მეოთხე დილას ცაცხვის ჩაი დავლიე, მოცხარის ნამცხვრის დიდ ნაჭერს გეახელით და ფეხით გავუდექი გზას. "მარჯნის ქუჩაზე", ჩვეულებისამებრ, უამრავი თურქი, არაბი და ირანელი მოვაჭრე შემხვდა. ისინი ხორცისა და ალუბლის ღვეზელებს მთავაზობდნენ, მე კი, საუზმით სავსე, ყველას უარით ვისტუმრებდი. ლამის "ბანოვანთან" მისულს, მოლდოველმა მკითხავმა გადამიჭრა ნაბიჯი...
- ევრო ჯადოქრისთვის! - ხელი გამომიწოდა და გამიღიმა. ოჰ, ეს თაღლითები...
- არ მაქვს! - სწრაფად მოვიშორე.
- გერტრუდის, კაბის მარჯვენა ჯიბეში მოძებნე, აუცილებლად იპოვი! - მომესმა ნაცნობი ხმა და მან მაიძულა ადგილზე გავშეშებულიყავი.
მაინც მივბრუნდი მუხლმოკვეთილი.
- დედა?!
გულწრფელად გამიხარდა მისი დანახვა... ალბათ, ხუთი ან ექვსი წელი გავიდა, თუმცა ის მაინც ახალგაზრდა და ლამაზი იყო, ლოტუსის ყვავილივით. გამეღიმა.
- თვალის უპეებში ნაოჭები დაგტყობია, არადა ჯერ ოცდაერთის ხარ... - თლილი თითები გადამატარა სახეზე - მოგწონს ჩემი სამოსი?
- ბოშას ჰგავხარ... - სიცილი წამსკდა - რაში დაგჭირდა?
- ვმოგზაურობდი და ასე გამოვიდა... - თმა ამიჩეჩა და გზა ჩემთან ერთად განაგრძო - კვლავ წასვლა მიწევს, აქ მხოლოდ ცოტა ხნით შემოვიარე, მინდა, რაღაც გითხრა, ჯი...
- ორი ათასი დღე უშენოდ და ახლაც ერთი წინადადების გამო მოხვედი... - ჩავფიქრდი - ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს...
- ჭკვიანი ხარ, - თავსაბურავი მოიხსნა და ყელზე შემომხვია - ამიტომ მომწონდი ყოველთვის...
- დედა, თქვი... - სიტყვებში გავიხლართე.
- შორს დაიჭირე თავი იმ ყმაწვილისგან... - ჩამჩურჩულა, მისი კანი კი ნელ-ნელა გაუფერულდა - ის სხვას ეკუთვნის, გერტრუდის, სხვისი სიყვარულია... - ხეებს მოეფარა, ქარს შეერწყა და უკვალოდ გაუჩინარდა.
ვერაფერს მივხვდი. დაბნეული ვაშტერდებოდი სივრცეს და მაინც, მე დროის მართვა შემეძლო. სივრცისა და გონების მართვა შემეძლო... მე...
- მასწავლებელო, აქ რას აკეთებთ? - თეჰიონის ხელი ვიგრძენი მხარზე - მზე დაგწვამთ, შიგნით შევიდეთ!
- შენ გელოდი! - სწრაფად გამოვფხიზლდი - რატომ დაიგვიანე?!
- მაცადეთ, მაცადეთ, დღეს ვერ გამიწყრებით, უნდა გაგაოცოთ! - დაფაცურდა და კიბეს ჩაუყვა. მკვირცხლად მივიდა მაგიდასთან, საკუთარი ადგილი დაიკავა - ჰო, მართლა, თქვენი სკამი გამოვცვალე! არ მკითხოთ რატომ... უბრალოდ ასეთი წინათგრძნობა მქონდა! უაზროდ მგონია, რომ ბალიშებს ვერ იტანთ!
ღმერთო, უკვე მეორედ! მეორედ წაიკითხა ჩემი ფიქრის ნაგლეჯი და თან ისე, რომ ამის შესახებ თავად არაფერი იცოდა... ამიტომ მიაწერდა შემთხვევითობას! მძულდა ბალიშები. და ვოცნებობდი, რომ ის ბალიშიანი სკამი, რომელიც პირველ დღეს შემომთავაზა, სასწრაფოდ მოეშორებინა ოთახიდან...
- იყოს, დავჯდები ამაზე... - უხერხულად შევიშმუშნე.
- მოკლედ... - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მიაყარა - "ადამიანთა გონება სუსტი და დაუცველია. ნებისმიერი მისანი მარტივად შეძლებს, შეაღწიოს ღია კარში, თუ მზერით გაარღვევს ხორციელ ბარიერს მისი დაზიანების გარეშე. რაც უფრო ახლოს ვართ ინდივიდებთან, მით მეტად გვენდობიან ისინი, მაშასადამე, ტრივიალურია წინააღმდეგობის გადალახვა, რადგან მეგობართა წრეში ხალხის ტვინი დუნდება და ბედნიერების ჰორმონით იჟღინთება. რაც შეეხება სივრცის მართვას, ეს გაცილებით უფრო რთულია, თუმცა ამაზე ორმაგად რთული დროის მართვაა..."
ვუსმენდი მშვიდად. თხუთმეტი წუთის განმავლობაში, ერთხელაც არ გავაწყვეტინე საუბარი. თეჰიონის თვალებში იმედის ნაპერწკლები აკიაფდა...
- უკეთესია? - ჩამეძია, როცა დასრულების შემდეგაც არაფერი ვუთხარი.
- ჰო, არაგიშავს... - გული სითბოთი ამევსო, მაგრამ ეს უკანასკნელი სიფხიზლედ გარდავქმენი და კულისებში მივჩქმალე - ყოჩაღ...
- ანუ, შანსი მაქვს?! იმედგაცრუება არ ვარ თქვენთვის?! შემფასებელთა გუნდში რომ იყოთ, ამიყვანდით ჯადოქართა შორის?!!!
მე ვუყურებდი, ის კი ღელავდა. ღელავდა ზღვასავით. ზღვასავით ლამაზად.
ან მე მსურდა ასე...
KAMU SEDANG MEMBACA
პროტაგონისტი (დასრულებული)
FantasiMomma told me: "stay away from things that aren't yours..." But was he yours if he wanted me so bad? ~ m.m