Never Felt So Alone

195 13 139
                                    



მარტოსულობა ცნობისმოყვარე შეგრძნებაა, ბევრი რამ აინტერესებს, მაგრამ ძირითადად კარგი არაფერი. მისი ინტერესის სფერო თითქმის ყოველთვის ჩვენივე თავი და გონებაა. თავიდან ყურადღება ჩვენ გარშემო არსებულ სივრცეს სწყდება და სადღაც იკარგება, წამით, მერე კი ჩვენში ჩნდება, გონებაში ზუზუნის სახით, სხეულში კი - სიბნელის. ცუდი ისაა, რომ მარტო არასდროს მოდის, ხმები მოჰყვება ხოლმე, სურვილები, ბნელი, უხმო, საშიში სურვილები, რაღაც ამოუცნობი ძალაც, რომელიც სხეულზე გეკვრის და სუნთქვას გიძნელებს, ისეთ შეგრძნებას გიტოვებს თითქოს ფილტვები, პირი და ყურები წყლით გევსება და ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, გონებაში გაჩენილ ზუზუნზე ფოკუსირებაა.

ისე ჩანს, თითქოს საკუთარ თავის ქალაში ხარ გამოკეტილი. პატარა გამოქვაბულში, კიდევ უფრო დაპატარავებული შენ, კუთხეში წევხარ, მობუზული, შენი სხეული კი ისე ლივლივებს, თითქოს თავს მოსწყვეტია და ცალკე არსება გამხდარა.

ელისი დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ მარტოსული იყო. შეიძლება ცოტათი დააგვიანდა გააზრება და მარტოობის ფესვებიც ღრმად შემოხვევია ფეხებზე, ამ დროის განმავლობაში. მაგრამ ახლა უკვე იცოდა.

მარტოობას ბევრი უცნაური ჩვევა აქვს. ზოგადად უსასრულობას ჰგავს, რაღაც დაუსრულებელს, უიმედოს, მაგრამ ზოგჯერ უგრძნობიც ხდება. უფრო სწორად, ამჩნევ, მის სიახლოვეს აღიქვამ, მაგრამ ვერ გრძნობ. მოსვენების დაკარგვა უყვარს, სახლში, გარეთ, მარტო, ხალხთან, მეგობრებთან ყოფნისას. კითხვებს აჩენს. გაბრაზებს, გაღიზიანებს, გაიძულებს ინატრო აღარ არსებობდე, გაქრობა შეგეძლოს ან სხვა ადამიანი იყო.

ყველაფერი უფრო და უფრო უარესი გეჩვენება ხოლმე, როცა მარტო ხარ. უკეთ გახდომის იმედს ვერ ხედავ, საკუთარ თავს ვერ ეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ზოგჯერ არაფერი გადარდებს, ზოგჯერ ყველაფერი გადარდებს. უცნაურია.

ImaginesWhere stories live. Discover now