ კარს მიაჩერდა და იმაზე განაგრძო ფიქრი, რით შეიძლებოდა აეხსნა ეს უცნაურობა, მაგრამ თავში არაფერი მოსდიოდა. რამდენიმე წუთში კი კარზე კაკუნიც გაისმა. ერიკამ კარი გააღო და კვლავ საწოლში დაბრუნდა.
გოგო ბრუნოს მიერ დაპირებულ საუბარს ვერ ასცდა. ბიჭი სერიოზულად გაუბრაზდა გუშინდელ საქციელზე. ერიკა თითოეულ მის შენიშვნას იღებდა და თავის გასასამართლებლად არაფერს აკეთებდა.
ბოლოს ბრუნო მოლბა. ერიკას პირობა ჩამოართვა, რომ მსგავსს აღარაფერს გააკეთებდა და საწოლის ბოლოზე ჩამოჯდა.
- ბრუნო, - თვალები დახარა ერიკამ. - ვიცი, თავად გითხარით, რომ იანი ჩემთან არ გეხსენებინათ, მაგრამ მინდა ვიცოდე, რა დაადგინა ექსპერტიზამ, რამ გამოიწვია ავარია?
- შენ არაფერი გახსოვს? - გოგოსთან ახლოს მიიწია ბრუნო.
- მახსოვს, რომ იანი გზაში ცუდად გახდა. გულზე იჭერდა ხელს, შემდეგ კი მანქანა ამობრუნდა. ალბათ ისევ შეტევა ჰქონდა. ყველაფერს ზუსტად ვერ ვიხსენებ. შემდეგ კი საავადმყოფოში მოვედი გონს.
- ხო ერიკა. ექიმმა მითხრა, რომ იანმა ავარიამდე ინფაქტი გადაიტანა. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ყურადღება გაეფანტა. ავარიაც ამიტომ მოხდა.
- ინფაქტი? კი, მაგრამ ინფაქტი რის გამო შეიძლებოდა მოსვლოდა? ის ჯანმრთელი იყო ბრუნო, არც სანერვიულო ჰქონდა არაფერი.
- რა გითხრა ერიკა. შესაძლოა იმ გულის შეტევებზე ღელავდა, რის გამოც ექიმთან გადაწყვიტეთ წასვლა. ყოველ შემთხვევაში მე და ლილიმ ვნახეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ ავარიის მიზეზი ინფაქტი იყო. მაგრამ არ გვინდა, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ამას აზრი არ აქვს და შენც აგანერვიულებს.
- არ ვიცი ბრუნო. თავში ათასი რამ მიტრიალებს. გონება ამერია. წუხელ ვანაში ჩამეძინა და საშინელი სიზმარი ვნახე. ცოტა ხნის წინ ისიც კი მომეჩვენა, რომ ოთახში ვიღაც შემოიპარა. მახსოვს, რომ ძილის წინ კარი დავკეტე, მაგრამ დილით ღია დამხვდა. - თავი გაიქნია ერიკამ და ფანჯარას გახედა.
- დამშვიდდი პატარავ, - გვერდით მიუჯდა ბრუნო მას და მოეხვია. - ეს ყველაფერი ნეგატიური ფიქრების ბრალია, მალე გაგივლის. მთავარია შენ მოინდომო. დახმარებით კი ხომ იცი, მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ. - გაუღიმა მას ბიჭმა და თავზე აკოცა. - ახლა კი ემილის ვეტყვი, რომ საუზმე მოგიტანოს. მალე წამლების დალევის დრო მოვა.
YOU ARE READING
ნუ გეშინია
Hororისტორიის ამოუცნობი სიუჟეტი მათთვისაა, ვისაც ფენტეზი, მისტიკა და ჰორორი უყვარს. იანის და ერიკას თავგადასავალი მკითხველში მძაფრი ემოციების გამოწვევას შეეცდება. ისტორია 2014 წელსაა დაწერილი და ალბათ ცოტა დასახვეწია, თუმცა მაინც საინტერესოდ ვთვლი. და ი...