2005
_____
იდანი - გამოგონილი სოფლის სახელწოდება
- ლინდას სახლში ახალი მდგმურიაო, ამბობენ. ორი დღეა შუქები უნთიათ.
- მართლა? ქალაქიდან ჩამოვიდა ვინმე? რა დაკარგვია ნეტავი აქ, - ხმა ნაცნობია. ძალიან ნაცნობი, - არ მითხრა, რომ ქალია.
- არა, კაცია, - ხმაში ყოყმანი გაისმა, - ბიჭი. ამბობენ სახელმწიფო სამსახურში მუშაობსო. რომ იცოდე, როგორ გამოიყურება, რანაირად უჭირავს თავი, მიხვდები, რომ ასეა. ყველას უცნაურად მოკრძალებით ესაუბრებაო, ამბობენ. ისე დადის, ეშინია ფეხი რამეში არ ჩაყოსო.
ქალებმა გაიცინეს.
- შენ ნახე? ახალგაზრდაა?
- კი, ახალგაზრდაა. ჩემი ზურიკოსხელა იქნება. მე არ მინახავს, თინამ ნახა. სულ მის მაღაზიაში ყიდულობს თურმე რაღაცებს.
- ნეტავ რატომ ჩამოვიდა, რა საინტერესოა...
ერეკლემ საბოლოოდ გაახილა თვალები, რადგან მიხვდა, რომ ბებიამისისა და მეზობლის საუბრის ხმაში ძილს ვეღარ შეიბრუნებდა. არადა, ჯერ დილის 11 საათიც არ იყო. ბიჭმა მხოლოდ 4 საათის წინ დაიძინა. კომპიუტერულ თამაშში ისე შემოათენდა, ვერაფერი გაიგო.
ოხვრით მოისრისა თვალები. ჯერ მხოლოდ ერთი კვირა იყო, რაც საზაფხულო არდადეგებზე ბებიასთან ჩამოვიდა და ყოველ დილას მსგავსი ლაპარაკი აღვიძებდა. ბებიამისს და მეზობლებს მაინცდამაინც მისი ოთახის ფანჯრის წინ უნდებოდათ საუბარი, სიცილი, ან რომელიმე მეზობელზე ჩხუბით გულის მოოხება. ამ დროს ბიჭს არც თავზე დამხობილი ბალიში შველოდა და არც ყურსასმენებში ჩართული მუსიკა, რადგან ისეთი ცუდი ძილი ჰქონდა, ერთხელ თუ ეღვიძებოდა, მერე ვეღარ ახერხებდა დაძინებას.
ერეკლე დარეტიანებული წამოჯდა საწოლში და ფანჯარა გამოაღო. ოთახში ჰაერი ჩახუთული იყო და ცხელოდა. ვერაფრით დააყენა საშველი კოღოების დამჭერი ბადის გაკვრას ფანჯარაზე, ღამითაც რომ გაეხსნა. დღეს აუცილებლად გააკეთებდა.
YOU ARE READING
იდანის მოჩვენება
Romanceერეკლე ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც არქიტექტურის ფაკუტლეტზე სწავლობდა და მამაკაცები მოსწონდა. ჯერ მარტო ამ ორი ფაქტის გამო შეიძლებოდა ჩაეთვალა, რომ საერთოდ არაფერში უმართლებდა ცხოვრებაში.