თავისუფლება ის არის, რაც დიდი ხნის მანძილზე მინდოდა. მსურდა საკუთარი თავის უფროსი თავად ვყოფილიყავი და მიმეღო ამ ცხოვრებისგან მაქსიმუმი. არასდროს მინდოდა ის, რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა, ის რაც სხვის უფლებებს შელახავდა. მე მხოლოდ თავისუფლად სუნთქვა მსურდა, სახლისგან შორს.
მეგობრებთან ერთად გართობა, მოგზაურობა, შოპინგი, პროფესიის არჩევაც კი ჩემით მინდოდა და არა-დაძალებით. სამწუხაროდ, ჩემი მშობლების დახმარებით, ჩემი ცხოვრება გამუდმებით კონტროლის ქვეშაა. დამხმარე მყავს, რომელიც რობოტივით ასრულებს დედაჩემის ყველა ბრძანებას. კბილების გახეხვაც კი განრიგის მიხედვით მიწევს. ყოველთვის მინდოდა შუა დღემდე ძილი, მინდოდა მთელი ღამით გამოთრობა და მერე უნიტაზთან ჩახუტება. მინდოდა შეყვარებული მყოლოდა, რომელიც პაემანზე დამპატიჟებდა, სახლამდე მიმაცილებდა და დასამშვიდობებელ კოცნას მაჩუქებდა. მინდოდა პირველი ჩხუბის შემდეგ, მთელი ღამე მეტირა. საკუთარი დაბადების დღის წვეულებაც მინდოდა, მეგობრებით სავსე სახლი და დილამდე გიჟური გართობა, მაგრამ არაფერი არ მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო.
აქამდე, თითქოს ამ ყველაფერს შეჩვეული ვიყავი. აღარც კი ვაპროტესტებდი. ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მეუბნებოდნენ, მაგრამ მომბეზრდა. აღარ მინდა სხვისი სურვილების შესრულება. როგორც ამბობენ, ამ ქვეყნად მხოლოდ ერთხელ მოვდივართ და მეც მინდა რაღაცები ჩემი ნებით გავაკეთო.
არ ვიცი რამდენად შორს შევძლებ გაქცევას, რამდენხანს მოვახერხებ თავისუფლად სუნთქვას, მაგრამ ერთი წამის დაკარგვაც კი არ მინდა. მზად ვარ ყველანაირი სიგიჟე ჩავიდინო. ყველაფერი გავაკეთო რისი გაკეთებაც შესაძლებელია, რადგან, როცა მიპოვნიან, ისევ ისეთ უსულო სხეულად გადამაქცევენ, როგორიც აქამდე ვიყავი.
ამბობენ, რომ თავისუფლება მთებშია. ჩემთვის კი პირიქით. თავისუფლება ზღვაზეა. სანაპიროზე, სადაც შემიძლია ნახევრად შიშველი სიარული, ზედმეტი სულის შემხუთველი ტანისამოსის და სამკაულების გარეშე და მეც ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ჩემ შვებულებას, ,,გაურკვეველი ვადით".