დასასრული

320 19 12
                                    

უცნაურად მოღრუბლულიყო ივნისის ბოლო დღეს. ბუნება ტიროდა და წინასწარ გლოვობდა მოსალოდნელს. ტალღები კი გამალებით ეხეთქებოდნენ აზვირთულ ქვას, ვერ ისვენებდნენ. უნდოდათ ჩაეყლაპათ ქვის კიდეზე მჯდარი სხეული. მისგან მოშორებით გოგონა იდგა, ჯინსის კომბინიზონის წვრილი სახელურები იდაყვებზე ჩამოჰფენოდა და მკერდი სულ მოშიშვლებოდა. სველი ქარი დაუნდობლად აშრიალებდა მისი შავი თმის ტალღებს და ძუძუს თავებს უფარავდა. შეჰყურებდა გოგონა შავ ფრთებმოხატულ ზურგს. უამრავი სიტყვა მოაწყდა მის ბაგეებს, მაგრამ გადმოსვლა არ სურდათ, გაცოცხლება არ სურდათ. გოგონას ცხელ ცრემლებს წვიმის ცივი წვეთები ასაიდუმლოებდა. მხოლოდ ჩაწითლებული და დაღლილი თვალები გასცემდა მას. თითქოს, ქვის კიდეში მჯდარმა ბიჭმაც იგრძნო მისი სიახლოვე და ოდნავ შეირხა ფრთები, შემდეგ თავი შემოატრიალა მისკენ და გოგონამ დაინახა იგივე თვალები, იგივე ჩაწითლებული და სველი. მხოლოდ მან გაარჩია წვიმისგან გასაიდუმლოებული სიცხელე მის თვალებზე და ფეხები აამოძრავა. მიდიოდა მისკენ და ყოველი ნაბიჯის გადადგმა, მდინარეთა ახალ შენაკადებს უდრიდა მის ღაწვებზე. ტიროდა, მაგრამ არ იცოდა რას?! ბიჭთან მისული, ეს უკანასკნელიც წამოდგა. პირისპირ დაუდგნენ ერთმანეთს და ცამ მთელი ხმით დასჭექა, აფეთქდა და წითელ ზოლად გადაურბინა ორ სხეულს. ისინი კი თვალსაც არ აშორებდნენ ერთმანეთს. იდგნენ ბედნიერნი და უბედურნი. იდგნენ მდუმარედ და ამ მდუმარებით ყველაფერს ამბობდნენ. ლეამ პირველად, პირველად დაინახა იოს თვალებში ის, რასაც მთელი სამი თვის მანძილზე ეძებდა. პირველად მისცა იომ საშუალება, რომ გაეგო დაფარული... და იდგა ლეა, იდგა ბედნიერი და უბედური. და იდგა იო, იდგა ბედნიერი და უბედური.
შემდეგ, იო თავის ქამარს დასწვდა, ისე რომ ლეასთვის თვალი არ მოუშორებია. საკუთარ წელზე შემოიხვია, ლეას წელიც მოატნია შიგნით და გოგონას ზურგს უკან შეკრა, მჭიდროდ.
-გავფრინდეთ? -მომღიმარი ხმით შეეკითხა გოგონა.
-გავცუროთ. -მშვიდად უპასუხა ბიჭმა.
ლეამ ხელები მოჰხვია იოს, ძლიერად. არ ენდობოდა ქამარს, არ სურდა რომ რაიმეს წაერთმია იო მისთვის. არ ენდობოდა არაფერს, გარდა საკუთარი უსუსური მკლავებისა. იომაც მოჰხვია ხელი, პირველად და უკანასკნელად. ლეა უყურებდა მის ლურჯებს, მის გულწრფელ ლურჯებს და სამოთხე ნახა. სწორედ ამ თვალებში იყო ის, რაც კულისებს მიღმა იმალებოდა და გაუქრა შიში. ყველა ემოცია გაუნაწილა მას იომ და მისი ცხოვრების ნაწილად გახადა. შემდეგ კი, ლეამ იგრძნო როგორ გამოეცალა ფეხებში საყრდენი. რამოდენიმე წამში, სიცივე იგრძნო. სიცივე და სითბო, რომელსაც სახლისკენ მიჰყავდა. ბოლოს კი, მისი ფიქრები გაქრა.
