თავი 18.

3.7K 119 131
                                    

"მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,

ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო
მე გული მქონდა და შენ მოგეცი..."

-ლადო ასათიანი

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ფიფქის ფანტელები ქარს აეტაცა და თავისით აცეკვებდა ჰაერში. თითქოს საყვარელი ქალივით ეალერსებოდა თითოეულ მათგანს და ზედ ევლებოდა.
ფიფქებიც ნაზი, თეთრი სხეულებივით იკლაკნებოდნენ და ქარს ნაზად აყოლებდნენ თავს. ნებას აძლევდნენ, რომ გაეკეთებინა ის, რაც მას მოესურვებოდა. ქარიც თამამი იყო, მაგრამ არა უხეში. სიყვარულით აცეკვებდა ფიფქებს და ალმაცერად დაანავარდებდა აქეთ-იქით.
ბოლოს ფიფქები შავი ზღვის ნაზ ტალღებს უერთებოდნენ და ქრებოდნენ. ერეოდნენ მარილიან წყალს, რომელიც მათ სხეულებს სწრაფად აუჩინარებდა.
თოვდა და თოვდა. შეუწყვეტლივ, გაუჩერებლად. თოვლი ციხისძირის სანაპიროს ფარავდა.
ნაზად ეფარებოდა კენჭებს, რბილი, ფუმფულა საბანივით.
ჯერ ნელა, მაგრამ მერე ისე ჩქარა შეცვალა ტემპი, თოვლის საბანი ყველაფერს გადაეფარა. სქელ საბანში გაეხვა ყველაფერი, ზღვის გარდა, რომელიც საოცრად წყნარი იყო.

ბუხარი გიზგიზებდა და პატარ-პატარა ნაპერწკლებს ისვროდა. ალს აცეკვებდა და ისეთ ხმას გამოსცემდა, რომ ბავშვობას მოგაგონებდა. მოგინდებოდა მსუქანი კატასავით გაზმორვა და ბუხრის წინ ჩამოგეძინებოდა. ღრმა ძილს მიეცემოდი და სითბოში განაბულს დარდი სულ გაგიქრებოდა. დარჩებოდა სითბო, ბუხარი და მისი ხმა.

საახალწლო განათებები ციცინათელებივით ანათებდნენ და ოთახს ახალისებდნენ. ირგვლივ, ყველგან, სადაც გაიხედავდი, დაინახავდი სათამაშოს, ფიფქს, ანგელოზს, ბალერინას... ოთახი სავსე იყო ახალი წლის განწყობით და თავბრუდამხვევი სილამაზით.
მაგრამ ყველაზე ლამაზი, მაინც ნაძვისხე იყო. კუთხეში იდგა, თავისთვის. ისეთი გაბერილი და მაღალი იყო, ისეთი დახუნძლული ტოტები ჰქონდა...
ყველგან უბზინავდა სათამაშო და წიწვების ქვეშ დამალული განათება.
მის ქვეშ საგანგებოდ დაწყობილ საახალწლო ყუთებს ფარავდა და საგანგებოდ ინახავდა.

ქაღალდის ნავიWhere stories live. Discover now