19 - 20
ჩვენს საყვარელ კაფეში ვიჯექი და მის მოსვლას ველოდებოდი. გული ისე ძალიან მქონდა დამძიმებული რომ ძლივს ვიკავებდი თავს ტირილისგან. ფეხები გაუჩერებლად მითამაშებდა, ვერც ვაჩერებდი და ამაზე კიდევ უფრო მეშლებოდა ნერვები. ტუჩებს ვიჭამდი და იმ დონეზე ვიყავი მისული რომ უკვე სისხლის გემოსაც ვგრძნობდი.
გული მტკიოდა. ისე ძალიან რომ თითქოს სულიერადაც და ფიზიკურადაც ვგრძნობდი ამას. მარცხენა მკერდი ისე მეწვოდა რომ სურვილი მიჩნდებოდა გული საკუთარი ხელით ამომეგლიჯა და ტკივილი გამექრო.
ჩემ წინ დადებულ წვენს შევხედე და აკანკალებული ხელი მისკენ წავიღე. მინდოდა წვენის დალევით მაინც მომეშორებინა ის დიდი ბურთი რომელიც ყელში მქონდა გაჩხერილი. თითქმის ნახევარი ჭიქა დავლიე, მაგრამ გემო მაინც ვერ ჩავატანე. ისიც არ ვიცოდი რის წვენს ვსვამდი.
რამდენიმე წამში ჩემი მზერა კაფეს კარმა მიიბყრო, საიდანაც ნაცნობი ფიგურა შემოვიდა. გულ-მუცელი კიდევ ერთხელ ამეწვა როცა დავინახე, მან კი ისე ლაღად და სასიამოვნოდ გამიღიმა, რომ თავი საშინლად ვიგრძენი. არ მინდა ამ ყველაფრის გაკეთება.
უკვე ღამდებოდა და კაფეში ქალაქის განათება ვარსკვლავების ციმციმივით აღწევდა. ელენას ვერცხლისფერი სამაჯურები კი ამ განათების სინათლეს ირეკლავდა. კვლავ ისე ეცვა როგორც ყოველთვის, ფართო სტილის, ატმისფერი, ვილვეტის შარვალი, შავი ფერის კედები და ასეთივე ფერის ნირვანას მაისური, რომელიც შარვალში ჰქონდა ჩაკეცილი. ხელზე ჩემი ნაჩუქარი სამაჯური ეკეთა, რომლის დასრულებაც ჯერ ვერ მოვასწარით და მხოლოდ ნახევარი იყო შევსებული. გამჭოლმა ტკივილმა კიდევ ერთხელ ამიწვა მთელი ორგანიზმი მის გამო.
-გამარჯობა პატარავ,-ღიმილით მითხრა როცა მომიახლოვდა, ჩემკენ გადმოიწია და ჯერ ლოყაზე მომაწება, მერე კი ტუჩებზე მაკოცა და წამიერად კბენაც მოასწრო, როგორც ყოველთვის აკეთებდა ამას. ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა და ხელები მაგიდაზე აათამაშა. -აბა? დღეისთვის რა გეგმები გვაქვს?