9 თავი

151 12 0
                                    

ორი დღე უსაშველოდ გაიწელა ლეასთვის. პრეზიდენტის მანქანა აღარ აკითხავდა და შესაბამისად, იოსთანაც ვერ მიდიოდა. მაგრამ, ამასთან ერთად, ლეას ეჭვს უღრღნიდა ელენესგან წამოსული უარყოფითი ემოცია. მანამდეც ეჭვობდა, რომ იოს ფსიქიკურ პრობლემებთან და მის არაორდინალურ ბუნებასთან, მისი აღმზრდელების გავლენა აღინიშნებოდა. მოაგონდა გივის სიტყვები, როცა ლეას უთხრა რომ პრეზიდენტის მეუღლე, სეანსების წინააღმდეგი იყო. ასევე, დააკავშირა ერთმანეთს ერთი შეხედვით, მარტივი რამ, თუმცა ეს დეტალი ქალბატონ ელენესკენ მიანიშნებდა ლეას. იოს არ მოსწონდა, როდესაც იოანეს ეძახდნენ, ელენემ კი ის იოანეთი მოიხსენია. თითქმის დარწმუნებული იყო ლეა, რომ იოს სიბნელეს, ელენეს გავლენა ჰქონდა.

სრულიად უმოქმედო გახდა ლეა, ვერაფერს აკეთებდა და ეს საშინლად აფორიაქებდა. იოს სახლში კი ვერ მივიდოდა. ორი დღის მანძილზე, ნაცნობ კლუბსაც ესტუმრა, მაგრამ როგორც უთხრეს, მიხეილი ორი დღე არ გამოჩენილა. სრულიად მოსწყდა გოგონა რეალურ სამყაროს და თავით გადაეშვა ფიქრებში. იო რთული თავსატეხი იყო მისთვის, მაგრამ მოცემულობა უკვე ჰქონდა. ორი აზრი არ იყო, ქალბატონი ელენე, დიდ გავლენას ახდენდა მასზე და სწორედ აქედან უნდა დაეწყო ლეას. ვერ მისცემდა თავს უფლებას, რომ მაშინ გაეწყვიტა, როცა უკვე რაღაც ხელმოსაჭიდს მიაგნო. მისთვის იო უბრალოდ პაციენტი აღარ იყო და რომც დაეთხოვა გივის, მაინც იბრძოლებდა ამ ბიჭის გადასარჩენად.

მესამე დღეს, ლეას საიდუმლო სანაპირო გაახსენდა და იქ წასვლა გადაწყვიტა. მთელი დღე სანაპიროსთან მჯდომარემ გაატარა. ჩაიძირა ზღვის მდუმარებაში და შიმშილიც კი არ უგრძვნია. მთელი სხეული მოლოდინის რეჟიმში ჰქონდა, სულმოუთქმელად ელოდა იოს. ყველგან მისი ლურჯები ელანდებოდა, მეტადრე ზღვის პირას, რადგან ზღვა იოს თვალებს აგონებდა. მის საუდუმლოს, მის ამოუცნობ ბუნებასა და ზღვასავით ჩუმ ხმაურს.
ზღვა ღრმაა, ზოგჯერ გგონია რომ უძიროც... ზედაპირი მიმზიდველი ჩანს, მაგრამ თუ ღრმად ჩახვალ, ბევრ საიდუმლოს წააწყდები. ლამაზ, უწყინარ თევზებსაც, კაციჭამია ზვიგენებსაც, ჩაძირულ გემებსაც და დამხრჩვალ ადამიანებსაც. ზღვა უამრავ საიდუმლოს ატარებს, მაგრამ დუმს... აუტანლად დუმს და თან, გიზიდავს. რაც უფრო ღრმად შეხვალ, უფრო და უფრო გითრევს. თუკი ნაპირს წაეთამაშები, აზვირთული ტალღები, ისევ ხმელეთზე გისვრის, მაგრამ თუკი ძალა გეყოფა, თუკი გაუმკლავდები და ღრმად შეხვალ, უფრო ღრმად შეგაქანებს, დაგღლის და ძალაგამოცლილს, მასში ჩაგკარგავს. ზღვა კი ისევ აუტანლად დადუმდება და საიდუმლოდ შეგინახავს, თითქოს წამითაც არ გიბრძოლია, თითქოს წამითაც არ შეწინააღმდეგებიხარ... სწორედ რომ ზღვას გავდა იო, ზღვის საუდუმლო თითქოს იოში განკაცებულიყო. მართლაც, საშიში იყო ამ ბიჭის სიღრმეებში შესვლა, მაგრამ აუტნლად იზიდავდა ლეას ეს სიღრმე, ეს დაუნახავი, მიუწვდომელი ჰორიზონტი, რომელიც ეძახდა ლეას. მისკენ იხმობდა, ეს უკანასკნელი კი როგორც მარტოსული მეზღვაური, მიიწევდა მისკენ ზლაზვნით. ბევრჯერ დაუმსხვრია, ამოუტრიალა ნავი დაუნდობელმა ტალღებმა, მაგრამ მაინც აღადგინა, მაინც განაგრძობდა ჰორიზონტისკენ გზის გაკვლევას. ვინ იცის, იქნებ და ჰორიზონტს მიღმა უფსკრული ელოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... ლეა ან მიაღწევდა იქამდე, ან ზღვა შთანთქავდა მას, სამუდამოდ და საიდუმლოდ.
ზღვამ მზე შთანთქა და სულ ჩამობნელდა, ლეა კი კვლავ მდუმარედ ელოდა...

იო [დასრულებული ]Donde viven las historias. Descúbrelo ahora