ადამიანი ხარ და ხანდახან ისე ძალიან მოგაბეზრებს შენი ერთფეროვანი ცხოვრება თავს, რომ სხვის სამყაროსაც გაჰკრავ ხელს და შეეხები. ერთ-ორ დაუფიქრებელ სიტყვასაც წამოისვრი სხვის ცხოვრებაზე, რადგან ასეთი ხარ.. ასეთები ვართ. როცა ადამიანების ცხოვრებათა რითმს ააყოლებ ნაბიჯებს, ყველა ის ხელოვნურად შექმნილი და აწყობილი სისტემა, რომელიც ცხოვრებას ეკუთვნის შენთვის დაშვებული და ნორმალური ხდება, ისევე როგორც დანარჩენი უამრავი ადამიანისთვის.
ხანდახან ძალიან ღრმად ვფიქრობ ამაზე და მერე მიჩნდება კითხვა: ვინ დააწესა რომ ისე ცხოვრება როგორადაც უმრავლესობა ცხოვრობს, აუცილებლად ნორმალურია?
ვინ უწოდა ნებისმიერ ასეთ განზომილებას ნორმალური, ან თვითონ ეს სიტყვა საიდან გაჩნდა ადამიანთა ლექსიკონში?
ყველა კუთხეს და ადგილს თავისი ნორმალურობის ურყევი ქვაკუთხედი ახასიათებს და საქართველოც ზუსტად ის ადგილია, სადაც ზოგიერთი ვერც კი აანალიზებს, რომ დღემდე, ზუსტად ამ ქვაკუთხედის მიხედვით ცხოვრობს. ვიღაცისთვის ნებისმიერი სახის განსხვავებულობა მიუღებელია და ვიღაცისთვის კი სულერთია, ვინ რას მოიმოქმედებს. თუ საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობ, მაშინ შენთვის უცხო არ უნდა იყოს სიტუაცია, სადაც ვიღაცას ვიღაცის განსხვავებულობა გაუკვირდა, მერე კი წინააღმდეგობაც გაუწია ამას. საინტერესოა, ნუთუ იმდენად დაძველდა ზოგიერთი ადამიანის აზროვნება, რომ სიახლეს, სხვანაირ სტილს, ან უბრალოდ რაღაც ახალი სახის მეამბოხეობას ვერ უძლებს? ადამიანს ბავშვობისას აზრები გადასარჩევი ხილის მსგავსად ჩაულაგეს ტვინში. ზოგიერთი მწიფე და კარგი ხილი ისე ჩაუგდეს თავში, როგორც აზრი და უთხრეს რომ ეს მისაღები და კარგია. ზოგიერთ ხილს შესაძლოა ცუდი ფერი დაჰკრავდა, ან კიდევ შავი ლაქებიც ჰქონდა ზედ, მაგრამ მაინც ჩაუძახეს ბავშვის ტვინში და დააჯერეს რომ ისიც კარგია.
ზოგჯერ სულაც არ იყო საჭირო აღსაზრდელისთვის ტვინი ეტკეპნათ და ესწავლებინათ, რა არის კარგი, ან ცუდი. ის უბრალოდ დაჯდებოდა უფროსებთან ერთად, რომელიმე ოჯახურ შეკრებაზე და მოისმენდა გაგონილს, ჭორს თუ მართალს სხვათა ცხოვრებაზე და ისე ისწავლიდა ამ თითოეულის განსჯასა და განხილვას, როგორც ამას სუფრაზე არხეინად შემომსხდარი ხალხი.
ხალხი, რომელიც საკუთარმა დაღალა. ხალხი, რომელიც ზუსტად იმავეს აკეთებს და აგრძელებს, რასაც მათი წინაპრები აკეთებდნენ ოდესღაც.
