"არავის ძალუძს წარსულის უკან დაბრუნება, უკან მოხედვა უსარგებლოა, აუცილებლად წინსვლაა საჭირო."*
უმეტესად, როცა მოცეკვავე ყოველდღიური რუტინის ნაწილად ქცეულ ტრადიციას არ არღვევდა, რაც მუსიკოსის სახლის წინ ატუზვას გულისხმობდა, მის პირდაპირ არსებული კარები მუდამ ღია ხვდებოდა. არ იცოდა, თეთრთმიანი გამიზნულად ტოვებდა მათ ასე, თუ უბრალოდ შემთხვევითობასთან ჰქონდა საქმე, როგორც აქამდე, მაგრამ ფაქტი იყო, ჰოსოკს უკვე აღარ სჭირდებოდა შიგნით შესასვლელად გარკვეული ნებართვა, რომელსაც აქამდე მელოდიური კაკუნი წარმოადგენდა. თითქოს, ბიჭმა იცოდა მისი ვიზიტის შესახებ და ამისათვის წინასწარ ემზადებოდა, რათა შემდგომ თავი ზედმეტად არ შეეწუხებინა. ეს ფაქტი კი წითელთმიანს გაურკვეველ სიამოვნებას ანიჭებდა, რაღაც თბილს აგრძნობინებდა გულ-მკერდის მიდამოში. მისგან არასდროს უგრძვნია ის, რაც მიახვედრებდა, რომ შეჩერების დრო იყო, ამიტომაც ყოველ ჯერზე წინ მიიწევდა, ძალიან ნელი, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ნაბიჯებით. ახლაც შავი, აქა-იქ მოვერცხლისფრო სახელურის ჩამოსაწევად გაემზადა და, რა თქმა უნდა, ზედმეტი წვალების გარეშე შეაღო, მაგრამ მოულოდნელობისგან ადგილზე შემხტარი დარჩა.
- უკაცრავად?- ხელებში შუა ხანს კარგად გადაცილებული მამაკაცი შერჩა, რომელიც აშკარად შეშინებული ჩანდა. ეტყობოდა, კარის შეღების ხმამ დააფრთხო და შესამოწმებლად იყო გამოსული. ვერ ხვდებოდა, ვინ იდგა მის წინ, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ახლა მის მსგავსად გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებოდა. სანამ ხმის ამოღება დააპირა მისასალმებლად, იქამდე კაცმა დაიწყო მისთვის უცხო ენაზე საუბარი. ვერ იგებდა, მაგრამ ენა იაპონური იყო. - გამარჯობა?... ბოდიშს გიხდით, ვფიქრობ, შემოგეჭერით... იცით, სამწუხაროდ იაპონურში არც ისე კარგი ვარ... - ცდილობდა, ჟესტიკულაციით ან სიტყვების დამარცვლით მიეხვედრებინა, თუ რაზე საუბრობდა, მაგრამ მისკენ მომართული თვალები მხოლოდ მის ქმედებებს მიჰყვებოდნენ და კვლავ გაკვირვებით მისჩერებოდნენ. - აჰ, კარგით... - ამოიხვნეშა, შემდეგ ჩაფიქრდა. - აი,
ეს, თეთრი, თეთრთმიან ბიჭთან ვარ მოსული, ხომ იცნობთ, არა? - ხელებით თავისი ქათქათა მაისურისკენ ანიშნა, შემდეგ კი თმასთან მიიტანა. -...მუსიკოსი, - პიანისტის იმიტაცია გააკეთა. ისევ ამოიხვნეშა, უშედეგო მცდელობა იყო. ვერც ვინმესთვის დასაძახებლად აუწევდა ხმას, არ უნდოდა ოთახში მასთან ერთად მყოფი უფრო მეტად დაეშინებინა და ეს არც ისე ზრდილობიანი ფორმა გამოვიდოდა. ვერც იმაში იქნებოდა დარწმუნებული, საერთოდ მარტო იყვნენ, თუ არა. - ღმერთო...ეს ენა უნდა მესწავლა.