"ორი პიროვნების შეხვედრა ჰგავს ორი ქიმიური ნივთიერების კონტაქტს: თუ არსებობს ოდნავი რეაქციაც კი, იცვლება ორივე ელემენტი."
-როგორ ფიქრობ, რამე გამოვა?- დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ ერთადერთი, რაც გაიგო, ეს მელანქოლიური ხმა იყო.
-არ ვიცი, ჯონგუკ. გაჩერებას აღარ ვაპირებ.- არ იცოდა, ეს დილის ბრალი იყო თუ უბრალოდ იმის, რომ კითხვებზე არ ჰქონდა ისეთი პასუხი, როგორიც უნდოდა, რომ ჰქონოდა, მაგრამ მისმა ხმამ უეცრად ტონი იცვალა და ისე ჩაუწყდა, ბიჭის სახელის წარმოთქმაც ვერ მოასწრო ბოლომდე.
-მე არ გაყენებ ეჭვის ქვეშ, ამას თავად უკეთებ საკუთარ თავს. უბრალოდ მაინტერესებს, შენი აზრით, რა გზით მოახერხა ეს?
-მას არაფერი მოუხერხებია.
-როგორ არა, მოახერხა. მხოლოდ შენს თავზე ვერ აიღებ პასუხისმგებლობას. მართალია, ის, რაც ახლა ხდება ბევრი რამის ფასად გიჯდება, მაგრამ იმ ფაქტს რატომ არ უღრმავდები, რომ ამის გამბედაობა რაღაც მიზეზით გაქვს?
-ვერ ვხვდები, სკოლაში ამას რატომ გასწავლიან.- ზოგჯერ, უბრალოდ ზოგჯერ აოცებდა მის წინ მდგომი ბავშვის აზროვნება. ჩვიდმეტი წლის ჯონგუკი, ალბათ, მართალიც იყო, მაგრამ ახლა ამისთვის თავის არიდება ერჩივნა, ვიდრე უფრო მეტად ჩაძიება, რადგან რაც უფრო მეტად ფიქრობ, მით უფრო აბსურდული გეჩვენება ყველაფერი. ეს კი ჯერ ადრე იყო.
-სამწუხაროა, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება.- ბიჭი მიხვდა, რომ გუშინდელ საუბარს დღეს არ გააგრძელებდნენ. ოთახიდან გასვლამდე თეთრთმიანს მხარზე ხელი მსუბუქად მოუთათუნა.- ყველაფერი, რისი დაჯერებაც შეიძლება, ჭეშმარიტების მსგავსია, ჰიონ.
უმცროსისთვის ახსნა არ გასჭირვებია. მართალია, ჯონგუკი ყველაფრის მიმართ ზედმეტ დაინტერესებას იჩენდა, მაგრამ რამდენადაც ცნობისმოყვარე იყო, იმდენადვე იცნობდა იუნგის. მინი ეცადა მისთვის ის აეხსნა, რასაც თავადაც ვერ ხვდებოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შავთმიანი ზედმეტად გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდებოდა, რასაც ნამდვილად არ დაუშვებდა. თავადაც სჭირდებოდა საუბარი, რჩევები, თავის ფიქრებისგან ამოსუფთავება.