27.11.2021

7 0 0
                                    

ასეთი ღამეებისა ვერ გამიგია.
რაღაცას ვწერ, ვინახავ, ვშლი, ვწერ, ისევ ვშლი და საბოლოოდ, გამოდის, რომ საათი და ოცდაათი წუთია, რაც ცარიელ, შეუბღალავად სპეტაკ ფურცელს ზომბირებული სახით ვაშტერდები.

ძილისა და ღვიძილის ზღვარზე ვარ. კარგი, უძილობა რეალობის აღქმასაც რადიკალურად ცვლის. ტვინი ნასას ინტერნეტის სიჩქარით მუშაობს, ოღონდ კონკრეტულ საგანზე ვერ კონცენტრირდება და ამიტომაა, რომ დალაგებული აზრების მაგივრად ერთი დიდ დომხალს აყენებს, ხოლო აქა-იქ გაპარულ კოჭლ სიბრძნეს ისე იკიდებს, როგორც კაპიტალისტი ბიძიები თავიანთ ქარხნულ ნარჩენებს.

მენტალური ხეტიალისას იმასაც ვასკვნი, რომ ენა, ხელწერა ცოცხალი ორგანიზმია, თანაც ვიღაც ახირებული ტიპი. აი, ისეთი, ერთ ადგილას რომ ვერ თავსდება და აღარ მიკვირს, კლასიკურიდან რაღაც ჩაკპალანიკურზე გადახტომა რატომ მინდება, ან პირიქით.

ერთადერთი, რასაც ვგრძნობ ისაა, რომ შაბათ დილის უპასუხისმგებლო ძილი მენატრება. მაღვიძარა რომ ყურებში არ ჩაგკივის და საწოლიდან წამოდგომასა და ხალიჩაზე ტერფებით დაბჯენას შორის მოქცეულ საბედისწერო წამში მთელი სამყაროს სიძულვილს რომ არაადამიანურად არ განიცდი.
ეგ დღე კვლავ უკიდეგანოდ შორსაა, მაგრამ თუ გულწრფელობაა, გულწრფელობა იყოს, ჰოდა, ვერც მაგის არდაკიდების მიზეზს ვერ ვხედავ.

ისე, კი უცნაურია საბოლოოდ ყველა აბზაცი, ყველა სტრიქონი რომ წუწუნით იბერება, მაგრამ არავინ მოგატყუოთ, რომ თქვენთვის წერს, გინდ — სხვებისთვის. ყველა ჩვენი ეგოისტი თავებისთვის ვწერთ, რომ მერე ვაკუუმში ტივტივის შერძნებამ ნაკლებად შეგვაწუხოს.

ახლა კი საათი წიკწიკით მიიწევს სამისკენ, ვიღაცის ექსცენტრიულ ბოდვას მთელი ინტერესით ვკითხულობ ათი თუ თორმეტი წლის წინანდელ ბლოგზე, მარჯვენა ჰემისფეროს ტკივილიც პიკს აღწევს, რაც შეიძლება იმას ნიშნავს, რომ საფუძვლიანად დანძრეული გვ(მ)აქვს და ვფიქრობ, რატომ მავიწყდება მუდამ, ჩემს კაქტუსებს წყალი დავუსხა, ან რაში სჭირდება კარის მეზობელს ქოთანში ჩარგული მარიხუანა თუ ფხიზელი გონება არც ერთ სულდგმულს ერჩის.

ისევ მეცინება.

ცა იწვის, ხანძარია და ყველაფერი საუცხოოდ ნაცნობია, რა მნიშვნელობა აქვს, მარსზე ვართ თუ ურუქში.

არა, მე ჩემს ბაბი-ლონ-დონ-ში, გეთაყვა.

ავტოპორტრეტი ანუ ქარს გასატანებელი წერილებიWhere stories live. Discover now