მესტიაში ერთ-ერთ რესტორანში უცხოელი გოგო ჩამოსულიყო და საზაფხულოდ დარჩენილი, უფრო დიდხანს მოუწია სტუმრობამ. რომ ჰკითხავდნენ, რა გქვიაო, ქეითიო გიპასუხებდა და დაგიყოლებდა ერთ-ორ ქართულ სიტყვას, გატეხილი ამერიკული აქცენტით.
ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა მიმტანად, ძალიან მოსწონებოდა საქართველო და სვანეთის მხარე, ამიტომაც გაუგრძელდა დარჩენა. მთელი ცხოვრება მოგზაურობაში გაეტარებინა და როცა საქართველოს მოადგა, მიხვდა რომ აქედან წასვლა მარტივი არ იქნებოდა.
მოსწონდა კულტურა, ტრადიციები, ბუნება, ქართული სული და ყველა ის დამახასიათებელი რამ, რასაც ჰქვია "ქართული." მოვიტყუებ, თუ ვიტყვი რომ ისიც იგივე სიმპათიას იღებდა უმრავლესობისგან. ბევრი დადებითად ექცეოდა, ბევრი კი ეჭვისთვალით, ნეგატიური მზერით გახედავდა ხოლმე.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვერ გაეგო აქაური ხალხის გაოცება მისი გამოჩენის გამო, იფიქრა რომ მისში იყო პრობლემა, თუმცა მალევე აუხსნეს, რომ მისი პირსინგი, ბიჭივით შეჭრილი ვარდისფერი თმა და სხეულზე გამოსაჩენად დახატული ტატუები უმრავლესობას წინააღმდეგობის და ნეგატივის ერთ დიდ შეგრძნებებს უჩენდა.
მთა იყო და მოგეხსენებათ, მსგავსი უცხო გარეგნობის ადამიანი მარტივად შესამჩნევი იყო ერთფეროვნებაზე შეჩვეული თვალისთვის. ადამიანი სულ სიმშვიდის ფერებში რომ აცხოვრო, ოდესმე აუცილებლად მობეზრდება და იქითკენ გაიხედავს, სადაც რაღაც ახალი ფერი ეგულება, რაც გააკვირვებს, შემდგომში კი ან მოაწონებს თავს, ან კი პირიქით, შეაშინებს.
აქედან წასვლის დრო რომ დაუდგა, ვერ შეელია მის მცირე სამსახურეობრივ ცხვორებას, სვანეთს, აქაურ ხალხს და გადაწყვიტა რამოდენიმე თვე კიდევ გაჩერებულიყო.
ვინ იცის, იქნებ სულაც იმ ბიჭისთვის გაჩერდა აქ, მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ ადევნებდა თვალს და ქეითიც ფიქრობდა, რომ აქ თუ დარჩებოდა რაღაც აუცილებლად ელოდა.
-ერთი გავარდნილი ვინმე იქნება, ჩვენებური არ არის და მაგათთან მოგეხსენება პირქვე დგომა და ყირაზე გადასვლა სულაც არაა გასაკვირი!- იტყოდა ერთი დიასახლისი და მეორეს დაელოდებოდა პასუხზე.
-გადარია ამ ქალაქის ბიჭები, ისედაც თვალი ავსებული აქვთ და ახლა სულ დააბრმავა ყველა! ჩამოვიდა და ჩამოიტანა მისი უცხოური წესები, თმაც როგორ შეუღებავს? ქალს გრძელი თმა უნდა ამშვენებდეს და რომ შეხედავ უნდა იფიქრო რომ ქალია და არა კაცი!- სარეცხს გაფენდა ერთი და სულაც არ მიაქცევდა თავის ტალახით სავსე ფრჩხილებს, ისე დაილაპარაკებდა ვიღაცის ვარდისფერ თმაზე და მერე ოდნავ გაიკვირვებდა კიდეც.
