ყველაფერი მშვიდადაა, ზედმეტად მშვიდად მისი ცხოვრების კვალობაზე. ალბათ უნდა ეშინოდეს ან უბრალოდ დატკბეს სანამ ამის საშუალება აქვს...
არაფრით განსხვავდებოდა ის დღე დანარჩენებისგან, თუ იმას არ ჩავთვლით რომ უჩვეულოდ თავისუფლად გრძნობდა თავს, თუმცა არ ვიცი რამდენად შეიძლება უწოდო თავისუფლება იმ გრძნობას როცა ხვდები რომ ცარიელი ხარ, უბრალოდ აღარაფერი მოქმედებს შენზე და ასე მოლივლივე ბუმბულივით ჰაერში, უსასრულობაში იკარგები. მაგრამ ასეთ დროს დაცემა იმაზე უფრო მტკივნეულია ვიდრე ელი... ან შეიძლება მივიწყებული სიმწარე განიცადო რომელსაც იქამდე იტანდი და შენს ნაწილად აქცევდი სანამ უბრალო მტვრის ნაწილად არ აღიქვამ საკუთარ თავს. ამის მერე კი ყველაფერი სულ ერთია.
ეს ყველაფერი იცოდა, თითოეული დღე ამაზე ფიქრით იწყებოდა და მთავრდებოდა, მაგრამ სულ პატარა იმედს არ კარგავდა და ფიქრობდა, რომ უბრალოდ ბედნიერების ღირსი ისიც იყო და ზედმეტი დრამატიზების გარეშე უნდა შეეხედა ცხოვრებისთვის.
სწავლა, ოჯახი, მეგობრები, ცოტა გართობა, ის ადამიანი ან ადამიანები რომლებიც... ჰმ, უბრალოდ იყვნენ მის ცხოვრებაში, ყოველგვარი მარკების და წოდებების გარეშე. - აი რა წარმოადგენდა მის ყოველდღიურობას.
აღიზიანებდა საკუთარი რუტინული მოქმედებები, მაგრამ არც რაიმეს შეცვლას ცდილობდა, ამის არც ძალა ჰქონდა და არც მზად იყო სიახლეებისთვის.
ეს დღეც ისე მთავრდებოდა როგორც წინა და სავარაუდოდ შემდეგიც, მაგრამ უცებ ტელეფონის ეკრანის ნათებას ხედავს და სანამ გაარკვევდა ვინ იყო სხვადასხვა რეაქცია უჩნდებოდა ყოველ ადამიანზე ვისგანაც მოსულ შეტყობინებასაც წარმოიდგენდა. ალბათ 5 წამიც არ დასჭირვებია ამ ყველაფრისთვის და როცა ხედავს წერილის ავტორს სიამოვნების ტალღას რაღაც შიშის მაგვარიც მოჰყვება, რადგან ტექსტის დასაწყისი კარგს არაფერს აუწყებს...
15 წუთიც არაა გასული მას შემდეგ, მაგრამ უკვე იცის რომ ყველაფერი ისევ აირია, აღარაფერია მშვიდად, საერთოდ ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი მომენტალურად ავიწყდება. ხვდება რომ ნელ-ნელა ეშვება მიწაზე და დაცემის ტკივილს თითქოს უკვე გრძნობს...
არ უნდა ამ ყველაფერს საკუთარი ცხოვრების არევის უფლება მისცეს მაგრამ გრძნობს რომ მისი თითქოს დალაგებული ტვინი ისე იხლართება, ისე იწყებს ათას წვრილმანზე ფიქრს და ამავდროულად ითიშება, რომ დიდი ხანი დასჭირდება ისევ ჩვეულებრივი ადამიანისას დაემსგავსოს...არაა მარტივი დაკარგო ის, ვინც შენთვის მნიშვნელოვანია, ვისთან ერთადაც ივიწყებ პრობლემებს, ცხოვრების ხალისს იბრუნებ და ხვდები რომ არც ისეთი ერთფეროვანია შენი აწმყო როგორიც გგონია და მომავალი, რომელისგანაც რას უნდა ელოდე არ იცი, არც ისეთი აბსურდულია.
ძლივს შეკავებული პირველი ცრემლი ისე წყდება თვალს, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებს და უეცრად ხვდება რომ ტელეფონის ეკრანი, სახე, ხელებიც კი საკუთარი ცრემლებით აქვს სველი.
ყველა ნერვის დაბოლოება და კუნთი ერთიანად ეჭიმება როცა ბოლო წერილს ხედავს... დამთავრდა, ყველაფერი მორჩა. ახლა კი ყველაფერი ერთიანად უდუნდება, ვეღარაფერს ხედავს და ეს გრძნობა ისე ედება მთელ ორგანიზმში თითქოს ტრანსშია...