19

1.1K 177 2
                                    

2841


______

ერეკლე ბედნიერი იყო ახალ სახლში გადასვლით. შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ ეს ერთადერთი კარგი რამ იყო, რაც მის ცხოვრებაში ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ანრი ისევ არ ჩანდა, დაჩისთან დაკავშირების ვერანაირ გზას ვერ პოულობდა. ყველა აზრი, რაც კი თავში მოსდიოდა, იმდენად ბავშვური და სულელური იყო, ერეკლე მაშინვე უარყოფდა.

ახალ სახლში გადასვლის შემდეგ პირველი ორი დღე საწოლიდან არ ამდგარა. ლოყა ძალიან სტკიოდა. ნაკერების დადება არ დასჭირდა, მაგრამ პატარა ჭრილობა ისეთ ადგილზე იყო, მთელი ყვრიმალი შეუსივდა და ცალი თვალიდან ფაქტობრივად ვერაფერს ხედავდა. თვალიც ჩალურჯებული ჰქონდა. ნახევარი სახე უფეთქავდა მის გამო, ჭამის ენერგია არ ჰქონდა, მხოლოდ იწვა და ეძინა. ძილშიც კი იმაზე ნერვიულობდა, ანრის არ დაერეკა მისთვის და არ გამორჩენოდა მისი ზარი. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

რამდენიმე დღის შემდეგ ლოყა ჩაუცხა. იარა დარჩებოდა, ამაში ორი აზრი აღარ იყო. რაღაც მხრივ ეს ახარებდა, რადგან იმაზე ფიქრი ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, რომ რამდენჯერაც მამამისი ამ იარას დაინახავდა მის სახეზე, გაახსენდებოდა, რაც გააკეთა და შერცხვებოდა. დედა მალევე შეურიგდა ქმარს. ერეკლეს რეაქცია არ გამოუხატავს ამაზე. იცოდა, ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა, ამიტომაც შეგუებული იყო. აზრი არ ჰქონდა დედასთან ლაპარაკს. ის არ აპირებდა ქმრის მიტოვებას. ერეკლეს ეშინოდა, რომ მამამისს შეიძლებოდა ცოლისთვისაც დაეშავებინა რამე, მაგრამ ქალი არწმუნებდა, რომ ეს არ მოხდებოდა.

უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო. პირველი რამდენიმე დღე ერეკლე არ დადიოდა, უნდოდა, ჩალურჯება ცოტა მაინც გადასვლოდა, თორემ საშინლად გამოიყურებოდა. მის დაღლილ, ამოღამებულ თვალებს ეს სილურჯე ნამდვილად უარესს მართებდა. ნელ-ნელა ანრიზე ნერვიულობა და შფოთვა სიბრაზემ ჩაანაცვლა. იცოდა, რომ ანრი ასე უთქმელად არ გაქრებოდა. ის თუ დაშორებას გადაწყვეტდა, ერეკლეს აუცილებლად ეტყოდა ამას. ისეთი ადამიანი არ იყო, რომ შეშინებოდა მისი რეაქციის და, უბრალოდ, იმის გამო აორთქლებულიყო, რომ ერეკლეს მასთან დაკონტაქტება ვეღარ შეძლებოდა. ახლა იმის გამო ბრაზობდა, რომ მასთან დაკავშირებას არ ცდილობდა. როგორ შეიძლებოდა მთელი ეს დრო ისეთ ადგილას ყოფილიყო, ვინმესთვის მობილური რომ ვერ გამოერთმია და ბიჭისთვის ერთი სიტყვა მაინც ვერ მიეწერა? გადაწყვიტა, რომ ანრი არ ცდილობდა ამას. ალბათ ფიქრობდა, რომ შეეძლო სიტყვის უთქმელად ამდენი ხანი გაუჩინარება, შემდეგ კი დაბრუნება და ერეკლესთან ურთიერთობის ისე გაგრძელება, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ერეკლე ძალიან გაბრაზებული იყო და მნიშნველობა არ ჰქონდა, როდის გამოჩნდებოდა, ან როგორ აუხსნიდა თავის საქციელს მამაკაცი, ამ სიბრაზეს ვერაფერი გაუქარწყლებდა. ამასობაში ანრის გაუჩინარებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა.

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now