-კოპალიანებთან რომ ქალია ნახე?-
-ვნახე, ვნახე. ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე რძალია თუ არა.-
-რაღაც მგონია მაქ სხვა ამბავი უნდა იყოს. ფატიმა ასე უცერემონიოდ არ ჩაატარებდა მისი შვილის გაბედნიერებას. არც სუფრის ამბები ისმის და არც გოგოს აკითხავენ მშობლები, ეგ რანაირი გათხოვებაა?- ეჭვით სავსე ხმა ჰქონდა ქალს, თან ირგვლივ ათვალიერებდა, ვინმე არ მისმენდესო.
-მეც მასე ვფიქრობ, ცოტაც ვაცადოთ და ვნახავთ რაც იქნება.-
სინამდვილეში ამ წუთისთვის ნამდვილად არ ყოფილა გადასარევი მდგომარეობა კოპალიანების ოჯახში. დავით ფიცხელაური მათ ეზოში ხმამაღალ საუბარს მოჰყვა და დაწვრილებით ახსნა რა გვარის, რა წარმომავლობის კაცი იყო.
-ორი ქალიშვილი მყავს, ერთს სიყვარული ვერ დავუშალე და ვიღაც ამოსულს მივათხოვე, მეორე კი თქვენმა ვაჟმა მომტაცა. არცერთი წიწილასავით არ გამიზრდია, ასე დაუკითხავად რომ დავარიგო! ახლავე გამოვიდეს თქვენი ვაჟი და პირისპირ დამელაპარაკოს!- დაიჭექა მას შემდეგ, რაც ეგნატემ შეეპასუხა შენი გოგო არავის გაუტაცებიაო.
-სახლში შევიდეთ და იქ ვისაუბროთ, ბატონო. განა ეს აქ ხმამაღლა სასაუბრო ამბავია?- მოთმინებით შესთავაზა ეგნატემ. ისედაც გული გახეთქვაზე ჰქონდა კაცს, როგორც კი გააცნობიერა, რომ ვაჟი სახლიდან წავიდა, მიხვდა, უკან დიდხანს არ დაბრუნდებოდა. იცოდა მისი ბიჭის ხასიათი, წყენას დიდხანს ვერ ივიწყებდა და რომც უკან დაბრუნებულიყო, ყოველთვის ემახსოვრებოდა ნათქვამი. არ იცოდა რა ეპასუხა კაცისთვის, სახლში არც ბიჭი ეგულებოდა და არც ის გოგო, ვის გამოც ამხელა ამბავი დატრიალდა.
-მანამდე არ წავალ აქედან, სანამ თქვენს შვილს არ ვნახავ. ჩემს გოგოს კიდევ საჭირო დრო რომ მოვა, მაშინ გავუსწორებ თვალს, მსგავსი საქციელის გამო.- ეგნატეს ფეხად შეჰყვა სახლში, იმდენად გაბრაზებული იყო მამა, რომ თვალთახედვა დაებინდა, ვერც სახლს ამჩნევდა და ვერც ასავლელ კიბეს, ავტომატურად მოძრაობდა.
-რაო ჩემმა გოგომ, სიყვარულით გამოვყევიო?- დივანზე დაჯდა და ანერვიულებულმა ამოილაპარაკა. ხმას არ იღებდა ფატიმა, დამუნჯდა როგორც კი შეიტყო, რომ ოსე დაუჭრეს. სამზარეულოში ერთ ადგილს მიწებებულიყო და ფანჯარაში ელოდებოდა შვილის გამოჩენას.
