20

1.5K 179 7
                                    

3152


_______

ერეკლე აუდიტორიიდან გამოვიდა. თვალი უკვე იმ მდგომარეობაში ჰქონდა, მხოლოდ დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ თუ შეამჩნევდა ვინმე რამეს, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა. დაჩისთან ლაპარაკის შემდეგ სამი დღე გავიდა. წითურს არ გაჰკვირვებია, როდესაც მეორე დღეს, გვიან ღამით ნასვამი დაჩი დაადგა თავზე. თვალები აატრიალა მის დანახვაზე და სახლში შემოუშვა. დაჩი სიტყვის უთქმელად გაემართა დივნისკენ, სადაც წინა ღამეს ეძინა და ისე დაიძინა, ერეკლესთვის ყურადღება არ მიუქცევია. ერეკლე ნერვიულობდა მასზე. არ იცოდა, როგორ დალაპარაკებოდა, დაჩის მასთან თავი კომფორტულად რომ ეგრძნო და გულახდილი ყოფილიყო. ის დღისითაც ერეკლესთან დარჩა ნაბახუსევიდან გამოსასვლელად და მხოლოდ საღამოს წავიდა სახლში. რა თქმა უნდა, უხაროდა ანრის ძმასთან ასე თუ ისე კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდა, მაგრამ არ ტოვებდა იმის განცდა, რომ დაჩი რაღაცას გაურბოდა მასთან გამოქცევით, თითქოს ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობდა.

ერეკლე უნივერსიტეტის ეზოდან გამოვიდა და ავტობუსის გაჩერებისკენ დაიძრა. ანრიზეც ნერვიულობდა. დაჩის ვერაფრით ათქმევინა, კონკრეტულად სად გაგზავნეს დავალებაზე. არადა, დარწმუნებული იყო, დაჩიმ იცოდა, რადგან ისე დაიჟინა, მაგის გაგება ვერაფერში დაგეხმარებაო, რომ მიხვდა, დაჩი ასე მის დაცვას ცდილობდა. ახლა უფრო მეტად შეეშინდა, იმაზე ფიქრი დაიწყო, რაიმე საშიშ ადგილზე არ ყოფილიყო. დაჩისთან ლაპარაკის მერე ანრის აღარ ურეკავდა, მაგრამ მაინც მისწერა რამდენიმე შეტყობინება, რომ დაჩის მდგომარეობა არ მოსწონდა და მალე ჩამოსულიყო, თითქოს ანრი წაკითხავდა მის მესიჯებს. იმაზე ადვილი აღმოჩნდა ანრის ასეთ გაუჩინარებასთან შეგუება, ვიდრე მოელოდა. სიმართლის გაგებამ შფოთვაზე მეტად სიმშვიდე მოუტანა. აი, ანრის მშობლების ვინაობის გაგების დროს კი ასე არ იყო. ერეკლე ჯერ კიდევ გრძნობდა, რომ ამ ინფორმაციის გარეშე უფრო ბედნიერი იქნებოდა. ხანდახან უნებურად გაურბოდა ფიქრები იმისკენ, თუ რისი გადატანა მოუხდა პატარა ანრის, როდესაც სახლში უცხო კაცი დაინახა და როდესაც მას გაურბოდა. რას გრძნობდა, თავისი პატარა ხელებით ძლიერად როცა ურტყამდა თავში, როცა სხვა ადამიანის სისხლის გემო და სითბო იგრძნო პირში და როცა გაიაზრა, რაც ჩაიდინა. ერეკლეს სული ეხუთებოდა ამის წარმოდგენისას, მაგრამ ფიქრებით თავისით უჩნდებოდა თავში და ბიჭი მათ მოშორებას ვერაფრით ახერხებდა.

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now