შონუს და კიჰიონის ცეცხლოვანი სექსის და ურთიერთობებისთვის სახელის დარქმევიდან ერთი თვე გავიდა, მთელი თვის განმავლობაში ბიჭები ერთად უჩინარდებოდნენ ხოლმე, ჯუჰონი და ჩანგიუნი ამას მალევე შეეჩვივნენ და დროის ერთად გატარება დაიწყეს. ბიჭები ლექციების შემდეგ სახლში ერთად მიდიოდნენ, ერთად მეცადინეობდნენ, ეხმარებოდნენ ერთმანეთს პროექტების გაკეთებაში და შემდეგ მთელი ღამე თამაშობდნენ.
ახალ წლამდე სულ რაღაც ერთ კვირაღა რჩებოდა, ბიჭები ბოლო ლექციის შემდეგ საერთო საცხოვრებელთან ახლოს მდებარე პატარა კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს რომ საახალწლო გეგმა შეედგინათ.
- მოკლედ, ახალწელს ყველა აქ ხვდებით? - საუბარი ჯუჰონმა დაიწყო და ერთმანეთის თვალებში ჩაკარგულ წყვილს სახესთან ხელები აუფრიალა - ალოოო, დედამიწა იძახებს შონუს და კიჰიონს, ისმის ჩემი ხმა?
- ჩემი მშობლები ამერიკაში არიან - ამოიხვნეშა კიჰიონმა და ცხელი კაკაო მოსვა.
- ჩემებიც - ჩანგიუნმა მიმტანს თავისი ამერიკანო გამოართვა - კიჰიონის მშობლებთან ერთად მუშაობენ.
- ჩემებს კიჰიონის გაცნობა უნდათ - შონუ და კიჰიონი ისევ ერთმანეთს მიაჩერდნენ - ამიტომ ჩვენს გარეშე მოგიწევთ გართობა.
- დაიცადე, ზედმეტად ხომ არ ჩქარობთ? - აიემმა წარბები შეჭმუხნა.
- აიემი მართალია, ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც ერთმანეთს ხვდებით - ჯუჰონი დაეთანხმა მეგობარს.
- მართალი ხარ, მაგრამ ხომ იცი ჩემი მშობლების ხასიათი, როგორც იქნა შვილმა შეყვარებული გაიჩინა და ატყდნენ - შონუმ თვალები აატრიალა.
- კარგი მშობლები გყავს - აიემმა მოწყენილად გაიღიმა.
- შენს მშობლებს რას უწუნებ ერთი? - კიჰიონს უნდოდა რომ მაგიდის ქვეშ ჩანგიუნისთვის ეკრა ფეხი, მაგრამ წვერი ჯუჰონს მოხვდა და საწყალმა ცრემლები გაყარა.