-არა, გული მიგრძნობდა ამ გოგოს აქ გაჩერება კარგს არაფერს მოიტანდა. ახლა რა უნდა ვქნათ, ხომ არ ჰგონიათ, ამდენი უბედურების შემდეგ სახლში დავისვამ რძლად? ვის უნდა გაუწიოს ცოლობა, მკვლელი სიძის მონათესავეს? თუ ბიჭს, რომელიც დღეებით იკარგება ხან სად და ხან სად. გამორიცხული ამბავია, მამამისს მართლა ჰგონია ჩვენთან რამე აკავშირებს მაგ გოგოს, იმიტომ რომ არაფერიც არ იცის, თორემ აქ ერთი წამითაც არ გააჩერებდა და არ მოითმენდა მის არ ყოფნას.-
-რა დროს რძალზე ფიქრია დედა! ყველაფერი თავზე გვენგრევა, ოსე არასდროს დაუშვებს მსგავს რამეს, უკვე წლებია მარტოა. არავის გაიკარებს ვინც მარგოს ოდნავ მაინც ეხება.- ნერვიულობისგან თითებს იკვნეტდა ირაიდა და თან მისაღებში მსხდომი კაცების საუბარს უგდებდა ყურს.
-ვფიქრობ ამაზე თქვენს ქალიშვილს უნდა გაესაუბროთ, ჩემი ვაჟი არ ვიცი როდის დაბრუნდება, შეიძლება არც დაბრუნდეს..- ამის გაგონებაზე ფატიმას კიდევ ერთხელ ჩაწყდა გულში რაღაც.
-რას ნიშნავს, არ დაბრუნდება? მე აქ მასთან სასაუბროდ ვარ!-
-მერწმუნეთ, რომ გაიცნობთ თვითონაც დარწმუნდებით, ვერასდროს მიუხვდებით რას გააკეთებს.- კაცმა ერთხელ მობეზრებით, დაღლილი ხმით ამოილაპარაკა.
-ეს კაციც რომ გამიგიჟდა?! გალანძღა მისი შვილი და დებილადაც შერაცხა იმ კაცის თვალში, ისედაც გადარეულია, იარაღი ან რამე არ დააძროს აქ.- ფატიმა ისევ ფანჯარას მიადგა.
-დედა რა უნდა ვქნათ? ოსე არ დაბრუნდება, ხომ იცი მისი ხასიათი?! სიმართლის თქმა მოგვიწევს ამ კაცისთვის, მერე ღმერთმა იცის რა მოხდება!-
-ჩვენ არა, მის გოგოს მოუწევს ყველაფრის ახსნა.-
-ის გოგოც რომ გადაიკარგა მაგაშია საქმე! რა ვუთხრათ, ჩვენ ბიჭი გაგვექცა, შენი შვილი კი აორთქლდა და არ ვიცით სად წავიდაო? პოლიციას დაგვაყენებს თავზე, ჩალით ხომ არაა ქვეყანა..-
-ენა გააჩერე ერთი წუთით! ისედაც ნერვები აღარ მყოფნის.- ოდნავ ხმამაღლა წამოიყვირა ქალმა. იგრძნო თავბრუსხვევა და მხედველობის გაუარესება, აშკარად წნევა დაუვარდა. ნელა ჩამოჯდა სკამზე და იმედგადაწურული თვალები ეზოს მოავლო.
-დაჭრეს, სად უნდა წასულიყო..- თავი ვერ შეიკავა და მაინც ატირდა.
-არც კი გაგვეკარება დე. მამა პასუხს მოთხოვს ვასილს, მისი შვილიშვილის.. უხ, ბავშვობიდან ეტყობოდა რა გაიძვერაც იყო ეგ მათე!- ჩაილაპარაკა თავისთვის. ქალს ხმა არ ამოუღია, არც კი მოუხედავს, თითქოს იქ არ იყო.
-პოლიციას რომ შევატყობინო?- ჩაფიქრებულმა უეცრად წამოიძახა და დედაც გამოაფხიზლა.
-შენ სულ გააფრინე? ყველას დაგვიჭერენ, ჯერ იმ გოგოს გატაცებას დაგვაბრალებენ, მერე კაკის ამბავს რომ ვმალავთ მაგასაც გაარკვევენ, ცოტა დაფიქრდი და ისე ისაუბრე ხოლმე!- თვითონაც უკვირდა, სიტყვებს ერთმანეთზე როგორ აბამდა. ეკლებზე იჯდა, ვერც სახლში უძლებდა, ვერც გარეთ. სანამ შვილს უვნებელს არ დაინახავდა, არაფერი ეშველებოდა. თუმცა ერთი რამ იყო, იცოდა მისი შვილი რომ არ დაბრუნდებოდა.
