სამყარო 25.
სოციალური ექსპერიმენტი რომელიც თაგვების ერთ პოპულაციაზე ჩატარდა: საკვები და სასმელი შეუზღუდავი, მტაცებლებისა და ავადმყოფობების არ არსებობა და საკმარისად დიდი ფართობი გამრავლებისთვის. ეს ის პირობებია, რომელშიც თაგვები აღმოჩნდნენ და ყოველივე ამის მიუხედავად, მთელი კოლონა ამოწყდა. რატომ მოხდა ეს? და რა დასკვნა უნდა გააკეთოს ამ ექსპერიმენტის შედეგების გაცნობის შემდეგ საზოგადოებამ?
ჯონ კელჰუნი ექსპერიმენტებს თაგვებზე 60-იან წლებშიც ატარებდა, მაგრამ 1972 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტებში მონაწილეობა აშშ-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმაც მიიღო (NIMH). ექსპერიმენტის მიზანი იყო, მზარდ სიმჭიდროვეზე, მღრღნელების პოპულაციის რეაქციის ანალიზი.
ექსპერიმენტი ლაბორატორიაში ჩატარდა, რომელშიც მეცნიერმა ნამდვილი სამოთხე შექმნა თაგვებისთვის: მოეწყო სპეციალური ზომით 2X2X1, 5 ავზი. შიგნით ტემპერატურა მუდმივად +20 °C იყო (ყველაზე კომფორტული ტემპერატურა თაგვებისთვის), საკვები და წყალი ულევი, მოწყობილი იყო სპეციალური ორდონიანი ბუდეები მდედრი თაგვებისთვის. ყოველ კვირას სათავსო სუფთავდებოდა და სისუფთავე მუდმივად კონტროლდებოდა, ობიექტი ყველანაირად დაცული იყო ინფექციებისგან და მტაცებლებისგან (ლაბორატორიის სიახლოვეს კატას არ აჭაჭანებდნენ, რომ თაგვებს ნერვები არ აშლოდათ). თაგვები მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. სისტემა გათვლილი იყო 9 500 თაგვზე ანუ ამ რაოდენობის თაგვს შეეძლო ერთდროულად ეჭამა საჭმელი და დაელია წყალი ისე, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალა. ფართიც საკმარისად დიდი იყო, იმისთვის რომ თაგვებს თავისუფლად ეცხოვრათ.
ექსპერიმენტი 8 (4 წყვილი) ჯანმრთელი თაგვით დაიწყო. სულ ცოტა დრო დასჭირდათ თაგვებს იმის გასაცნობიერებლად, რომ ზღაპარში მოხვდნენ. მალე აითვისეს ახალი «სახლი» და ელვის სისწრაფით დაიწყეს გამრავლება. ექსპერიმენტის დაწყებიდან, თაგვების რიცხვი, ყოველ 55 დღეში ორმაგდებოდა, ხოლო ექსპერიმენტის დაწყების 315-ე დღიდან, პოპულაციის რაოდენობის ზრდის ტემპი შემცირდა და თაგვების რაოდენობის გაორმაგება 145 დღეში ერთხელ ხდებოდა. როდესაც მათმა რაოდენობამ 600-ს მიაღწია, თაგვების საზოგადოებაში, გარკვეული იერარქია და სოციალური ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ფიზიკურად, თავისუფალი ფართობი შემცირდა.