ყოველთვის, მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე, იუნგისთვის მხოლოდ ერთი მთავარი წესი არსებობდა: არავის და არაფერს მისცე უფლება, რომ შეცდომაში შეგიყვანოს.
ის ამ სიტყვებით ცხოვრობდა. არანაირ გადაწყვეტილებას, არანაირ ემოციას არ იღებდა მანამ, სანამ ბოლომდე არ იქნებოდა მის სისწორეში დარწმუნებული. რა მოხდებოდა ნაადრევად, რომ გადაედგა ნაბიჯი? ის შეცდებოდა.
ამას კი, გარკვეულწილად იმედგაცრუებაც მოჰყვება. სწორედ ის, რასაც ამ წუთას გრძნობდა თეთრთმიანი.
საშუალო, ოდნავ დაბალი სიმაღლის ბიჭი, მაგიდაზე იყო მიჯაჭვული და მის წინ მყოფ ფურცელს დაჰყურებდა, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე სიტყვას მოეყარა თავი. ეცინებოდა, საკუთარ თავს დასცინოდა.
უკვე გათენებულიყო, მას კი ერთი ახალი სიტყვაც არ მოსვლოდა გონებაში ისეთი, რომ რამე ღირებულის სტატუსი მიენიჭებინა. მისი ტვინის უჯრედები ისეთივე სისწრაფით გაითიშა, როგორც აღდგა, რამდენიმე საათის წინ.
არადა როგორ გაუხარდა...
ჯანდაბა, მას მართლა გაუხარდა. ბიჭს, რომელსაც არაფერი გაჰხარებია ამ ქვეყანაზე და თუ ეს მაინც მომხდარა ისევ მუსიკას უკავშირდებოდა, გაუხარდა და იმედი ყველაზე მეტად გაუცრუვდა. ეგონა საბოლოოდ მოეღო ბოლო მის უმოქმედოდ ყოფნას, უძილო ღამეებს, უაზროდ გაწელილ დღეებს, საკუთარი თავის მიმართ წამოსული, უკონტროლო სიბრაზისგან ყველაფრის ნაკუწებად ქცევას, მაგრამ შეცდა. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის ბრალი იყო, რომ თავად უღალატა საკუთარ წესს.
ვერ დამალავდა, თითქოს იყო რაღაც ცვლილება მასში. უმნიშვნელო, მაგრამ მაინც იყო. რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს არ ცვლიდა იმ ფაქტს, რომ ის ვერ წერდა.
კვლავ.
უკვე იმის არც ძალა და არც სურვილი გააჩნდა, რომ რამეზე ეყარა ჯავრი. ზედმეტად იყო დაღლილი ამისთვის.წამოდგა, ნელი ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს და სახეზე წყლის შესხმით თავი სულ ცოტათი მაინც გამოიფხიზლა. ფანჯრები, საიდანაც ოდნავ, მაგრამ მაინც შესამჩნევად აღწევდნენ ახლად ამოსული მზის სხივები, მუქ ნაცრისფერ ფარდებში საგულდაგულოდ გადამალა და მისაღებში გავიდა.