1. დასაწყისი

4.3K 192 58
                                    

  ამას არავინ ელოდა. არც მშობლები, არც მასწავლებლები, არც მეზობლები ან უბრალოდ გამვლელები, რომლებიც ხშირად ხვდებოდნენ ქუჩაში, ბიბლიოთეკისკენ მიმავალ დეიზის. გამხდარი, ფერმკრთალი, მსუბუქ, მაგრამ მაინც მტკიცე, მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამდა და ყოველთვის იმ გზას მიუყვებოდა, რომლის ბოლოსაც მისი სამიზნე უნდა ყოფილიყო.

დეიზის ხილვა გაზაფხულის პირველი თვის, ბოლო რიცხვებში ერთ რამედ ღირდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ქალი იყო თუ კაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ყველა მას უყურებდა. უყურებდნენ მანქანებიდან და ბაღის შესასვლელთან მდგარი სკამებიდან. ზოგი პირდაპირ აივანზე გადმოყუდებულიყო და ზემოდან დასცქეროდა გოგონას მუდამ მბზინავ, ოქროსფერ კულულებს, სილამაზით გაზაფხულის მზის სხივებს, რომ ჯაბნიდა. მიდიოდა და მის თითოეულ ნაბიჯს მიჰყვებოდა იმ კაბის ბოლოების შრიალით, რომელსაც ყოველ წელს იცვამდა მარტის თვის 26 რიცხვში, მას შემდეგ, რაც თორმეტი წელი შეუსრულდა. ეს კაბაც, თითქოს მოუჯადოებიათო, გოგონასთან ერთად იზრდებოდა და მის წვრილ წელს ისევე ზუსტად ერგებოდა, როგორც მაშინ, პირველად მოზომებისას. 

სინამდვილეში აქ ჯადოქრობა არაფერ შუაში იყო. ყველამ კარგად იცოდა იმ პატარა სამკერვალოს შესახებ, რომელიც წმინდა მარტინისა და ბერგსის ქუჩების გადაკვეთაზე, თითქოს გამოსაჩენ, თუმცა მაინც პატარა და მიყუჟულ ადგილას მდებარეობდა. მიუხედავად მისი მდებარეობისა, ქუჩის მეორე მხრიდანაც კი შეამჩნევდით კლიენტთა სიმრავლეს, რომელიც მხოლოდ კვირა დღეს ნეიტრალდებოდა და კარზე წითლად გაკეთებული აბრა "დაკეტილია" აიძულებდა შესვლის მოსურნეებს, რომ შეჩერებულიყვნენ. თუმცა რა თქმა უნდა, ეს აბრა დეიზისთვის ნამდვილად არ იყო განკუთვნილი. მას ყოველთვის შეეძლო ნაზად ჩამოედო ხელი მრგვალი და სიძველისგან უკვე გადახუნებული სახელურისთვის და კარის თავზე ჩამოკიდებული ზარის წკრიალით შესულიყო შიგნით. სამკერვალო ჯერ კიდევ მისმა დიდმა ბებიამ დააარსა და აქამდე შეუფერხებლად განაგრძობდა მუშაობას. მის ოჯახში ყველამ იცოდა კერვა, ქარგვა, ხაზვა. თითქოს ეს ნიჭი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გადასულიყო უფროსი თაობიდან უმცროსზე და რა თქმა უნდა ყველა, ჰილების მთელი საგვარეულო ჩაბმული უნდა ყოფილიყო ამ ერთადერთი განძის, ამ შემთხვევაში სამკერვალოს შენახვის საქმეში.

მთვარის ილუზიაWhere stories live. Discover now