-სად წავიდა?-
-არ ვიცით.-
-როგორ არ იცით თქვენი ბიჭი სად წავიდა? თინათე სად არის, ეგეც არ იცით?!- მოთმინება საბოლოოდ დაკარგა დავით ფიცხელაურმა და ფეხზე წამოდგა. ძალიან ნერვიულობდა და აღარც იცოდა, რა ეფიქრა, რა ეღონა.
-ირაიდა!- დაიყვირა ეგნატემ.
-დათას ან გეგის უთხარი, გოგო მოძებნოს!- კაცი სტიქიურად მოქმედებდა.
-კარგი მამა.- ფოიეში აქოშინებული გავარდა, ვინმესთვის უნდა დაეძახა. სიმართლე რომ ითქვას, მის ძმაზე მეტად არავინ აღელვებდა ამ მომენტში. ის იყო სახლიდან გავარდა, რომ სრულიად მოულოდნელად შეასკდა ფერდაკარგულ ძმას.
-ოსე, დაბრუნდი?!- ჯერ სიხარული გაერია, მერე კი მაშინვე მოშორდა სახიდან, როცა დაინახა რამდენად ძალაგამოცლილი იყო მისი ძმა. ფეხზე ძლივს იდგა.
-კარგად ხარ?- კითხა და მაშინვე შეაშველა ხელი.
-კარგად ვარ, გამატარე.- გვერდი აუარა დას და კიბეებისკენ გაემართა. დაჭრილი იყო, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, მაგრამ წამით არ შეუხრია წარბი. ისე მიაბიჯებდა იფიქრებდი რომ ერთ დიდ ჯარს შეერკინებოდა, ასეთი ფერდაკარგული და გადაღლილი გამომეტყველებით.
-მამაშენი აქ არის.- ცივად მიუგდო ირაიდამ ხელებში შერჩენილ თინათეს, რომელსაც სახეზე აღშფოთება ასახვოდა.
-ვიცი, ამიტომ დავბრუნდით.-
-გინდა რომ აქ ჩხუბი გამართონ არა? ვერ ხედავ ჩემი ძმა რა დღეშია, რატომ გაეკიდე?-
-რას ნიშნავს, რატომ გავეკიდე? დაჭრილია და ნებისმიერ დროს შეიძლება გონება დაკარგოს. ამასთან ერთად, მე არ ვარ ის, ვისაც ყველაფრის ახსნა მოუწევს ჩემი მშობლებისთვის, რადგან ეს თქვენ ხართ, ვინც კაკი გაიტაცა!- დაიყვირა მოთმინება დაკარგულმა და ირაიდას ჩამოშორდა, კიბეებისკენ დაიწყო სვლა.
-იქ არ შეხვიდე, მამაშენმა გადაწყვიტა რომ მხოლოდ ოსეს დაელაპარაკება. იცი რა ჰგონია? რომ ჩვენი რძალი გახდი.- იმდენად გაღიზიანებული იყო ირაიდაც, რომ ვერც კი ფიქრობდა, რა სიტყვებს ესროდა ისედაც გადაღლილ თინათეს. რა ექნა, მისი ძმის მდგომარეობის დანახვიდან გამომდინარე ტვინი სულ აერია, მისი დაცვა უნდოდა.
-ეგ სიმართლეც არ არის და მაგ მარტივ ჭორთან ერთად, მამაჩემი და ჩვენი ოჯახი სიმართლეს მოვისმენთ. ვიცი კაკი რატომაც გაიტაცეთ, თუმცა მაინტერესებს, თქვენ რა კავშირი გაქვთ მის ბინძურ საქმეებთან.- ირაიდას უხეშად მოხვდა ეს სიტყვები, მალევე გააცნობიერა რომ ამ გოგომ უფრო მეტი იცოდა და ეს ოსეს დამსახურება იყო.
