მთის მწვერვალიდან დაგორებულ პატარა თოვლის გუნდას ჰგავს ჩემი ფიქრები. რაც უფრო სწრაფად მიგორავს, მით მეტ მანძილს გადის და უფრო და უფრო მეტად ზვირთდება, ზვავად იქცევა, შემდეგ უბრალოდ ეს თოვლის უზარმაზარი მასა გზად ყველაფერს გადათელავს. ეს ასე ხდება. ფიქრების კორიანტელი მეც გადამივლის, გადამთელავს, გამანადგურებს.
არეული ვარ. გაუგებრობაა ახლა ჩემი ყველაზე დიდი სიმძიმე, კისერზე მყრალი მძორივით რომ მკიდია. მინდა ყველაფერი გავიგო, მინდა ეს არეულობა მომშორდეს, ამ წამს საშინლად რომ მტკენს, მინდა თეჰიონმა მითხრას რამე ისეთი, რითიც ისევ შევძლებ მასთან უწინდელივით ურთიერთობის გაგრძელებას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რამდენად შემიძლია მის პირისპირ დადგომა, მისი მოსმენა. ალბათ, იმიტომ, რომ აღარ ვიცი, მისი ნათქვამი რამდენად იქნება სიმართლე. იქნებ ისევ მომატყუოს, ისევ ისე, როგორც აქამდე აკეთებდა ამას.
იმდეგაცრუებული ვარ. ნაწყენიც, გულნატკენიც, მაგრამ უფრო მეტად იმედგაცრუებული, რადგან სწორედ იმ ადამიანისგან მივიღე ზურგში დარტყმა, რომელსაც ვენდე, რომლის წყალობითაც ვისწავლე, როგორ გავმხდარიყავი ბედნიერი ადამიანი. თუმცა ისევ მის გამო ჩამომექცა ლამაზი, ციმციმა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თავზე და მე ისევ აღარ მჯერა ბედნიერების. ქარის მოტანილი ქარის ქროლვამვე წამტაცა მკლავებიდან.
მამის საფლავზე ვიყავი. მისი სიახლოვე ვიგრძენი იქ, იმ ზამთრისგან გაყინულ, უსულო ადგილზე და ვფიცავ, ასე არასდროს მომდომებია მამის ნახვა, მისი სითბო, როგორც იმ წუთებში, მისი საფლავის ცივ ქვაზე რომ გამშტერებოდა ემოციებისგან დაცლილს მზერა. მამა ლამაზი კაცი იყო, მუქი თმითა და კიდევ უფრო მუქი გიშერივით თვალებით, გამოკვეთილი ყბის ხაზით. გამუდმებით შრომაში გამოწრთობილი სხეულით, დაკოჟრილი თითებითა და გაუხეშებული, ალაგ-ალაგ დამსკდარი კანით.
სანამ კორეიდან გამოვფრინდებოდი, ერთი ღამის გატარება იმ სახლში მომიწია, რომელშიც ვიზრდებოდი. უცნაური გრძნობა იყო მამის საფლავიდან დაბრუნებულს რომ გამიჩნდა იმ სახლთან მიახლოვებისას. უცვლელი უბანი, უცვლელი ძველი სახლები, აქა-იქ გადანგრეული ქვის ღობეები და გამჭვარტლული საკვამურებიდან ამომვარდნილი კვამლი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს წლები იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს აქ ვიყავი. მამის დაკრძალვაზე, ალბათ, არ ეცალა ჩემს გონებას ამ ყველაფერზე ფიქრისთვის. იმ სახლში შესული უბრალოდ ვცდილობდი ნებისმიერ რამეზე მეფიქრა, ოღონდ თეჰიონი და ბოლო საათებში მომხდარი ამომვარდნოდა გონებიდან. დაჟანგულ რკინის ჭიშკარს აქა-იქ შერჩენოდა ცისფერი, გამხმარი საღებავის ნარჩენები და ის გამაღიზიანებელი ხმა, რომელსაც კარის გახსნა იწვევდა, ამ წამსაც მახსოვს. ჩვენს სახლში ყველაზე ნათელი წერტილი ბაღის ის ნაწილი იყო, რომელსაც ხშირი გვირილები და სხვა უამრავი ფერის ყვავილი ამშვენებდა, დედა უვლიდა მათ ყოველთვის. ზამთარს ეს ბაღიც ისეთივე უსიცოცხლოდ ექცია, როგორც იმ მომენტში ჩანდა ჩემთვის ყოველი წუთი.

YOU ARE READING
And... we can't stop! - K.TH. ☆ J.JK.
Fanfiction_მინდა ის სურვილი ახლა შემისრულო. _ჯონგუკი, რა გინდა, რომ გავაკეთო? მის მზერას მზერით ვიჭერ, მელოდება, რას ვიტყვი და ეს ისევ ის შემთხვევაა, გაგიჟებამდე რომ მივყავარ ჩემს აზრებს. კიდევ ერთხელ წარმომიდგება თვალწინ ის ძელი, ცოტა ხნის წინ გოგონა რომ ტრი...