აზვირთული ტალღები, გამალებით ეჯახებოდნენ ცარიელ ქვას. ცა კი ტორიდა, დაუნდობლად ღრიალებდა. თხლეშვით ეხეთქებოდა ზღვის ტალღებს ზეციდან მდინარი წყალი და მას უერთდებოდა, ხარბად. ბუნებას სტკიოდა, გაუსაძლისად სტკიოდა და ტიროდა. გლოვობდა დაკარგულებს, გლოვობდა იმ მწუხარებას, რომელიც ორმა სხეულმა წამების წინ ჩაიტანა ზღვაში და მათთან ერთად გააქრო. მხოლოდ ცრემლებს არ დასჯერდა ზეცა, სეტყვა დაეშვა დაუნდობლად და სულ გაათავისუფლა გზები ბრბოთა სვლისაგან. თითქოს, არ ჩათვალეს ღირსად ამ სანახაობისაგან გამოწვეული სევდის გამზიარებლად. ბუნებასაც სურდა მარტო დარჩენა, რათა გულწრფელად ეგლოვა. ბუნებაც მოიცვა უჩვეულო მწუხარებამ და ხმაურით, ღრიალით ატყობინებდნენ მთელს სამყაროს, რომ დამნაშავე მათში იყო.
***
ელენე ღვინიანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გამწესებული, იქამდე სანამ დაკითხავდნენ. ქალს არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა, ძალაგამოცდილი იჯდა ხის საწოლზე. იოს ქმედება, მესიჯი იყო მისკენ მომართული. ეს იყო სასჯელი, რომელიც დანაშაულის შეუცნობლობის გამო დაიმსახურა იოსგან. ცხოვრების აზრი დაკარგა ქალმა, მაგრამ ციხე მისი სნეული სულისთვის წამალი იყო. ისევ ადამიანებს ებღაუჭებოდა, ისევ მათგან ელოდა გაკიცხვას, რომ საკუთარი თავისთვის არ მოესმინა. ჩათვალა, რომ თუკი ციხეში ჩაჯდებოდა, იოს არ დაკარგავდა. იო აპატიებდა, ეს სურდა ყველაზე მეტად. იოს დაკარგვას ვერ შეეგუებოდა, იოს სიძულვილს ვერ აიტანდა, ამიტომ ყველანაირ სასჯელზე თანახმა იყო, თუკი იო აპატიებდა. არც თამარზე უფიქრია, არც მეუღლეზე, მხოლოდ იოზე ფიქრობდა, რადგან მისი გრძნობაც ფანატიზმი იყო, უკიდურესად ავადმყოფური. იჯდა და ელოდა სასჯელის უმაღლეს ზომას. შემდეგ კი, მთელს ცხოვრებას იოს ლოდინში გაატარებდა. მის პატიებას დაელოდებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ციხეში გამოკეტილი, დაუძლურებული ადამიანისთვის პატიებას შეძლებდა იო. სჯეროდა და მთელი გულით სწამდა ამისი.
გვამების გაჩხრეკის დროს, მიხეილ მენაბდის შარვლის ჯიბეში წერილი იპოვეს, რომელიც მთავარ გამომძიებელს მიუტანეს კაბინეტში, სამხილის ცელოფანში გახვეული. გამომძიებელმა ერთჯერადი, რეზინის ხელთათმანი მოირგო და ცელოფნიდან წერილი ამოიღო. ფურცლის ნაგლეჯი გახლდათ, რომელზეც ძალიან ლამაზად იყო დაწერილი ტექსტი. ასოების ლამაზი წყობა, აღიარებით ჩვენებას აჟღერებდა გამომძიებლის პირიდან.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 25, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

იო [დასრულებული ]Where stories live. Discover now