-თუ იცი, რომ შენი სიძე მკვლელია, რაღატომ ეძიები ამ ყველაფერს უფრო მეტად? წადი და შენს დას მიხედე, ვერ ხვდები რომ საფრთხეშია?!- მკლავში ხელი ჩაავლო ფიცხელაურს, ზუსტად მაშინ, მისაღებში რომ აპირებდა შესვლას და მამისთვის თვალის გასწორებას.
-შენ რა რეაქცია გექნებოდა, თუ გაიგებდი რომ შენი სიძე მკვლელია? საკუთარი დის ქმარი და პატარა, დაუცველი არსების მამა? არ მოგინდებოდა გაგეგო რა სახის სირთულესთან და ხიფათთან გექნებოდა შეხება?!- მოტრიალებულს ცხელ გულზე მიაყარა ირაიდას.
-შენ წარმოიდგინე და მე უკვე გავიარე ეს ყველაფერი.-
-რას გულისხმობ?-
-მეც მაქვს ცხოვრებაში გაგებული მსგავსი რამ. ასმაგად მტკივნეულად, ვიდრე შენ.- თინათე თითქოს რაღაცაში დაეჭვდაო, მერე ფიქრის თავი აღარ დარჩა და კარები შეაღო.
მამას შეხედა თვალებში, რომელიც ფეხზე წამომდგარიყო და მრისხანე თვალებით უყურებდა მის წინ მდგარ ოსეს. ლაპარაკი უკვე წამოეწყოთ. სამზარეულოს კარებთან ატირებული ფატიმა იდგა და ერთი სული ჰქონდა შვილისთვის ის ჭრილობა მოეშუშებინა. როგორც კი გამოჩნდა მისი ბიჭი და დაინახა, მივარდა და თვალიერება დაუწყო, მაგრამ შვილმა არ გაიკარა. ჩუმად ანიშნა, არ შეიმჩნიო ჩემი ასეთი მდგომარეობაო და თხოვა მარტო დაეტოვებინათ დავითთან.
-შენთან მერე ვისაუბრებ, თინათე. ახლა აქედან წადი.- ცივი ხმით გასძახა თავის შვილს.
-უნდა გითხრა..-
-თინათე დაგვტოვე!- მეორედ გაიმეორა კაცმა და იმედგაცრუებით სავსე თვალები შეანათა გოგოს. იმ მომენტში უნდოდა ხმამაღლა ეტირა, რადგან ყველაზე საშინელი სანახაობაა, დაინახო ადამიანის თვალებში იმედგაცრუების ნატამალი. გრძნობა რომელიც შენ გამოიწვიე, იმ ადამიანში, რომელიც ყველაზე ძვირფასია შენთვის.
ალბათ ეს ძალიან ძლიერ ადამიანსაც დასცემდა ძირს, ისეთსაც კი, როგორიც თინათეა. ხმა ვერ ამოიღო და მისაღები დატოვა. ფოიეში კედელს აეკრო და ეცადა ცრემლები შეეკავებინა. ირაიდამ ერთხელ შეათვალიერა გოგო და დედის სანახავად გაიქცა.
-ანუ იმ წამიდან არ შევმცდარვარ, შატილში ამოსული რომ დაგინახე.. ეჭვი შემეპარა, რომ შენი ქვეყნის დატოვებას აპირებდი. რატომ არ გამისწორე თვალი და ვაჟკაცურად რატომ ვერ აღიარე შენი ფარული წადილი?- მაქსიმალურად ცდილობდა მისი სიბრაზე ეკონტოლებინა.
-თქვენი ქალიშვილი კოპალიანი არ არის.- თითქოს გადაჭრა იყო, დავითის სიტყვებისთვის. კაცი ამას არ ელოდა, სახეზეც შეეტყო.
