-არ გამოდის! ჯანდაბა, უბრალოდ არ გამოდის.. ღმერთმა დასწყევლოს, აღარ გამომდის.
თქმა და სამუშაო მაგიდაზე არსებული ნივთების ხმაურიანად იატაკზე გადანაცვლება ერთი იყო. უკვე მერამდენედ, მერამდენედ შეიძლებოდა ასეთი რამ განმეორებულიყო. არადა თითქოს ყველაფერი მარტივია. აკეთო შენი საყვარელი საქმე და ამისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. დატკბე, გაექცე რეალობას, ან თუნდაც პირიქით, მწარე რეალობას გაუსწორო თვალი.
იუნგი მუსიკის წერისთვის იყო დაბადებული, ის ამით სუნთქავდა, ამით საზრდოობდა. მაშინ, როცა სამყაროსგან მოწყვეტა სურდა, სწორედ მუსიკა იყო მისი შვება. დაიფიცებოდა, რომ ეს საქმე ერთადერთი იყო, რომელიც მართლა, ბავშვობიდან უყვარდა.
მისი მშობლები დიდად არასდროს ყოფილან მოხიბლულნი მინის ამ გატაცებით, მაგრამ მას ეს არ ადარდებდა. უბრალოდ წერდა და წერდა. არც მაშინ ადარდებდა, როცა სახლიდან წამოვიდა და არც მაშინ, როცა საკუთარი მშობლები არც კი გაჰკიდებიან.
ვერ ვიტყვით, რომ არ სტკენია, ქვის ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა და თავადაც კარგად იცოდა.
ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თანატოლებისგან, ის ყველასგან გამოირჩეოდა. არ უყვარდა ხალხმრავლობა, ადამიანები, ხმაური. მხოლოდ სიმშვიდეში ყოფნა სურდა. უნდოდა ისეთი რამ შეექმნა, რაც ისე იმოქმედებდა ადამიანებზე, როგორც მასზე მოქმედებდა სიმშვიდე. უნდოდა მუსიკა შეექმნა.მშობლების სახლის დატოვების შემდეგ, ერთი პატარა ბინა მოძებნა, რომლისთვისაც ფული მცირე დანაზოგიდან ჰქონდა შეგროვებული. პატარა სტუდიაც იქვე მოაწყო და საკუთარი სამოთხე შეიქმნა, სადაც აკეთებდა მხოლოდ იმას, რაც თავად სურდა.
ის წერდა.
პირველი ალბომის გამოშვებისას ძალიან ნერვიულობდა, ახლაც ახსოვს ის ემოციები, განცდები, პირველი მყიდველი...
პირველი წლების მანძილზე ვერ ვიტყვით, რომ მსმენელის აურაცხელი არმია დაუდგა, მაგრამ ეს არ წარმოადგენდა მისთვის გადმწყვეტ ფაქტორს.