დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც დილა ისეთივე ბედნიერად დაიწყო, ჩემ ცხოვრებაში, როგორც დღეს. უჩვეულო სიმშვიდე მსდევდა თან და ჩემი გაცისკროვნებული სახეც, ყველას ყურადღებას იპყრობდა. ირგვლივ არაფერს ვაქცევდი ყურადღებას, მხოლოდ იმ რამდენიმე სიტყვაზე ვფიქრობდი, რომელიც დილით საწოლთან დამხვდა. ღიმილსაც კი ვერ ვმალავდი, როცა წარმოვიდგენდი, როგორ გადაიღო ფოტო, როგორ ჩამოჯდა საწოლზე და გვერდით მდგარ ტუმბოზე დაყრდნობით, ფოტოს უკან, ჩემთვის რამდენიმე სიტყვა დაწერა. ისიც კი წარმოვიდგინე, როგორ დამხედა დაძინებულს, თმაზე მომეფერა და შემდეგ ტუჩის კუთხეში მაკოცა. ალბათ ვგიჟდები, უფრო სწორად, უკვე გავგიჟდი. იმ გრძნობებმა გამაგიჟეს, რომელსაც ის განმაცდევინებს ყოველ წამს, მისი გამოჩენით.
ჩემ გამო თვითმფრინავიდან გადმოხტა, გაფიქრებაზეც კი სხეულში სასიამოვნოდ მივლის ჟრუანტელი. მე კი რა აღარ ვიფიქრე, როცა დავურეკე. უსირცხვილოდ მეგონა, რომ დამივიწყა. მას ვახსოვარ, ვენატრებოდი, ვუყვარვარ, დამპირდა, რომ დაბრუნდება, მე კი მჯერა. რადგან პირობას ყოველთვის ასრულებს.
სასაუზმოდ ისევ მთელი ოჯახი შევიკრიბეთ. ყველა მე მიყურებს, ჩემი უჩვეულო მდგომარეობა აკვირვებთ. ჩანგლით საჭმელში ვიქექები, ყურებამდე გაწელილი ტუჩებით და ვერც კი ვმალავ, რომ კარგ ხასიათზე ვარ.
- თავი რამეს მიარტყი? თუ დილიდან რა ხასიათზე ხარ? - თვით დედაჩემიც კი ვერ ჩამამწარებს ამ ბედნიერ წუთებს, ამიტომაც არ ვაქცევ ყურადღებას და ისევ საჭმელს ვეთამაშები.
- მისმა სიმშვიდემ არ შეგაცდინოს დედა, დარწმუნებული ვარ, ეს ის მომენტია. ქარიშხლის წინ, რომ იცის - ჯინის ნათქვამზე გამეცინა, მაგრამ ისიც კი ვერ ფარავს ჩემ ამაღლებულ განწყობას და ისევე უპასუხოდ რჩება, როგორც დედაჩემი.
- ეჭვიც არ მეპარება, რომ მორიგი სისულელე დაგეგმა. - ნეპერწკალზე სულის შებერვასავით მოქმედებს მისი სიტყვები. ნუთუ არ შეუძლია, უბრალოდ მოკეტოს და ჭამოს? - ამჯერად რა ჩაიფიქრე? კიდევ როგორ აპირებ, ჩემ ნერვებზე თამაშს? - ჩოფსტიკები მაგიდაზე ხმაურით დავახეთქე ისე, რომ სამი წყვილი თვალი, პირდაპირ ჩემ მარჯვენა ხელს აშტერდება.