-ეგ რას ნიშნავს, ჩემი ქალიშვილი სათამაშო გეგონა ?! გეგონა არ მოვძებნიდით?!- დაიყვირა ხმამაღლა. ეგნატე ხმას არ იღებდა, იმიტომ კი არა, რომ არ შეეძლო, უბრალოდ საუბრის არანაირი სურვილი არ ჰქონდა. ბრაზით იყო სავსე და როცა საქმე შვილს ეხებოდა, ცდილობდა უფრო სიტყვაძუნწი ყოფილიყო, იმისთვის რომ კონტროლი მოეპოვებინა საკუთარ თავზე და რამე გამოუსწორებელი არ ჩაედინა.
-დამშვიდდით, ბატონო დავით. მე თქვენ პატივს გცემთ. ამიტომ მომიწევს აგიხსნათ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, ის რაც ბევრმა არ უნდა იცოდეს, ამას თქვენი უსაფრთხოების გამო გეუბნებით.- იმდენად გადაღლილი იყო, ამ სახლში მეტჯერ ამოსუნთქვაც კი არ უნდოდა. თუმცა თავი დამნაშავედ იგრძნო, მის გამო წამოწყებული საქმე რომ შუა გზაზე მიატოვა და ამიტომაც გამოჰყვა უკან თინათეს. ყველაფერს ახსნიდა და მერე იქნებ ეს უაზრო კოშმარიც დასრულებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არავის არ მოუბრუნებია გზიდან.
-და რას ამიხსნი? როგორ არ იფიქრეთ ან ერთმა ან მეორემ, ჩემს ქალიშვილს ერთხელ მაინც როგორ აზრად არ მოსვლია მშობლისთვის დარეკვა! ჩუმად ვისხედით, არ გაგვიცხადებია იმ მიზნით რომ სირცხვილი არ გვეჭამა, მძახალს ხომ არ დავაჭერინებდი პოლიციას?-
-მე არ მივეცი დარეკვის უფლება, ახლა კი აივანზე გავიდეთ, ყველაფერს აგიხსნით.- შეშინდა თინათე, ვაი რომ სულ სხვა რამ აეხსნა ოსეს დავითისთვის. მაშინ ხომ დაიღუპებოდა.
სულ რამდენიმე წამში ორივე აივანზე გაუჩინარდა.
ან გაირკვეოდა ყველაფერი, ან კი ვინ იცის, იქნებ უფრო მეტად ჩახლართულიყო.
-ახლა რა გვეშველება ეგნატე, ამ კაცმა ყველაფრის გაცხადება რომ მოინდომოს, რა უნდა გვეშველოს? რატომ არ გააჩერე შენი შვილი?- ჩურჩულებდა ფატიმა.
-დროა მათაც იცოდნენ, ოჯახში ვის მალავდნენ. საბოლოოდ დასრულდება ეს ამბავი, გოგოც მის გზას გაუდგება. არამგონია ამ კაცმა ვინმეს რამე უთხრას, არც მას წაადგება კარგად.
ოსეს რაც შეეხება, არ შევაჩერე. მისი ნამოქმედარი თვითონ აუხსნას, იმდენს მოახერხებს, რომ დუმილში დაითანხმოს მაგათი ოჯახი.- ძალაგამოცლილმა აუხსნა ცოლს.
-მე მივდვიარ, საქმეები მაქვს. დავასრულე ჩემი გამოსვლა.- ჩაილაპარაკა და გასცილდა მისაღებს.
ყველა გულის ფანცქალით ელოდა აივანზე მყოფ ადამიანებს. ხმამაღალ სიტყვასაც ელოდნენ, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაიგეს. ფატიმას ეშინოდა, ვაი რომ ეს კაცი არ გაჩერებულიყო და მისი შვილისთვის ეჩივლა, უკვე იმის შიში გაუქრა, რომ თინათეს რძლად დატოვება მოუხდებოდა, ეგ კი გამორიცხული ამბავი იყო.